ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პულსზე უდევს ხელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მის გარშემო გამოთქმული ვარაუდები არ გამართლდა და ჟურნალისტიკა ამჯობინა, არადა, ბევრი მის ადგილს პოლიტიკაში ხედავდა...
თავად მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კომპლექსიანი ადამიანების ადგილია, მისთვის კი საკუთარი თავისუფლება ყველაფერზე ძვირფასია.
- დღეს საქართველო ახლო არის უძრაობის ხანასთან... ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად კონკურენცია თავისუფალ ბაზარზე შობს წარმატებას, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკასა და კულტურაში. ეს ეხება მედიაბაზარსაც, მაგრამ საქართველოში შოუბიზნესიც კი არ არის თავისუფალი, ვინაიდან სახელისუფლებო გავლენამ, გარშემო ყველა თავის მსახურად და მქადაგებლად აქცია. ამიტომაც ვამბობ, როცა არ არის კონკურენცია, პროგრესი კვდება.
ამის მაგალითია ბევრისთვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები", რომელიც მე საერთოდ არ მომწონს. - როგორც კი მათ პოპულარობა მოიხვეჭეს, მაშინვე პატრულის ჰიმნი დააწერინეს. დარწმუნებული ვარ, ეს მათ რეიტინგზე დადებითად არ აისახება.
- რატომ გგონიათ ასე? შეიძლება ეს ასეც აიხსნას, რომ ხალხი ენდობა პატრულს და ჯგუფი "მგზავრებიც" საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიმღერას ხალხი არ გაუღიზიანებია...
- ამ სფეროში რაღაცები მესმის და ვიცი, საბოლოოდ როგორ აისახება ეს მათ რეიტინგზე.... მე მესმის, რომ ხალხი ენდობა პატრულს და ამ სისტემაში ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს არის მუსიკალური ჯგუფი, რომელიც სიყვარულსა და ადამიანურ გრძნობებზე მღერის და მათ სიმღერებს უამრავი ადამიანი ღიღინებს, და ასეთი აღიარების პარალელურად, ისინი იღებენ შეკვეთას და მღერიან პატრულზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ასეთი რამ ცივილურ სამყაროში არ ხდება და დემოკრატიული ქვეყნისთვისაც მიუღებელია. ვერავინ დამისახელებს ვერც ერთ როკჯგუფს, რომელმაც ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჰიმნი დაუწერა, - რა კარგები არიან და როგორ ებრძვიან კრიმინალს...
ის, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს, არის ავტორიტარული რეჟიმების სენი. მათთვის აუცილებელია, ჰიმნები ჰქონდეთ, რათა თავიანთი დადებითი მხარეები წარმოაჩინონ. შეიძლება რომელიმე სახელმწიფოს უწყებისთვის დაწერონ ჰიმნი და შეასრულოს კიდეც რომელიმე ჯგუფმა ან ვოკალისტმა, მაგრამ ხალხისთვის საყვარელმა ჯგუფმა ეს არ უნდა გააკეთოს. მათი ქმედებიდან პირდაპირ ჩანს, რომ მათ ისეთი თანხა თუ სხვა რამ შესთავაზეს, რაზეც უარი ვერ თქვეს...
- შალვა, თქვენ თქვით, რომ კონკურენცია არ არსებობს, ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა პოლიტიკაშიც...
- დიახ და ეს მხოლოდ სააკაშვილის ბრალი არ არის, ეს იმ პოლიტიკოსების ბრალია, რომლებიც ამაოდ ჰპირდებოდნენ ხალხს სააკაშვილის დამარცხებას. მათ ამისთვის ნიჭი, უნარი და მონდომება არ აღმოაჩნდათ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ?
- რა გითხრათ, ალბათ ღმერთმა არ მისცათ ამის ნიჭი... სავსებით შესაძლებელი იყო, მათ შორის ერთი ლიდერი გამოკვეთილიყო, რომელიც დანარჩენებს გაუსწრებდა და ისინიც იძულებული იქნებოდნენ, მის გვერდით დამდგარიყვნენ, მაგრამ აქამდე ვერ მივიდნენ. ახლა კი, ამ ოპოზიციის შემხედვარე, ჩემი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც თამამად ვიტყვი, რომ მირჩევნია ქვეყანას ისევ სააკაშვილი მართავდეს, ვიდრე რომელიმე ოპოზიციონერი... მათ შორის ნოღაიდელი, რომელიც ვითომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას გვპირდება.
სხვათა შორის, იმასაც გეტყვი, რომ მე უკვე თოვლის ბაბუისაც არ მჯერა... თავის დროზე სააკაშვილი იმდენად ძლიერი ლიდერი იყო, რომ დანარჩენებმა ის თავიანთ წინამძღოლად აღიარეს და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლების სათავეში. ასევე უნდა მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც, ერთი ლიდერი მაინც უნდა ჰყოლოდათ, რომელიც ფინანსურ რესურსებს მოიძიებდა, ორატორული ნიჭით, ქარიზმითა და მაღალრეიტინგულობით იქნებოდა გამოირჩეული და მაშინ გამარჯვებასაც მიაღწევდნენ, მაგრამ ამ ოპოზიციაში ყველა ერთნაირი დონისა და აზროვნების აღმოჩნდა.
- შალვა, როცა თქვენ ციხიდან გამოხვედით, საზოგადოებაში ვარაუდობდნენ, რომ პოლიტიკაში გააგრძელებდით საქმიანობას...
- მე არასდროს მითქვამს პოლიტიკაში წავალ-მეთქი. იქ არ არის ჩემი ადგილი და ბევრისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცი, რომ იქ არაფერი მესაქმება. არ მაინტერესებს ეს სფერო. იყო პოლიტიკოსი ნიშნავს, რომ ბევრი შეზღუდვა გქონდეს და საჯაროდ რაღაცები არ უნდა გააკეთო.
- მაგალითად?
- თუნდაც ის, რომ შენი სურვილისა და შინაგანი განწყობის მიუხედავად, ინტენსიურად უნდა იარო ეკლესიაში და ღვთისმოსავის ტექსტები უნდა გქონდეს გაზეპირებული. უამრავი პოლიტიკოსი ვიცი, რომლებიც უკვე წლებია ტყუილსა და ფარისევლობაში ცხოვრობენ. მე არ მხიბლავს ასეთი ცხოვრება.
- რატომ, ხელისუფლების რამდენიმე წევრი სულაც არ მიიჩნევს საჭიროდ ასეთი წესით იცხოვროს, თუმცა ეს კარიერაში ხელს ნამდვილად არ უშლის...
- სამაგიეროდ ისინი ხალხის სიმპათიით არ სარგებლობენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ შეუძლია ერთ დღეს მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინონ და მეორე დღეს უცოდველი სახით საკურთხეველთან იდგენენ. ჩემთვის ეს არ არის მისაღები.
- პოლიტიკაში წასასვლელად მხოლოდ ეს გაფერხებთ?
- არა მარტო, თუმცა ერთ-ერთი დეტალი ესეც არის. ისიც, რომ როცა შენ ხარ პოლიტიკოსი და რომელიმე პარტიის სუბორდინაციას უნდა ეგუებოდე. მე არ მიცხოვრია ასე. ჩემთვის საკუთარი თავისუფლება უფრო ძვირი და მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა დანარჩენი. საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში დაკომპლექსებული ადამიანები მიდიან, რომლებმაც სხვა სფეროში ვერ გაიხარეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს და ასეთი გზით ცდილობენ თვითდამკვიდრებას.
- არ მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი ვერც ამ სფეროში იმკვიდრებს თავს?
- როგორ არა, ყველაზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ ზოგიერთი ხომ ცდილობს დემოკრატიული იმიჯი დაიმკვიდროს. სააკაშვილსაც უნდა დემოკრატიული მმართველის იმიჯი დაიმკვიდროს, მაგრამ ეს ჩემთვის ონანიზმის ტოლფასია, ვინაიდან ხშირად ვამჩნევ, რომ ადამიანები იმიტომ მიდიან პოლიტიკაში, რომ ოპოზიციონერის სტატუსი ჰქონდეთ. ფინანსურ დახმარებას მათ სახელმწიფო გამოუყოფს, ხანაც უცხოელები და ამასობაში ფული კეთდება. ეს მათთვის საარსებო წყაროა და არ უნდათ დაკარგონ. ამიტომაც არ უნდათ არჩევნების მოგება.
- არ უნდათ, თუ ვერ იგებენ?
- რადგან ვერ ახერხებენ, გამოდის, რომ არ უნდათ. გულის სიღრმეში არ სჯერათ საკუთარი გამარჯვების და იმიტომაც არაფერი გამოსდით. თორემ, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა უნდა და სჯერა, რომ მართალ საქმეს ემსახურება, ის უკან არაფერზე იხევს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის.
- შალვა, რადიო "პალიტრაში" საკმაოდ რეიტინგული გადაცემის წამყვანი ხართ, რას გაძლევთ პოლიტიკოსებთან ასეთი აქტიური და ხშირი ურთიერთობა?
- პოლიტიკურ გამოცდილებას ნამდვილად ვერ მაძლევს... ჩვენი ქვეყანა თანდათან ავტორიტარული ხდება. მართალია, დიქტატურა არ არის და ვერც იქნება, მაგრამ ეს არ არის დემოკრატია.... ძალიან მინდა სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მომეცეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს არ გამოვა. ის ყოველთვის მაამებლურ პოლიტიკას ირჩევს და საჯარო დებატებს ერიდება. მას ურთიერთობა არ უნდა ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება არ შეაქონ და საჩოთირო საკითხებზე დაუწყონ საუბარი, თანაც საზოგადოების წინაშე. ამიტომაც ვამბობ, რომ ის ალბათ არასდროს იქნება ჩემი გადაცემის სტუმარი.
- რაც შეეხება თქვენს რადიოგადაცემას, რატომ არის ის ასეთი ექსცენტრიკული?
- მე ვარ ასეთი და იმიტომ... დიახ, ყვირილით იწყება, რა არის ამაში, ცუდი?!.. საზოგადოების ყურადღებას ვიპყრობ, მერე რა, ცუდია?!.. ვერ ვიტყვი, ასეთი რომ არ იყოს, საინტერესო არ იქნებოდა-მეთქი, უბრალოდ, ასეთი რომ არ იყოს, ჩემი არ იქნებოდა. აქ მომწონს ჩემი თავი, იმიტომ, რომ "მედიაპალიტრაში" არ არის ცენზურა და ჩემს რესპონდენტებს ვეკითხები იმას, რაც მაინტერესებს.
- პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება რომ გქონდეთ, რას ჰკითხავდით?
- რატომ არის ბაზარი მონოპოლიზებული-მეთქი... რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ თუ თავის მართლებას დაიწყებდა, ფაქტებით დავუდასტურებდი, რომ რამდენიმე ჯგუფის ხელთ არის ყველაფერი. თუნდაც ტელევიზიების ფაქტი ავიღოთ, სამივე ტელევიზია, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს, რატომ ემორჩილება ხელისუფლებას?... ასევე აუცილებლად ვკითხავდი, რა საჭიროა 14 მილიონ ლარის დახარჯვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბაზაზე მესამე არხის შესაქმნელად, რაშიც ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული იხარჯება. თანაც ამაში კერძო სტრუქტურაა დასაქმებული.
- ანუ კერძო პირი აკეთებს ახალ სატელევიზიო მაუწყებლობას?
- დიახ, სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ქალბატონი ნინო კირთაძის მეუღლე, პანსონი ჩაუდგა სათავეში. მას 14 მილიონი ლარი გადასცეს და ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც საქართველოს არაფერში სჭირდება და ასეთ რამეში ფულის დახარჯვა არის სიბრიყვე... როცა ვკითხე ლევან გახელაძეს, რა საჭიროა ეს უაზრობა-მეთქი, არაფერი მიპასუხა. არადა, მაუწყებლობაში მართლაც სავალალო მდგომარეობაა, მისი ყველა გადაცემის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია და იმის მაგივრად, რომ ამას მიხედონ, ამხელა ფულს სააკაშვილის რაღაც მორიგ, უაზრო ხუშტურში ყრიან.
ამდენი მილიონი ქვეყნის პირველ პირის ამბიციაში იხარჯება, ვითომ იმიტომ, რომ იდეოლოგიური ექსპანსია აწარმოოს რუსების წინააღმდეგ. ეს არის დამარცხებული ქვეყნის კუდამოძუებული სარდლის კომპლექსი. არადა, მგონი ყველას ახსოვს, ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კამპანიები, თუნდაც "ალანია", ვითომ დივერსიული იარაღი ოსეთის წინააღმდეგ და სრულიად უნიჭო აქცია - "კოკოითი ფანდარასტ", რომელიც კრახით დასრულდა. ასეთი რაღაცები მიანიშნებს, რომ მიშას კომპლექსები აწუხებს და რაღაც ფორმით სურს ამის რეაბილიტაცია...
ერთი სიტყვით, ეს ის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ხან ერთ ადამიანს უწყალობებს წარმატებასა და საზოგადოების ცენტრში ყოფნას, ხანაც მეორეს... ახლა ვერა ქობალიას რიგია. სხვა ვერაფერ ახსნას ვერ ვუძებნი მის დანიშვნას "მდგრადი განვითარების მინისტრად"...
- პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ქალბატონი კარგად ერკვევა ბიზნესსფეროში...
- იქნებ ჩვენს გაგვარკვიოს, რას გულისხმობს ბიზნესსფეროში გარკვევაში, ან როდის მოასწრო... დიდი აჟიოტაჟი ატყდა ღამის კლუბში მოცეკვავე დები ქობალიების ფოტოებზე. სრულიად არ მაინტერესებს თავისუფალ დროს ვინ სად ცეკვავს და რით ერთობა, თუ უნდა თავის კაბინეტში, მაგიდაზე იცეკვოს, ოღონდ საქმე გააკეთოს. როცა ქალბატონ ქობალიას უთხრეს, კანადური გაზეთი არ ადასტურებს თქვენის ბიოგრაფიაში აღნიშნულ მონაცემებსო, მან "მოიფიქრა" და თქვა, - ძალიან ბევრს, მათ შორის რუსეთს არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და ასე მებრძვიანო...
ანუ გამოვიდა, რომ კანადური გაზეთი რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ დაუგდეს ის ფოტო, რაზეც ქობალია ამბობს, - 10 წლის წინ არის გადაღებულიო, ამ შემთხვევაში მისი და 13 წლის იქნებოდა და მგონი იმ ფოტოზე არ ჰგავს 13 წლის მოზარდს...
- როგორ ფიქრობთ, რა პრინციპით დანიშნა პრეზიდენტმა ვერა ქობალია ამ პოსტზე?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ჭორები დავიჯერო, რაც ამ თემის გარშემო აგორდა, თუმცა ფაქტია, რომ ის პირადი სიმპათიებით ნიშნავს ადამიანებს ასეთ პოსტებზე. მას უნდა ქართული კონკიას შექმნა, - ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველასთვის უცნობი, მაგრამ ვითომ ნიჭიერი გოგონა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნოს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)