ასაკი არ მიკითხავს, მაგრამ უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა. ახლა მესამეს ელოდება და ბედნიერია. არც მისი სამუშაო ადგილები დაგვითვლია, თუმცა კი მრავლად ჰქონდა. მისი ადგილი ყოველთვის ყველგან მოიძებნება. მხოლოდ თეატრთან ვერ გამონახა საერთო ენა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობია, ნინო ზაუტაშვილს ყველა ჟურნალისტად იცნობს. ნინოს ცხოვრების განვლილ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყევით და ამ გზაზე შეძენილ გამოცდილებებზე ვისაუბრეთ.
- პირველი გამოცდილება ოჯახიდან მოდის ნებისმიერი ადამიანისთვის, ის სოციუმი, რაშიც ადამიანი იზრდება, მას თავიდან ბოლომდე აყალიბებს. ოჯახისგან ტრადიციული გამოცდილება მივიღე, რომ უნდა ვყოფილიყავი ზრდილობიანი, უნდა დამეთმო უფროსებისთვის და არა მარტო, მეტი ყურადღება მიმექცია ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის. თბილ, ტრადიციულ, კარგ ქართულ ოჯახში გავიზარდე. დედა, მერი მიქელაძე, რადიოს დიქტორი გახლდათ, მანამდე რუსთაველის თეატრში მუშაობდა. სწორედ მან მიიღო ძალიან მძიმე გამოცდილება თეატრში და სწორედ ეს გახდა ჩემი ინსპირატორი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხურდა დამებრუნებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც დედას თავის დროზე აწყენინა. მახსოვს, დედა როგორ ჰყვებოდა თავის ტკივილზე თეატრთან დაკავშირებით.
- კერძოდ?
- არ მინდა სახელებით და გვარებით ვილაპარაკო. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვინც ტრავმა მიაყენეს დედას. ეს იყო როლთან დაკავშირებული ტრავმები, ყველაფერი ის, რაც დღესაც არ არის უცხო თეატრალური სამყაროსთვის, ერთმანეთისთვის ხელის შეშლა. ხშირად ამბობენ, რომ ინტრიგები თეატრის თემაა. არ არის ინტრიგები მხოლოდ თეატრის თემა, მე ბევრი სამსახური მქონია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თეატრი ერთ-ერთი ბოლოა ამ კუთხით. ბევრ სხვა დაწესებულებებშიც, მით უმეტეს დღეს, როცა უკვე ძალიან გაჭირდა სამსახურის შოვნა, სამწუხაროდ, ინტრიგები საგრძნობლად შესამჩნევია.
- თქვენს სამსახურებზე მოგვიანებით დაწვრილებით ვისაუბრებთ, მაინტერესებს, შური თუ იძიეთ დედის დასაცავად?
- ეს, რა თქმა უნდა, ბავშვური გადაწყვეტილება იყო, რომელიც სისრულეში ვერანაირად ვერ მოვიყვანე. საბედნიეროდ, არ ვარ შურისმაძიებელი, რადგან იმაზე, რასაც ადამიანი სჩადის, ბოლოს და ბოლოს პასუხიც მოეთხოვება.
- მამაზე რას მეტყვით?
- მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, პროფესიით ინჟინერი და თუკი რამე საუკეთესო მამაკაცური თვისება აღინიშნება ჩემში, ეს ყველაფერი მამის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ უფრო მამის გაზრდილი ვარ, ინტენსიური კონტაქტი მქონდა მამასთან და ჩემს სწავლა-განათლებაშიც დიდი როლი ითამაშა. ერთადერთი, რაშიც არ ვუჯერებდი, ეს იყო მათემატიკის სწავლა და ახლა ძალიან ვნანობ ამას. მათემატიკა უკეთ რომ მესწავლა, დარწმუნებული ვარ, კარგი ფინანსისტი ვიქნებოდი.
- მამაკაცური თვისებები მართლაც არის თქვენში?
- როგორ არ არის და ძალიანაც მიხარია, რომ არის. ორი ვაჟის დედა ვარ და მინდა გითხრათ, რომ მათ გაზრდაში ამ თვისებებმა ძალიან შემიწყო ხელი. როგორც გითხარით, მე და მამა, ფაქტობრივად, ვძმაკაცობდით, ის მზრდიდა, როგორც შვილს, როგორც მეგობარს და როგორც ვაჟკაც ადამიანს (იცინის). მგონი გამოუვიდა კიდეც.
- ეზო ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია, როგორი იყო ეზო, რომელშიც თქვენ იზრდებოდით?
- ჩვენი ეზო ერთი სამსახურის თანამრომლების ოჯახებით იყო დაკომპლექტებული. ამიტომ ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება იყო მეზობლებს შორის. ბავშვებმა სპორტული გუნდიც კი ჩამოვაყალიბეთ სახელწოდებით "ბიმნი". ეს იყო სახელების ინიციალებისგან შემდგარი სახელწოდება (ბადრი, ირაკლი, მზია და ნინო). უძლეველი გუნდი იყო სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. გართობის უამრავი საშუალება გვქონდა ეზოში, იყო კალათბურთის ფარები, ფეხბურთის მოედანი. მე ვიყავი არაჩვეულებრივი მეკარე.
ბევრ კარგ მეკარეს შეშურდება, ისეთი ბურთები მაქვს აღებული. ვთამაშობდით ჩოგბურთს, ბადმინტონს, შვიდქვაობანას, ქალაქობანას. უამრავი თამაში არსებობდა მაშინ, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ახლა კომპიუტერმა შეცვალა. ახლა ვეღარ გაიგონებ დედის დაძახილს, ამოდი ჭამე და ჩაგიშვებ ისევო. ახლა ბავშვები კომპიუტერს არიან მიჯაჭვული.
- გამოცდილების შეძენაში გვეხმარებიან მასწავლებლებიც, განსაკუთრებით თუ გახსენდება რომელიმე?
- განსაკუთრებით მახსოვს ქართულის მასწავლებელი, ნუნუ კილტავა, ლილი ნიკოლაიშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი, კლიმენტი მექვაბიშვილი - ისტორიის მასწავლებელი, ამ ხალხმა შემაყვარა წიგნი, სწავლა. განსაკუთრებით ქართულის მასწავლებელს გამოვყოფ. დღეს თუ ვიცი ქართული და თავს მოვიწონებ იმით, რომ აზრი გამოვიტანო წაკითხულიდან, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა.
- თქვენ გამო მშობლები დაუბარებიათ სკოლაში?
- უფ, ჩემ გამო დაუბარებიათ კი არა, უთხოვიათ, ნუ ივლის სკოლაში, ისე დავუწერთ ნიშნებსო. ძალიან ცელქი ვიყავი, შემეძლო ამეყოლიებინა მთელი კლასი და გაკვეთილებს ვშლიდით.
- განსაკუთრებით მწარედ თუ გახსენდებათ რომელიმე შემთხვევა?
- მასწავლებლები, რა თქმა უნდა, გვიბრაზდებოდნენ და იყვნენ პედაგოგები, რომლებისაც განსაკუთრებით გვეშინოდა, მაგრამ მწარედ მართლა არაფერი მახსენდება. ერთადერთი, ჩემთვის ცოტა არასასიამოვნო გასახსენებელია დღეს ის დღე, როცა რუსთაველის თეატრში ვიყავით სპექტაკლის განხილვაზე, სპექტაკლი სასკოლო თემაზე იყო და შემდეგ უნდა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მე უცბად გამიჩნდა პროტესტი, ავვარდი სცენაზე და ვთქვი, რომ მასწავლებლები ბავშვებს ცუდად ექცევიან. სისულელეები ვილაპარაკე, ბავშვურად მომივიდა, ეს იყო თავის გამოჩენის ნაბიჯი, თორემ ის მასწავლებლები, ვისაც მაშინ ვგულისხმობდი, მართლაც სამაგალითოები არიან დღეს ჩემთვის. რაც მთავარია, ისინი მიხვდნენ ჩემი გამოსვლის მიზეზს და ამას მძიმე შედეგები არ მოჰყოლია.
- პროფესიის არჩევაში დაგეხმარათ ვინმე?
- არა, თავიდან ეკონომისტობა მინდოდა, მერე უცხო ენების ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას, ბოლოს საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე. მინდა გითხრათ, რომ პირველივე წელს ბრწყინვალედ ჩავაბარე გამოცდები, მაშინ 16 წლის ვიყავი, ყველაზე პატარა ინსტიტუტში.
- დიდხანს იყავით მშობლების კმაყოფაზე?
- არა, მე ის ტიპი არ ვარ, ვინც ვიღაცის კმაყოფაზე იქნება. სხვათა შორის, ინსტიტუტში კარგი სწავლისთვის დამენიშნა მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდია, 100 მანეთის ოდენობით. ეს მაშინ კარგი ფული იყო. როგორც კი დავამთავრე ინსტიტუტი, მაშინვე დავიწყე მუშაობა და რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ.
- გახსოვთ პირველი სამსახური?
- როგორ არ მახსოვს, მუშაობა დავიწყე მარჯანიშვილის თეატრში და პარალელურად რადიოში "პიკის საათში". ყოველთვის დატვირთული და საინტერესო სამუშაო მქონდა. ღმერთს ვუმადლი იმას, რომ ერთბაშად ორ ძალიან კარგ დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა, თუკი რაიმე გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში, სწორედ ამ სამუშაო ადგილებიდან. თან ორივე სამსახური რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა ჩემთვის იმდენად, რომ მარჯანიშვილის თეატრი გარკვეული პირობებით დავტოვე.
- რა პირობებით?
- უცბად გადაწყვიტეს, რომ მოეწყოთ გამოცდა. კომისიაში ძირითადად დედას კოლეგები იყვნენ, მსახიობები, არც ერთს არ ვასახელებ, ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა და მშვიდობა მისცეს, არავის ბრალი არაა ის, რაც შემდეგ მოხდა. მე ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით გავედი, პროტესტის ნიშნად ცუდად წავიკითხე ლექსი, ბევრი ვიტირე და წამოვედი. ამ ყველაფერმა ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია და თეატრიდან წამოვედი.
- პროტესტი ვის მიმართ გქონდათ?
- ყველა თეატრში ყოველ წელიწადს უტარებდნენ მსახიობებს ტესტირებას. ეს არის წლიური საანგარიშო გამოცდა. ამაში უცნაური არაფერი იყო. ჩემი პროტესტი სრულიად უსაფუძვლო იყო იმ წუთას. პატივმოყვარეობამ იჩინა ჩემში თავი, რას ჰქვია, მე გამოცდა უნდა გავიარო-მეთქი. ეს იმ ასაკში იყო, როცა ამ ყველაფერს ძალიან მტკივნეულად აღვიქვამდი. დღეს პირიქით, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მაშინ მარჯანიშვილის თეატრში არ დავრჩი. აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყებოდა ჩემთვის და ეს ჩემთვის საშინლად რუტინული იქნებდა. მე არ ვარ ტიპი, ვინც უნდა იჯდეს და ელოდოს როლებს, რეჟისორების განწყობას, ცდილობდეს დაიმსახუროს ვიღაცების კეთილგანწყობა და, აქედან გამომდინარე, როლი.
თეატრი, მაპატიოს ყველა მსახიობმა, ბევრი ჩემი მეგობარია, ჩემთვის საინტერესო სფერო არ არის. მე ამ რეჟიმით ცხოვრებას ვერ შევეგუებოდი. წამოვედი თავისუფალი, ბედნიერი და განვაგრძე მუშაობა "პიკის საათში". არაჩვეულებრივ კოლექტივთან მომიხდა მუშაობა და თუკი რაიმე ჟურნალისტური გამოცდილება შევიძინე, ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეს იყო "პიკის საათში". დავრბოდი რეპორტაჟებზე, ვაკეთებდი სიუჟეტებს, მიმყავდა გადაცემა, ბოლოს ესეც მანდეს, არაჩვეულებრივ, საქართველოსთვის საამაყო ჟურნალისტებთან ერთად. ისინი ჩემი მასწავლებლები არიან, მათ დაუდეს საფუძველი ქართულ ჟურნალისტიკას.
სამწუხაროდ, დღევანდელი ჟურნალისტიკა ასევე ვერ მოიწონებს თავს. "პიკის საათის" შემდეგ იყო "ტელე-სინე-ვიდეო", რომელშიც ვალერი სახაროვისა და მერაბ ფიფიას წყალობით მოვხვდი. მათ გადაწყვიტეს, რომ მე წამეყვანა გადაცემა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩემი გარეგნობის ადამიანი გადაცემის წამყვანად არ ივარგებდა, მაგრამ დამიყოლიეს.
- თვითკრიტიკულიც ყოფილხართ...
- რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს ამის გარეშე... 15 წელი ვუძღვებოდი ამ გადაცემას, მერე იყო "ალიონი", "მთელი ღამე", "მანა". ეს უკანასკნელი ჩემთვის პიკი იყო. მაშინ შეიძლებოდა ტელევიზიები ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ, ახლა არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება. "მანა" იყო ბრძოლა პირველობისთვის, საოცარი კოლეგიალური დამოკიდებულება ტელევიზიებს შორის. არასდროს დამავიწყდება "მანაზე" მუშაობის პერიოდი. დიდი მადლობელი ვარ ზაზა შენგელიასი, რომ ამ ყველაფერს მაზიარა.
- ბოლოს იყო გადაცემა იმედზე "ათასიდან ერთი შანსი"...
- ყველა ადამიანს ცხოვრების განმავლობაში აქვს ჩავარდნები და წარმატებები. ეს გადაცემა შეიძლება ჩავთვალო ჩემთვის ჩავარდნად. ამ გადაცემის გაძღოლას დიდი არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ ვერც ვერაფერი შემძინა პროფესიული კუთხით, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი გასართობი გადაცემა და არც არაფერი დაუშავებია მაყურებლისთვის. ერთი სეზონი "გაქაჩა" და როცა თათბირზე დადგა საკითხი, რომ გადაცემის რეიტინგმა დაიკლო, პირველი მე გამოვედი მისი დახურვის ინიციატივით. მას მერე კიდევ დიდხანს ვიმუშავე "იმედში", გასართობი გადაცემების პროდიუსერად.
- დღეს რას საქმიანობთ?
- დღეს ვარ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მაქვს ძალიან კარგი იდეები, რომელსაც უსათუოდ განვახორციელებ. "პირველ არხზე" მაქვს არაჩვეულებრივი გადაცემა "სამოთხის ვაშლები", სადაც ვახერხებ ჩემი აზრი გამოვთქვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
- მოკლედ, თქვენი ადგილი ყოველთვის ყველგან მოიძებნება...
- ზუსტია თქვენი ფორმულირება, ჩემი ადგილი მართლაც ყველგან მოიძებნება (იცინის).
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით?
- არც ისე დიდია ჩემი გამოცდილება ამ მხრივ. რა გითხრათ, ხშირ შემთხვევაში მწარე იყო და ზოგჯერ - ტკბილიც, მაგრამ მაინც აუცილებელი.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად გადაჰყევით კარიერას და ამის გამო პირადი ცხოვრება მოუწესრიგებელი დაგრჩათ?
- მთელი ჩემი ცხოვრება არის ბრძოლა კარიერასა და ურთიერთობებს შორის. იქითა მხარეს ვუმტკიცებ, რომ კარიერის გარეშე გამორიცხულია და აქეთ ჩემს თავს ვუმტკიცებ, რომ პირადი ცხოვრების გარეშე არ შეიძლება. ამ ბრძოლაში და ამ მტკიცებებში მთელი ცხოვრება გავიდა. არც ვიცი, რამდენი მაქვს დარჩენილი, მაგრამ არც ერთის და არც მეორის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ვერც ერთს ვერ დავთმობ.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ თქვენს ბიჭებს, რომლებიც უკვე დიდები არიან?
- გიორგი ერთ-ერთი ბანკის საკმაოდ წარმატებული თანამშრომელია, თორნიკე კი სამხატვრო აკადემიის მულტიმედიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გახლავთ... ძირითადად ჩემს შეცდომებზე, ჩემი ცხოვრების მაგალითებზე ვასწავლიდი ჩემს შვილებს. ბიჭის გაზრდა რთულია, მაგრამ ამის გაკეთებამ მე ერთხელ მომიწია მხოლოდ, რადგან გიორგი შემდეგ თავად ზრდიდა თორნიკეს, მეხმარებოდა, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.
- რძალიც ხომ არ გყავთ?
- როგორ არა, უფროსი ბიჭი დაქორწინებულია, ნინო კიკაბიძე ასევე საბანკო სისტემაში მუშაობს და ორი შვილის დედაა.
- ე.ი. ბებიაც ხართ?
- ბებიაც? მე ვარ ცნობილი ბებია საქართველოში. ნუცა 5 წლისაა, რეზიკო - 3 წლის. ახლა მესამე შვილიშვილსაც ველოდებით, რომელსაც იმედია, პატრიარქი მოგვინათლავს.
- შვილიშვილებით კალთაში, საკუთარ შეცდომებზე გიფიქრიათ?
- მიფიქრია, მაგრამ მომხდარს უკან არასოდეს ვუბრუნდები. ამას ვერაფერი ვეღარ გამოასწორებს, უკვე გავლილია. ფანტასტიკური რამ თქვა უინსტონ ჩერჩილმა, "არ არსებობს ისტორია, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფია".
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)