ნანიკო ხაზარაძე ბაზრობაზე და"სექენდ ჰენდში" იმოსება

ნანიკო ხაზარაძე ბაზრობაზე და"სექენდ ჰენდში" იმოსება

"დღის შოუს" წამყვანი ნანიკო ხაზარაძე ინტერვიუზე ბაზრობიდან მოვიდა, სადაც შვილისთვის ფოტოაპარატი და 14-ლარიანი კედები შეიძინა. ამბობს, რომ უკვე წლებია "სექენდ ჰენდშიც" სიამოვნებით დადის, იჩიჩქნება და საინტერესო რამეებსაც პოულობს, რომელიც მერე მისი იმიჯის ნაწილი ხდება. თმას კი იმის მიხედვით იღებავს ხან შავად და ხან ქერად, როგორ განწყობასა და ხასიათზეა. ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა, გამოუვიდა თუ არა, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნანიკო, უკვე ლაპარაკობენ თქვენი გადაცემის მაღალ რეიტინგზე, რამდენად მართალია?

- სრული სიმართლეა.

- ელოდებოდით მაღალ რეიტინგს? მით უმეტეს, "სამოთხის ვაშლებს" ადარებს ბევრი...

- რასაკვირველია, შეადარებენ, იქაც სამი ქალი წამყვანია, ერთი თემაა, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში იხსნება, უბრალოდ, სამ-სამი სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აკეთებს ერთსა და იმავე საქმეს. ჩვენ არა უფრო კარგად, არამედ განსხვავებულად ვაკეთებთ. თემები ყველასთვისაა.

იმ დღეს, მაგალითად, აბიტურიენტებისთვის გვქონდა გადაცემა, როგორ აირჩიონ მომავალი პროფესია. არ მიყვარს სიტყვა სეგმენტი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ვცდილობთ, ყველა სეგმენტისთვის საინტერესო გადაცემა მოვამზადოთ. არ ველოდებოდით, რომ დაბალი რეიტინგი გვექნებოდა, თუმცა არც ამხელა რეიტინგს ველოდით. ჯერჯერობით გვიჭირავს და "პლანკა" არ დაგვიგდია.

- თემებს როგორ არჩევთ?

- ჯგუფის წევრები ვსხდებით და ერთად ვარჩევთ თემებს. ყველა სხვადასხვა ინტერესის ადამიანია. გამოცდები დასრულდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ თემის აღება, ასე რომ, აქტუალურობასაც ვაქცევთ ყურადღებას.

- სკანდალურობაზე არ გაქვთ გათვლა?

- არა. გვინდა, რომ სასიამოვნოდ მოსასმენი და საყურებელი იყოს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო, მაყურებელს ცოტა რამ მაინც თუ დარჩება ჩვენი გადაცემიდან, კარგი იქნება.

- ვიცი, რომ შენი ექვსი წლის ლილუ გადაცემის აქტიური მაყურებელია. იმ დღეს ეთერშიც "შემოგეჭრათ"...

- (იღიმება) ჩემი პატარა ცოტა სხვა თვალით უყურებს ჩვენს გადაცემას და ისეთ რაღაცებს ამჩნევს, რაც ჩვენ შეიძლება გამოგვეპაროს. მაგალითად, ასაკზე იყო ლაპარაკი, ვინ რატომ მალავს ან არ მალავს ასაკს. თავიდან ყველა ჩვენგანმა თქვა საკუთარი ასაკი და გადაცემის ბოლოსაც. დოდოშკამ თავიდან თქვა, 54 წლის ვარო, ბოლოს კი 53 წელი დაასახელა. კი არ მოგვატყუა, შეეშალა, მაგრამ ლილუს გარდა ეს ვერავინ შეამჩნია (იცინის). ხშირად ისე მაკრიტიკებს, სხვა რომ ვერაფრით ვერ შეამჩნევდა.

- ლილუ ვის ჰგავს, დედას თუ მამას?

- გარეგნულად მე საერთოდ არ მგავს, ხასიათით არც მამას ჰგავს და არც მე. თავისთვის არის, განყენებულად.

- ეს როგორ მოახერხეთ?

- ასე გამოვიდა (იცინის). ყველაფერზე თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს და საღად აზროვნებს, რაც ძალიან მომწონს.

- ტელეეკრანზე დაბრუნებით ალბათ კმაყოფილი ხარ.

- ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეტაპებია, ხან ვარ ტელევიზორში, ხან - არა. ტრადიციას ვაგრძელებ და ახლა ისევ ვარ. მგონი, დასვენება მეც მჭირდება და ხალხსაც ჩემგან. სულ მუდმივად რომ ტელევიზორში ვჩანდე, ამისი სურვილი არ მაქვს, პაუზა საჭიროა. დასვენება მეც მინდა.

- ახლა არ გინდა?

- გადაცემა აგვისტოშიც გრძელდება, ასე რომ, ვერ ვახერხებ დასვენებას, თუმცა დაღლილი არ ვარ.

- საინტერესო ზაფხული გაიხსენე...

- ყველა ზაფხული საინტერესოა, თავისებურად სხვანაირი. სხვადასხვა ადგილას ვისვენებ და ახალ ადამიანებს ვეცნობი.

- როცა პოპულარული სახე ხარ, ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, მოვიდეს და გაგეცნოს. შენც გაქვს ასეთი შემთხვევები?

- ხალხთან სულ ღია ვარ, ზოგადად მიყვარს ადამიანები და მათთან კონტაქტი, განსაკუთრებით კი უცნობებთან. იმდენი წერილი მომდის უცხო ადამიანებისგან, იმდენი მირეკავს და უბრალოდ, ქუჩაშიც მეკონტაქტება, რომ ვერც ვითვლი. მომწონს, პირველ რიგში, ის, რომ ასეთი დიდი პოზიტური ენერგია მოდის ხალხისგან, ყველას დიდი მადლობა. აი, დღეს ბაზრობიდან მოვდივარ და ძალიან ვისიამოვნე, ყველა კარგად შემხვდა.

- ბაზრობაზე დადიხარ?

- რატომაც არა?! აქ მოსვლამდე გახლდით და შევიძინე კედები, ჩემი შვილისთვის ფოტოაპარატი.

- სამოსს ბაზრობის გარდა სად იძენ? განსხვავებული იმიჯი გაქვს.

- საერთოდ, თავად ვზრუნავ ჩემს ჩაცმულობაზე... არ ვიცი, ახლა განსხვავებულად გამოვიყურები? ჩვეულებრივად მაცვია, შეიძლება, ამ იმიჯს მოკლე ქერა თმა ქმნის. სამოსს ბაზრობაზეც ვიძენ, ხან ვიკერავ...

- "სექენდ ჰენდშიც"?

- რა თქმა უნდა. უამრავი ტანსაცმელი მაქვს "სექენდ ჰენდში" ნაყიდი. ჩემი საყვარელი წერტილია, მიყვარს იქ ჩიჩქვნა. მაქვს იქ შეძენილი უამრავი შარვალი, რომელზეც ყველა მეკითხება, სად იყიდეო. არ უნდა დაიზარო, იჩიჩქნო და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენ.

- ყველაზე იაფიანი რა გაქვს?

- დღეს შევიძინე 14-ლარიანი კედები (იღიმება).

- ლარად შეგიძენია რაიმე?

- "სექენდ ჰენდში" უკვე დიდი ხანია, ლარი არაფერი აღარ ღირს. "სექენდ ჰენდიც" გაძვირდა (იღიმება), 15-20 ლარია საშუალო ფასი, თუ შეევაჭრები, ცოტას დაგიკლებენ. ჩემს დანახვაზე ფასს არ უმატებენ, პირიქით, მიკლებენ. დღეს, მაგალითად, ფოტოაპარატის საყიდლად რომ მივედი, ფასი დამიკლეს და მადლობელი დავრჩი. ხშირად ბევრ რამეში უფასო მომსახურება მაქვს.

- მოკლედ, კარგია პოპულარობა...

- (იცინის) ცუდი ნამდვილად არ არის.

- თმაზეც გკითხავ, რომლის ფერს ხშირად რადიკალურად იცვლი, ან ძალიან ქერა ხარ, ან შავი. ეს ცვალებადობა ცხოვრების ეტაპების ცვლილებას ემთხვევა?

- გააჩნია ხასიათსა და შინაგან მდგომარეობას. ქერად რომ შევიღებე თმა, ეს ტელევიზიას არ უკავშირდება. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ვთქვი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. შევიცვალე ტელეფონის ნომერი, თმის ფერი, სისხლი გადავისხი, გავისუფთავე... ბევრი რამ გავაკეთე, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო და დავიწყე კიდეც. ორი ტელეფონი მქონდა და ორივე ნომერი გადავაგდე.

- ეს რამ გამოიწვია?

- უბრალოდ, სიახლე მომინდა. სულ ვამბობდი, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო-მეთქი... და დავიწყე (იღიმება). როცა რაღაც ძალიან გინდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვა. თუ ცოტა ეჭვს შეიტან, გაჭიანურდება, მაგრამ მაინც გამოვა.

- თვალს რომ გადაავლებ განვლილ ცხოვრებას, რაიმე სანანებელი გაქვს?

- არა!.. არაფერს ვნანობ, რომ არა, ის ჩემი ცუდი თუ კარგი საქციელები, ტკივილი თუ სიხარული, ის ნანიკო არ ვიქნებოდი, რაც დღეს ვარ. როგორსაც ახლა მხედავთ, იმ წარსულიდან არის შექმნილი. არის რაღაცები, რის გამოც დღემდე ვნერვიულობ და დროც ვერ მმკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა მაქვს ნათქვამი და ბოდიშიც მომიხდია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამით უნდა ვიცხოვრო.

- ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღებაც შეგიძლია?

- თუ დამნაშავე ვარ, შემიძლია ბოდიში მოვიხადო და ჩემს საქციელზე პასუხი ვაგო, თუმცა ეს ძალიან რთულია. მე ვცდილობ მაინც. იმწუთას ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- ნანიკო, პირად ცხოვრებაში არის რაიმე სიახლე?

- არაფერი საინტერესო, რომ მოხდება, ვიტყვი.

- როგორი ადამიანი მოგხიბლავს?

- რომელიც თავს კარგად და ქალად მაგრძნობინებს. მინდა, თავი დაცულ ქალად ვიგრძნო. გარეგნობა სულერთია, ორ წუთში ქრება და მერე მოდის ეს გრძნობა, თუ არ მოვიდა, მაღალი იქნება, დაბალი, ცისფერთვალება თუ შავთვალება, რა მნიშვნელობა აქვს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები