"იმედის დილის" მომხიბვლელი წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ბათუმში, როგორც თვითონ ამბობს, პენსიონერულად ისვენებს. ნუკი, ქრისტინე იმედაძე და გიორგი გოგიჩაიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა, ეთერში აღარ არიან. ზოგი ამბობს, რომ მათი გადაცემა სექტემბრიდან განახლდება, ზოგიც ამტკიცებს, რომ "იმედის დილის" ეთერს ვეღარ ვიხილავთ... ნუკის საზაფხულო ამბებზე ვესაუბრეთ.
- ჩემს დასა და მეგობრებთან ერთად ბათუმში ვისვენებ. ერთი დღით თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი. მეგობრებთან ერთად დავიწყე საუბარი იმაზე, როგორი ლამაზია დასავლეთ საქართველო. ვამბობდი, თბილისამდე ფეხით სიამოვნებით ჩავიდოდი, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი დრო დამჭირდებოდა-მეთქი. მეგობარი მიმტკიცებდა, მონდომებული ადამიანი ერთ დღეში მოახერხებს თბილისში ფეხით ჩასვლასო, თან ისიც დაამატა, ქობულეთში ორ საათში იქნებიო. ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, ქობულეთში წავსულიყავით. მე ვამბობდი, ორი საათი რომ გავა, უკან დავბრუნდეთ-მეთქი. ორი საათი მაშინ გავიდა, გვირაბს რომ გავცდით.
- რატომ არ დაბრუნდით უკან?
- დავიღალეთ, მაგრამ იმდენად ლამაზი ბუნება იყო, არ გავჩერდით, თან ჩემმა დაქალმა თქვა, აქედან ქობულეთი ახლოსაა და მალე მივალთო. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ქობულეთში შვიდ საათში ვიყავით და როგორც კი ჩავედით, მაშინვე "მარშრუტკა" დავიქირავეთ და ბათუმში დავბრუნდით. ძალიან დაღლილები ვიყავით, სულს ძლივს ვითქვამდით. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მომეწონა ბუნებაში სიარული. თან ჩვენ ისეთი გზებით ვიარეთ, სადაც ცოტა ხალხი დადიოდა. ულამაზესი ადგილები გავიარეთ.
- გაარკვიეთ თქვენ მსგავსად ვინმე მოქცეულა თუ არა?
- არ ვიცი. გიჟი არ ვარ, რომ ასეთი რამ გავაკეთო, მაგრამ როცა რაღაცას გიმტკიცებენ, სურვილი გიჩნდება, შენი სიმართლე დაამტკიცო. ამიტომ გავიტანე ჩემი ბოლომდე. თან ზუსტად ვიცოდი, დედა ინერვიულებდა, ქობულეთში რომ წავიდოდი, ვუთხარი, გოგონებთან ერთად სასეირნოდ მივდივარ-მეთქი.
- შვიდსაათიან ფეხით სიარულს როგორ გადაურჩი?
- ფეხები საშინლად მტკიოდა, მაგრამ მართლა ბევრი საინტერესო რამ ვნახე. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ არსებობდა მორცხვი მიმოზა, რომელსაც თუ ხელს დაადებ, ფოთლები ეკუმშება. ძალიან მომეწონა მორცხვი მიმოზა.
- რამდენი კილომეტრი იარეთ ფეხით?
- როგორც გავარკვიეთ, ბათუმიდან ქობულეთამდე 25 კილომეტრია.
- ვარჯიშის სიყვარული ხომ არ დაგეხმარა ამ კილომეტრების ადვილად დაფარვაში?
- რომ გითხრა, ყოველ დილით ვვარჯიშობ-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ვცურავ და ბევრს ვსეირნობ.
- კიდევ ხომ არ დაგეგმეთ მსგავსი გასეირნება?
- ჯერ არა, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვალ, აუცილებლად გავარკვევ, არსებობს თუ არა ისეთი სააგენტო, რომელიც ფეხით მოგზაურობის მარშრუტებს გეგმავს. ახლა დავრწმუნდი, რომ საქართველოს მართლაც ძალიან ლამაზი ბუნება აქვს.
- რამდენ ხანს აპირებ ბათუმში დარჩენას?
- ჯერ არ ვიცი. ჩემს დასა და მეგობრებთან ერთად პენსიონერული დასვენება მაქვს. დილის ცხრა საათზე ვდგებით და მივდივართ სანაპიროზე. მერე ვსეირნობთ პარკში. სხვა არაფერი ხდება.
- ალბათ ყურადღებას ხშირად იქცევ...
- ხშირად ამბობენ, ეს იმ გოგოს როგორ ჰგავს, "იმედის დილა" რომ მიჰყავსო (იცინის).
- ბათუმში შენს პოპულარობას ვერ იყენებ?
- საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, მიხარია, რომ ადამიანები მცნობენ. ჩემს პოპულარობას არასდროს გამოვიყენებ.
- ყველაზე კარგად რომელ დასვენებას იხსენებ?
- ბევრჯერ დავისვენე კარგად. მახსოვს, მე და დედა ერთხელ ქობულეთში ვიყავით. მთელი დღე ვსეირნობდით, იმიტომ რომ კარგი ამინდები არ იყო, თუმცა მაშინაც კარგად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ დასვენება სხვა არის და გართობა სხვა. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს დაქალებთან ერთად წავსულვარ გონიოში და ფანტასტიკური დრო გამიტარებია.
- კარგად ცურავ? ვინმე ხომ არ გადაგირჩენია?
- (იცინის) თუ დავინახე, რომ ჩემ ახლოს ვინმე იხრჩობა, შეიძლება გადავარჩინო, მაგრამ ჯერ არავინ გადამირჩენია. ცოტა ხნის წინ ჩემი პატარა და, რომელიც შვიდი წლისაა, ბანაობდა. მუხლებამდე წყალში იყო და სხვა ბავშვებთან ერთად ყვინთავდა. ვიღაც ბიჭი შევარდა წყალში, თმაში ჩაავლო ხელი და გამოათრია. მოეჩვენა, რომ იხრჩობოდა. ჩემს დას გაოგნებული თვალები ჰქონდა, არ ვიხრჩობოდიო, ამბობდა, მაგრამ ის ბიჭი მაინც მეჩხუბა, რატომ შეუშვით ბავშვი მარტო წყალშიო.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)