როგორ იღებს ნანუკა ჟორჟოლიანი კრიტიკას

როგორ იღებს ნანუკა ჟორჟოლიანი კრიტიკას

ტასო გუნია "ნანუკას შოუს" ჟურნალისტია და შოუს დაწყების დღიდან ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად მუშაობს. პოლიტიკურ თოქშოუებზე მუშაობას კი მიჩვეული იყო, მაგრამ ახლა გაცილებით კარგად გრძნობს თავს, რადგან მცირე გამონაკლისების გარდა, როცა მძიმე თემებზე უწევს მუშაობა, შოუში ძირითადად სულ მხიარულებაა.

ტასოსთან ერთად ნანუკას შოუს სეზონი შევაფასეთ და ბათუმში ჩაწერილ გახმაურებულ გადაცემაზეც ვრცლად ვისაუბრეთ.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ. "იმედში" ვმუშაობდი საკმაო ხანს, ინგა გრიგოლიას გადაცემებზე, შემდეგ "ღია ეთერზე". ყველა ცნობილ ტელეწამყვანთან მაქვს ნამუშევარი. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ უმუშევარი დავრჩი. როდესაც ნანუკამ გადაწყვიტა თავისი გადაცემის დაწყება, დამირეკა და სამუშაო შემომთავაზა, იმ დროს სხვაგან ვმუშაობდი. ნანუკას მანამდე შორიდან ვიცნობდი, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა.

- სანამ პირველი გადაცემა გავიდოდა, როგორი განწყობა გქონდათ? ფიქრობდით, რომ რეიტინგული შოუ გახდებოდა? მით უმეტეს კონკურენტები ჰყავდა...

- როცა რაღაცას იწყებ, მიზანი ისაა, რომ საბოლოო ჯამში შენ მიერ შექმნილი პროდუქტი საუკეთესო იყოს. ამისთვის არც ერთი წამი არ უნდა დაგვეხია უკან არაფერზე. ასეთი განწყობა გვქონდა. პოლიტიკურ თოქშოუზე მუშაობას სხვა ხიბლი აქვს. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ასეთ სახალისო შოუში მოვხვდებოდი. ნანუკას შოუში მოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთ შოუში მუშაობა კარგია, თავადაც კარგად იცი, რა განსხვავებაა პოლიტიკურ შოუსა და გასართობ გადაცემას შორის - ისეთივე, როგორიც, ვთქვათ, ძველსა და ახალ "იმედს" შორის.

- ტასო, შენი ერთ-ერთი პირველი სიუჟეტი მახსოვს, როცა თბილისში ჩამოსულ ჰოლივუდის ვარსკვლავებს კირა ნაიტლისა და რუპერტ ფრენდს შეუცვივდით რესტორანში.

- (იცინის) საკმაოდ რთული გადაღება იყო. ერთ-ერთმა ჩვენმა ნაცნობმა უთხრა ჩვენს რომელიღაც ნაცნობს, იმან ჩვენს მეგობარს და მოკლედ, როგორც იქნა, ჩვენამდე მოაღწია ამბავმა იმის შესახებ, რომ სწორედ იმ რესტორანში ვახშმობდნენ კირა და რუპერტი. კამერასა და კასეტას დავავლეთ ხელი და გავცვივდით. სანამ რესტორანში მივიდოდით, ათას რამეს ვფიქრობდი, მაგალითად, იმას, რომ შეიძლებოდა, ინტერვიუ არ მოეცა. როგორია, კირა ნაიტლი რომ დგას შენ წინ და ინტერვიუს არ გაძლევს (იღიმება)?

რაც ჩვენს გადაცემაში გავიდა, ამაზე მეტი ინტერვიუ არც ერთ ქართულ არხს არ ჰქონია, ის ფრაზაც კი, კომენტარს არ გაძლევთო, ვერავინ გადაიღო ჩვენ გარდა. თუმცა როგორც კი რესტორანში ფეხი შევდგი, იმაზე სულაც აღარ ვფიქრობდი, რომ კირა ნაიტლისგან უნდა ამეღო კომენტარი, ჩემთვის მთავარი იყო, რომ გამიშვეს გადაღებაზე და მითხრეს, უნდა მიმეტანა მასალა, გინდა ფანჯრიდან გადაძვერი და რაც გინდა ის ქენიო, ასე მითხრეს...

ჩვენდა ბედად, რომ შევედით, რესტორანში არავინ იყო და პირდაპირ კირასა და მის შეყვარებულს მივეჭერით. ცდილობდნენ, მოვეტყუებინეთ, სხვაგან მივდივართ და მერე მოგცემთ ინტერვიუსო, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები ვართ და რას მოგვატყუებდნენ, ბოლო მომენტამდე ვდიეთ.

- ყველაზე მეტად რომელი გადაღება დაგამახსოვრდა?

- მძიმე იყო გადაღება "კათარზისში", სადაც გახლდით შვილის მიერ მიტოვებულ ქალთან, მას სჯეროდა, რომ მის შვილს არ მიუტოვებია და უბრალოდ, უჭირდა და პირობები არ უწყობდა ხელს, არადა, მივაგენით მის შვილს, რომელიც საკმაოდ დალხენილად ცხოვრობს.

- ვიცი, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ...

- თუ საქმე არ გვაქვს, ჩვეულებრივი, მაგრამ როცა საქმეა, სიუჟეტს ვამონტაჟებთ ან გადაცემას ვგეგმავთ, დილიდან ღამემდე სამსახურში ვართ. მიყვარს ეს საქმე და ღამეც გამითენებია. დილით რომ მოსულან ჩემი თანამშრომლები, მე და მემონტაჟე დავხვედრივართ გამზადებული სიუჟეტით. ადრე ყოველდღე მიწევდა ღია ეთერში მუშაობა, პოლიტიკურ თოქშოუებს ვგულისხმობ, ამიტომ არანაირი გრაფიკი არ მაკვირვებს.

- ნანუკა როგორი უფროსია?

- ნანუკა კარგი უფროსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ვერ მოატყუებ და ვერ "ისაჩკავებ". უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. როცა რაღაცას გვავალებს, შეთანხმებულად ვმუშაობთ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თან ნანუკა მხიარული ადამიანია და სამსახურში ყოველთვის კარგი აურა ტრიალებს.

- ნანუკას რომ აკრიტიკებენ, თანამშრომლები ამას როგორ ხვდებით?

- ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ. მე მასწავლეს, რომ კარგია, როცა შენი პროდუქცია ნაწილს მოსწონს და ნაწილს არა. ე.ი. რაღაც ღირებული შექმენი. არაჯანმრთელ კრიტიკასა და სისულელეებს ყურადღებას არ ვაქცევთ. უაზრო კრიტიკად მიმაჩნია მაგალითად ის, როცა კითხულობდნენ, ბოლო გადაცემისას ნანუკა რატომ იყო ფეხშიშველი. ეს რა, მოდის ახალი ტენდენციააო? ნანუკამ ამაზე იხალისა და გაკვირვებული იყო, მე ვკარნახობ მოდას საქართველოშიო? მაგრამ არსებობს კრიტიკა, რომელსაც ყური უნდა დაუგდო.

ბათუმის გადაცემის მერე მე და ელენე ძნელაძეც გაგვაკრიტიკეს, ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიგო, რატომ გადავაბით ჩვენი სიუჟეტები ერთმანეთს. ზოგს პრეტენზია ჰქონდა, რატომ ვითამაშე ფეხბურთი ერთ-ერთი სასტუმროს მოედანზე. ვითამაშე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ფეხსაცმელი გამძვრა, ბურთს რომ ვარტყამდი (იცინის).

- მთავარი კრიტიკა მაინც ფინანსებთან დაკავშირებით ისმის, სულ ამბობენ, რომ თქვენს გადაცემაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება.

- რადგან ფიქრობენ, რომ დიდი ფული იხარჯება, ეს ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია. დამიჯერე, ნანუკას შოუზე იხარჯება იგივე თანხა, რაც სხვა ნებისმიერ გადაცემაზე, ზოგს გაცილებით მეტი ბიუჯეტი აქვს. გვაქვს ბევრი რეკლამა, ასევე ბარტერები, ამაზე პროდიუსერები მუშაობენ. ზერელედ თუ არ იმუშავებ, ბევრი რამ თანხის გარეშეც შეიძლება გამოვიდეს.

- ტასო, ბათუმის გადაცემის გადაღებებზე კადრს მიღმა რაიმე ხომ არ დარჩენილა?

- რაც საინტერესო იყო, ყველაფერი ვაჩვენეთ.

- მათ შორის, ისიც, როგორ ამოხვედი აუზიდან საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი. კამერის წინ ხშირად მოდელებიც არ გამოდიან "კუპალნიკებში"...

- (იცინის) პალტოთი ხომ არ ამოვიდოდი აუზიდან? თემა ასე მოითხოვდა, სასტუმროს დათვალიერება და მათი მომსახურების ნახვა მე დამევალა და ხომ არ ვიტყოდი, გაიხედეთ მარჯვნივ ჯაკუზია და მარცხნივ აუზი-მეთქი? უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამომეცადა. სამაგიეროდ, ახლა ზეპირად ვიცი, ბათუმში რომელ სასტუმროს როგორი ნომრები და რა ზომის აუზი აქვს.

- ტასო, ბევრ ცნობილ ადამიანთან ყოფილხარ ინტერვიუზე. რომელმა დაგამახსოვრა ყველაზე მეტად თავი?

- ყველა საინტერესო იყო, მაგრამ დევიდ კომას გამოვყოფ. მასთან ლონდონში ჩავედი. ქართველი დიზაინერია. ელენე გლურჯიძესთან ჩაწერილი ინტერვიუც საინტერესო გამოდგა. სწორედ ამ კუთხით ვარჩევთ, რომ აუცილებლად უნდა გვაინტერესებდეს. ყველაზე შრომატევადი გადაცემებს შორის მაინც ბოლო იყო. ძალიან მიყვარს ნიკო გომელაურის გადაცემა.

- ნანუკასთვის რესპონდენტებზე ინფორმაციას თქვენ აგროვებთ?

- მთელი ჯგუფი ვეუბნებით, ვინ რა ვიცით. ნანუკა თავად აგროვებს ინფორმაციას, კითხულობს ინტერვიუებს...

- ანუ ყვითელ პრესასაც იყენებთ?

- რასაკვირველია.

- ბათუმის გადაცემას თუ დავუბრუნდებით, პრეზიდენტთან ინტერვიუ არ უნდა გამოგვრჩეს. როგორი იყო ამ ინტერვიუს მზადების პროცესი?

- ნანუკა ერთი დღით ადრე ჩავიდა, მე თავად გადაღებას არ დავსწრებივარ, თუმცა გადაცემამდე ისევ მთელი ჯგუფი შევიკრიბეთ და სათითაოდ ვთქვით, ვის რა გვაინტერესებდა პრეზიდენტის შესახებ. საერთოდ ასეა ჩვენთან. ნანუკას დიდი პლუსი ის არის, რომ ყველა ჩვენგანის აზრს ითვალისწინებს. ასევე იყო პრეზიდენტთან ინტერვიუს დროსაც.

- იცოდით, რომ ჩუსტების თემას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა?

- პრეზიდენტი შოუში თავისთავად მოვლენაა, ასეთი შემთხვევა საქართველოში არ ყოფილა. საზღვარგარეთ არის ამისი პრაქტიკა, ბარაკ ობამა ელენ დეჯენერასთან არის ნამყოფი და იცეკვა კიდეც მასთან შოუში. ჩვენი ინტერვიუ სკანდალურობაზე არ ყოფილა გათვლილი.

გვინდოდა, ადამიანური კუთხე წარმოგვეჩინა, გვაინტერესებდა წვრილმანები, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი - რა მობილური აქვს, ჯიბეში რამდენი ფული უდევს და აქვს თუ არა სახლში ჩუსტები.

- ალბათ გადაცემა სექტემბრიდან განახლდება? გექნებათ საკმარისი თემები?

- უნდა ვიმუშაოთ და მოვძებნოთ ახალ-ახალი თემები. ასე რომ გვეფიქრა, თემა და რესპონდენტი ცოტა არისო, პირველ გადაცემასაც ვერ გავაკეთებდით. რადიკალურად შოუში არაფერი შეიცვლება. სექტემბერში ეთერში რომ დავბრუნდებით, ყველაფერს თავად ნახავთ.

- ქუჩაში გცნობენ?

- გახსოვს ალბათ, ბათუმის გადაცემაში სავარჯიშო დარბაზში სარბენი ბილიკიდან გადმოვვარდი (იცინის), მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და გამყიდველი მეკითხება, უი, შვილო, შენ ის არ ხარო... (იცინის), მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ხალხი მცნობს. ჩემზე ბევრად მეტი ცნობილი სახე არსებობს.

- თავად ნანუკამ როგორ შეგიფასათ ბათუმის სიუჟეტები?

- კარგად, კმაყოფილები დავრჩით ამით.

- თქვენი ფუნქცია კი გავიგე, მაგრამ როსტოს ფუნქციას კითხულობს ყველა და ვერავინ გაიგო.

- როსტო დიჯეია და ბათუმშიც მოგვეხმარა. ყველას ასე ვპასუხობ, ვინც ვერ გაიგო. ისე, ლევანი როსტოშვილია გვარად, როსტო ჰქვია, მაგრამ ბევრი როსტომს ეძახის (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები