დები ქორქიები დასვენება-გართობისთვის ვერ იცლიან

დები ქორქიები დასვენება-გართობისთვის ვერ იცლიან

ჩვენი რესპონდენტები პროფესიით სტომატოლოგები არიან, თუმცა ამჟამად მოდის ბიზნესში საქმიანობენ და პარალელურად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახეები არიან. მათ მეგობრებიც კი საერთო ჰყავთ - სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ ხასიათში ერთი განსხვავება მაინც აქვთ - სხვადასხვა ტიპის ვაჟები მოსწონთ. დასვენებასა და უამრავ საინტერესო საკითხზე სასაუბროდ, ლიკა და ანი ქორქიებს ვეწვიე.

- საუბარი თქვენი საქმიანობით დავიწყოთ. ანი, უკვე დაასრულეთ გადაცემის - "დაამარცხე ვარსკვლავი" - ჩაწერა?

- არა, ჩაწერას დაახლოებით, აგვისტოს დასაწყისში დავასრულებთ, მაგრამ გადაცემა ეთერში აგვისტოს ბოლომდე გავა. "დაამარცხე ვარსკვლავი" სეზონური გადაცემაა, შესაბამისად, სექტემბრიდან ეთერში აღარ გავალთ. მეორე სეზონი სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება, მაგრამ ოქტომბრიდან გადაცემებს წინასწარ ჩავწერთ.

- ლიკა, როგორც ვიცი, "რუსთავი 2"-ის ეთერში ჯერჯერობით არც შენი საქმიანობა დასრულებულა...

- მართალი ხარ. "დილა მშვიდობისა, საქართველო" ეთერში ივლისის ბოლომდე გადიოდა. პირდაპირ ეთერში მთელი აგვისტოს განმავლობაში აღარ ვიქნები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავისვენებ, რადგან სხვა უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი. კიდევ კარგი, როგორც იქნა, გამოცდები ჩავაბარე და სამეცადინო აღარ მაქვს. მთელი აგვისტოს განმავლობაში უამრავი სარეკლამო რგოლის გადაღება, რამდენიმე ჩვენება და ფოტოსესია მექნება. სამაგიეროდ, სექტემბერში საკუთარი თავისთვის 10 დღეს გამოვყოფ და ანისთან ერთად დასასვენებლად გავემგზავრები.

- როგორც ვიცი, ორივენი სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობთ.

ანი:

- მე უკვე დიპლომიანი სტომატოლოგი ვარ. წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. ლიკა კი სწავლას გაისად დაასრულებს.

- იშვიათია, დები ასე მეგობრობდნენ ერთმანეთთან...

- კი, ჩვენ ერთ ბაღში, ერთ სკოლაში და ერთ ინსტიტუტში ვსწავლობდით. ჩვენი ოჯახის წევრები საერთოდ, მეგობრულები არიან და ჩვენც ასე გაგვზარდეს. მე და ლიკას ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს და ამიტომაც დავდექით ასეთი კარგი მეგობრები.

ლიკა:

- ოჰ, რა თამამი განცხადებაა (იცინის)!.. მე და ანის მეგობრებიც საერთო გვყავს.

ანი:

- გარდა ამისა, ერთმანეთზე აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით, გამონაკლისების გარეშე, და ჩვენთვის ერთმანეთის აზრი ძალზე მნიშვნელოვანია.

- ერთმა დამ მეორის თაყვანისმცემელი რომ დაიწუნოს, და მის აზრს გაიზიარებს?

- რა თქმა უნდა! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლიკას აზრი ჩემს ახალ თაყვანისმცემელზე.

ლიკა:

- ოღონდ ბიჭების მიმართ ჩვენი გემოვნება აბსოლუტურად განსხვავებულია.

ანი:

- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნობით და არც მენტალურად ერთი და იგივე ტიპები არ მოგვწონს, ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიკას ჩემი რჩეულის მიმართ დადებითი განწყობილება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ის ბიჭი არ შემიყვარდება.

- ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა, რომელიმე ბიჭი მოგწონებია და შენს დას ის დაუწუნებია?

- უამრავჯერ. როგორც კი ლიკა შეატყობს, რომელიმე თაყვანისმცემლის მისამართით მეც გარკვეული სიმპათია მიჩნდება (სიყვარულზე არ არის ლაპარაკი, რადგან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა), ლიკა სულ მსაყვედურობს, რომ მთელ ყურადღებას იმ ბიჭს ვუთმობ და საკუთარი და აღარ მახსოვს. ეს დიდი სისულელეა. ჩემს ცხოვრებაში ლიკას ადგილს ვერავინ დაიკავებს, რადგან ის და არის და სხვანაირად მიყვარს, შეყვარებული კი სხვანაირად მეყვარება.

ლიკა:

- მართალს ამბობს. ბუნებით ძალზე ეგოისტი ადამიანი ვარ. სულ იმაზე ვფიქრობ - მის ცხოვრებაში სერიოზული გრძნობა რომ გაჩნდება, ანი მე ყურადღებას აღარ მომაქცევს.

ანი:

- იცი, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დილით გაგვიღვიძია, ჯერ ძილიდან ბოლომდე გამოსულიც არ ვყოფილვარ, რომ ლიკას უკითხავს: რომ გათხოვდები, შენი ქმარი და შვილი უფრო გეყვარება, თუ მეო?.. შენ რა შუაში ხარ, ლიკა? შენ ყოველთვის მეყვარები. ქმარსა და შვილს კი ჩემს გულში სხვა ადგილი ექნებათ.

- შენ არ ეჭვიანობ ხოლმე ლიკას თაყვანისმცემლებზე?

- საერთოდ, არა. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად საღად ვაზროვნებ. თუ ვინმე შეუყვარდება, მე რატომ უნდა "გადავუყვარდე"?! ყველას ხომ თავისი ადგილი აქვს... იცი, რატომ არის ასე? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა, ლიკა სულ ჩემზე დამოკიდებული იყო. ჰოდა, ალბათ ჰგონია, ჩემი სახით, მშობელს, მეგობარსა და დას ერთად დაკარგავს...

ლიკა:

- ანის სულ ვეუბნები, - შენ კარგად უნდა გათხოვდე და რომ გათხოვდები, მეც თან უნდა წამიყვანო-მეთქი. მერე მეც კი გავთხოვდები, მაგრამ გათხოვებამდე ანის "მზითევი" ვიქნები.

- ამჟამად რომელიმე თქვენგანი სერიოზულ გრძნობას თუ შეუპყრია?

- ჯერჯერობით არა. მთელი ზამთარი ყველა ინტერვიუში ვამბობდი, სწავლას რომ მოვრჩები, ზაფხულში პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცლი-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზაფხულშიც არანაკლებ დაკავებული ვარ, შესაბამისად, არც ახლა მცალია პირადი ცხოვრების ასაწყობად. სექტემბერში - ვნახოთ.

- ანი, აგვისტოში დაგეგმილ ჩვენებებში შენც მიიღებ მონაწილეობას?

- ერთ-ერთ გაზეთში, როგორც ყოფილი მოდელი, ისე მომიხსენიეს და ვერ მივხვდი, რატომ. ვინ გადაწყვიტა, რომ მოდელობას თავი დავანებე?! როცა რაიმე ჩვენებაა და მცალია, ყოველთვის ვმონაწილეობ. საერთოდ, ფოტოებსა და რეკლამებზე უფრო ინტენსიურად ვმუშაობდი, ვიდრე - ჩვენებებისთვის, მაგრამ თავისუფალ დროს პოდიუმზე უარს ნამდვილად, არ ვამბობ. უბრალოდ, ტელევიზიაში იმდენად ვარ დაკავებული, რომ გამოცდებისთვისაც კი ვეღარ ვიცლიდი და ამის გამო დამატებითი სემესტრის აღება მომიხდა...

- შენი ძირითადი პროფესიით მუშაობას თუ აპირებ?

- ბევრად უფრო მომწონს ის საქმიანობა, რითაც ამჟამად ვარ დაკავებული. მგონია, რომ უფრო, შემოქმედი ადამიანი ვარ. სტომატოლოგიაც ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით რეზიდენტურის კურსის გავლას არ ვაპირებ. ამას მაშინ გავაკეთებ, როცა ჩემი პროფესიით მუშაობას გადავწყვეტ.

- წარმომიდგენია, შენი პაციენტი მამაკაცის რეაქცია, როცა სტომატოლოგის ამპლუაში დაგინახავს...

- ჰო, ეს მეც მაინტერესებს.

- ტელევიზიასთან პირველი შეხება როდის გქონდათ?

ლიკა:

- ძალიან პატარები ვიყავით, ტელევიზიაში მუშაობა რომ დავიწყეთ. გახსოვთ ალბათ, არსებობდა ტელეკომპანია "202", სადაც მეც და ანიც მუსიკალური გადაცემის წამყვანები ვიყავით.

ანი:

- საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში დაგეგმილად არაფერი ხდება. არც ერთი არ ვართ ისეთი ტიპი, ვინმესთან რომ მივა და ეტყვის, - ამის გაკეთება შემიძლია და ხომ არ გვეცადაო?.. ლიკას დაურეკეს და ჰკითხეს, - ხომ არ გინდა, კასტინგი გაიაროო? მივიდა "რუსთავი 2"-ში, გაიარა შესარჩევი ტური და აიყვანეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. დამირეკეს და მივედი.

- რამდენად ადვილია თქვენთვის ეს საქმიანობა?

ლიკა:

- პირადად მე, პირდაპირ ეთერში მუშაობა ძალიან მომწონს. სულ ვამბობ, არავის გაუკვირდეს, თუ ერთხელაც კოსმოსში გავფრინდები... ყოველი დღე საოცარი მაქვს. ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც ახალი ხდება, ახალ რამეს ვიგონებ და ა.შ. საერთოდ, ძალზე ცვალებადი ხასიათი მაქვს. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ერთხელაც, სახლში რომ მივედი და დედას ვუთხარი, რომ "რუსთავი 2"-ზე მუშაობას ვიწყებდი, შოკში ჩავარდა... რაც შეეხება გადაცემას, თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემთვის დილით ადრე გაღვიძება კატასტროფა იყო, მაგრამ ახლა შაბათ-კვირასაც კი დილის 6 საათზე მეღვიძება.

- ამინდის პროგნოზის წამყვანობიდან ცოტა უფრო სერიოზული რუბრიკის წამყვანობაზე გადართვას ხომ არ აპირებ?

- ამწუთას ეს საქმიანობა ჩემთვის საუკეთესოა, რადგან დილის ეთერის დამთავრებისთანავე ჩემი ლექციების დაწყების დროა. ხანდახან ინსტიტუტში ვაგვიანებ კიდეც. ლექციების შემდეგ კი ან სავარჯიშოდ მივდივარ, ან სააგენტოში, ან რომელიმე კონცერტს უნდა გავუძღვე და ა.შ. მოკლედ, ახლა იდეალური რეჟიმი მაქვს. სწავლას რომ დავამთავრებ, მერე ვნახოთ, რას ვიზამ.

ანი:

- რაც შემეხება მე, არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად მიწევს მუშაობა. ესენი "კომედი შოუს", "ვანოს შოუსა" და "ქლაბ შოუს" ბიჭები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხიარულ "ოჯახში" ერთადერთი გოგო ვარ. ბიჭებმა კარგად მიმიღეს, ბავშვივით მივლიან და ზრუნავენ ჩემზე. მოკლედ, მათთან კარგი სიტუაციაა. ამასთანავე, გადაცემაზე მუშაობაც ძალიან მომწონს, რადგან მხიარულია და არა "დამგრუზველი". მიხარია სამსახურში მისვლა.

- როგორც უკვე თქვით, დასვენებას სექტემბერში აპირებთ. სად გაემგზავრებით?

- ჯერჯერობით, თურქეთში გამგზავრებაზე ვფიქრობთ. მანამდე თუ რაიმეს უფრო საინტერესოს მოვიფიქრებთ, შესაძლოა, გეგმები შევცვალოთ.

- დასვენება ზღვაზე უფრო მეტად გიყვართ?

- ვერც კი წარმომიდგენია, თუ არის შესაძლებელი, ადამიანმა ზღვის გარდა, სხვაგან დაისვენოს.

ლიკა:

- პირადად მე, ერთი ოცნება მაქვს: მინდა, რომელიმე სოფელში მქონდეს სახლი, სადაც უშველებელი საწოლი იქნება და იქ არ იარსებებს არანაირი კომუნიკაციის საშუალება. მინდა, იმ სახლში ერთი კვირის განმავლობაში მეძინოს და კოკისპირულად წვიმდეს, რომ გარეთ გასვლის სურვილი არ გამიჩნდეს. იქ მარტო უნდა ვიყო. ანიც კი არ მინდა, იმ ერთი კვირის განმავლობაში გვერდით მყავდეს.

ანი:

- სხვათა შორის, როცა დრო მაქვს, მსგავს დასვენებას ვიწყობ ხოლმე. თებერვალში მე და ჩემი ბიძაშვილი, ნინო ბათუმში წავედით. ვვარჯიშობდით, ვჭამდით, გვეძინა და ვსეირნობდით. ორივეს ერთი მობილური გვქონდა, რომლის ნომერიც მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ... არაჩვეულებრივად დავისვენეთ. კარგად გამოვიძინეთ, ბევრიც ვივარჯიშეთ, კარგ ფორმაშიც ჩავდექით და ზღვის სანაპიროზეც ვისეირნეთ. მოგეხსენებათ, ადამიანს ზღვის ტალღების ყურება რა დადებითი ენერგიითაც ავსებს. იქიდან ისეთი მოზღვავებული ენერგიით დავბრუნდი, 3 წელი რომ არ დავისვენო, მუშაობის განწყობილება მაინც მექნება.

- დასასვენებლად გამგზავრების წინ, გარდერობის განახლებაზე თუ ზრუნავთ?

ლიკა:

- ეს ჩვენი სუსტი წერტილია.

ანი:

- იმის გამო, რომ ყოველთვის ზღვაზე ვისვენებთ, უამრავი საცურაო კოსტიუმი და პარეო შევიძინეთ. იმდენია, ალბათ ყოველდღე ახალ-ახალი უნდა ჩავიცვათ. ამდენი იმიტომ ვიყიდეთ, რომ ზღვაზე ჩემი ჩაცმულობა მხოლოდ "კუპალნიკითა" და პარეოთი შემოიფარგლება.

ლიკა:

- ანის არაჩვეულებრივი მხედველობა აქვს. მაღაზიაში რომ შედის, უამრავ ტანსაცმელში, სადღაც მიკუნჭულში თავისთვის სასურველ სამოსს დაინახავს და ყიდულობს. ამ მხრივ, მე რთულად მაქვს საქმე. ცხვირსახოციც რომ მქონდეს საყიდელი, შემიძლია, ერთი თვის განმავლობაში ვიარო, ვარჩიო, ვიფიქრო, ხოლო ყიდვას რომ გადავწყვეტ, უკვე გაყიდული მხვდება. ამიტომ, რამეზე რომ ვიტყვი, მგონი, მომწონს-მეთქი, ანი მაშინვე ყიდულობს, რომ მე ბევრი აღარ ვიბოდიალო.

- მართალია, ბიჭებთან დაკავშირებით განსხვავებული გემოვნება გაქვთ, მაგრამ სამოსი თუ მოგწონთ ერთნაირი? ერთმანეთის ტანსაცმელს იცვამთ?

ანი:

- როგორ არა?! სულ ერთმანეთის ტანსაცმელი გვაცვია. ამაზე ნამდვილად არ ვჩხუბობთ.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები