"დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტიკისადმი ინტერესი არასოდეს გამიქრება"

"დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტიკისადმი ინტერესი არასოდეს გამიქრება"

პრესის მიმომხილველი ოთარ ქირია პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე ჟურნალისტად მუშაობს... არაერთ ბეჭდურ გამოცემასთან თანამშრომლობის შემდეგ, სამსახური ტელევიზიაში დაიწყო. მაგრამ ბეჭდურ მედიას ტელევიზიაშიც ვერ დააღწია თავი და დღეს "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში ქართულ პრესას მიმოიხილავს. ეს ოთარის საყვარელი საქმეა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ისე შეეჩვია, რომ ვერც ელევა...

- სკოლა რომ დავამთავრე, სამუშაოდ, გაზეთ "7 დღეში" მივედი. ახლა, როდესაც უკან ვიხედები, კარგად მახსენდება ჩემი კარიერის დასაწყისი... მოგვიანებით ჟურნალისტიკიდან წავედი და ჩემი პროფესიით ვიშოვე სამსახური. 2 წლის შემდეგ, მეგობარმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობა შემომთავაზა და კიდევ ერთხელ გადავინაცვლე ჟურნალისტიკაში.

მოგვიანებით კი ჟურნალ "მაკრო-მიკრო ეკონომიკაში" დავიწყე მუშაობა. 4 წლის შემდეგ გაზეთ "ალიაში" გადავედი, სადაც ჯერ საზოგადოების განყოფილების რედაქტორი, მერე კი პასუხისმგებელი რედაქტორი გახლდით.

"ალიადან" წამოსვლის შემდეგ, "24 საათში" ვმუშაობდი, იქიდან "რუსთავი 2"-ზე გადავედი. გავიარე პრესის მიმომხილველის კასტინგი. ნინო არაზაშვილს მოვეწონე და ხელი შემიწყო, რომ ეს ადგილი დამეკავებინა.

- ალბათ დღემდე გახსოვთ თქვენ მიერ დაწერილი პირველი სტატია...

- კი, რა თქმა უნდა. ჩემი პირველი სტატია თბილისში გახსნილ და 12 დღეში დახურულ "სექსშოპზე" გახლდათ (იცინის).

- ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, სურვილი არ გაგჩენიათ, ბეჭდურ მედიასთანაც გეთანამშრომლათ?

- დღესდღეობით ჩემი პრესასთან თანამშრომლობა არაკორექტული და უხერხული იქნება, რადგანაც თავად მიწევს გაზეთების მიმოხილვა...

- სტატიების მიმოხილვისას, ბეჭდური მედიის კრიტიკასაც არ ერიდებით ხოლმე. რამდენად კომპეტენტურია ოთარ ქირია, როგორც პრესის კრიტიკოსი?

- ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ამას ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე როდი ვაკეთებ. თან, ჩემი სამიზნე არც გამომცემელია და არც ჟურნალისტი, "წაკბენას" რესპონდენტის ნაუბრის შესაფასებლად მივმართავ ხოლმე. კრიტიკას მაინც ვერიდები, მიუხედავად იმისა, რომ იმ მასალებში, რაც დღეს იწერება, ბევრი რამ მაღიზიანებს...

- თითო გამოცემიდან რამდენ სტატიას მიმოიხილავთ?

- უმეტესად, მხოლოდ 2-3 მასალას მიმოვიხილავ. თქვენს ჟურნალს ცოტა განსხვავებული მიმართულება აქვს არჩეული. მას ერთი ხელის მოსმით, ყვითელს ვერ უწოდებ...

- თქვენი აზრით, რა აკლია დღევანდელ ჟურნალისტიკას?

- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პრესას უფრო გამოცდილ ადამიანებს მივანდობდი. მეტი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები არიან საჭირო. დღეს ბევრ ჟურნალისტს გამობრძმედა და დაოსტატება სჭირდება. თუმცა ქართული ჟურნალისტიკა თანდათანობით ვითარდება და გარკვეული წინსვლაც შეინიშნება...

ნებისმიერი გამოცემა ბიბლიოთეკის არქივში ხვდება და ისტორიის კუთვნილება ხდება. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, დღეს რას და როგორ ვწერთ...

- ის მთავარი თვისება დამისახელეთ, რომლითაც თავადაც გამოირჩევით და მიიჩნევთ, რომ ყველა ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს.

- ჟურნალისტს უნდა შეეძლოს მოვლენებისა და ფაქტების ცივი გონებით, განსხვავებული თვალით დანახვა და შეფასება, რაც ობიექტურობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ მთავარი წინა პირობაა. თუ ეს შევძელით, მივაღწევთ იმას, რომ შეფასებისას დამოუკიდებლები და ობიექტურები ვიყოთ.

- თავად თუ გაუკრიტიკებიხართ ვინმეს?

- კი, ერთხელ დაწერეს, რომ თურმე პრესას მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე მიმოვიხილავდი... ის წერილი არ დამიბლოკავს, ეთერში წავიკითხე (იღიმის), მაგრამ ვაღიარებ, "მკბენარა" კომენტარი გავუკეთე. კრიტიკა თურმე იმიტომ დავიმსახურე, რომ არ ვწყალობდი და აქტიურად ვერ მიმოვიხილავდი მათ გამოცემას. რა ვქნა, ამა თუ იმ გამოცემას ნახევარსაათიან პრესკონფერენციას ხომ ვერ მოვუწყობ?

- პრესის მიმომხილველად მუშაობას კიდევ დიდხანს აპირებთ?

- მანამდე ვემსახურები ამ საქმეს, სანამ ის საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, ჩემთვის და გადაცემისთვის (იცინის). პირადად ჩემთვის ინფორმაციის მიღება უკვე ნარკოტიკივითაა და დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტიკისადმი ინტერესი არასოდეს გამიქრება (იღიმის).

P.შ. სანამ ეს ინტერვიუ დასაბეჭდად მზადდებოდა, ოთარ ქირიამ 29 ივლისს, ქართული ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები ერთ-ერთ კაფეში, საკუთარ დაბადების დღეზე მიიწვია. ღონისძიებას კი "პრესა-ფართი" უწოდა:

- ასეთი დაბადების დღე არასდროს მქონია... ისე, სულ მინდოდა, ქართული ბეჭდური მედიის წარმომადგენლები (გამომცემლები, რედაქტორები) ერთხელ მაინც შემეკრიბა... როდესაც ამის შესახებ ნინო არაზაშვილს ვუთხარი, მან ჩემი იდეის განხორციელების ასეთი ფორმა შემომთავაზა; მეც მომეწონა...

"იუბილარს" იმ დღეს მაისურზე 36 ქართული ბეჭდური გამოცემის ლოგო ჰქონდა აღბეჭდილი; ლოგოები იმ ფუჟერებსაც ამშვენებდა, რომლებშიც წითელი ღვინო ჩამოასხეს. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ოთართან სტუმრად, 36-ვე გამოცემის წარმომადგენელი მივიდა (ზოგიერთმა ობიექტური მიზეზით, კოლეგასთან სტუმრობა ვერ მოახერხა). ჩვენ პირადადაც მივულოცეთ დაბადების დღე და ჟურნალის ფურცლებიდანაც გვინდა მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები