რადიო "პალიტრა" დღეს იუბილარია

რადიო "პალიტრა" დღეს იუბილარია

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რადიო "პალიტრას" მაუწყებლობის დაწყებიდან დღეს ორი წელი უსრულდება. რადიომ მაუწყებლობა 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის 8:00 საათზე დაიწყო.

"პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ბაია ცანავას განცხადებით, რადიო ეთერში გასასვლელად სექტემბრისთვის ემზადებოდა, თუმცა მოვლენები რუსეთ-საქართველოს ომმა დააჩქარა.

"ჩვენი რადიოს პირველი პროდუქტი საინფორმაციო გამოშვება იყო, რომელიც FM 103.9-ზე გავიდა. ეთერში გასვლა მძიმე მოვლენებს დაუკავშირდა. მაშინ გაჩნდა საინფორმაციო გამოშვების სლოგანი - "ინფორმაცია რეალურ დროში", რადგან ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაწვდიდით მსმენელს ინფორმაციას საომარი მოქმედებების და სხვა ადგილებიდან. ჩვენი რადიოს სლოგანია - "სიმართლე უმთავრესია", რაც სრულად გამოხატავს "პალიტრის" პრინციპებს", - განაცხადა ბაია ცანავამ.

მისივე თქმით, დღეს რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახური ყოველ ნახევარ საათში, 8:00 საათიდან - 22:00 საათამდე მაუწყებლობს. კრიზისულ ვითარებაში საინფორმაციო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ახალი ამბების გარდა, რადიო "პალიტრა" მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ყოველი სამუშაო დღის ბოლო ანალიტიკურ თოქ-შოუს - "რეზიუმეს" ეთმობა, რომელსაც ჟურნალისტები მერაბ მეტრეველი და დიანა ტრაპაიძე უძღვებიან. "რეზიუმეს" გასვლამდე, რადიო "პალიტრის" ეთერში მსენელების დროა. დღის ინტერაქტიული გამოკითხვა მსმენელს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას აძლევს.

ინტერაქტივის დაწყებამდე კი მსმენელს საშუალება აქვს მოისმინოს დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დღის მთავარ ამბებს ეთმობა.

ყოველ სამუშაო დღეს ეთერში ირინა თევდორაშვილის ანალიტიკური თოქ-შოუ - "ახალი დროით" გადის, სადაც აქტუალური თემები მოწვეულ სტუმართან ერთად განიხილება.

ყოველი დღე შემეცნებით-გასართობ პროგრამა - "დილის პალიტრასთან" ერთად იწყება, რომელსაც მირანდა ბაზღაძე და კოკა კვირკველია ამზადებენ. დილის პროგრამის დასრულების შემდეგ გადაცემა "პრეს-თაიმში" ნინო მურღულია ქართულ პრესას მიმოიხილავს. მოგვიანებით კი, გიორგი კალანდაძე საქმიან ადამიანებს ბიზნესის სიახლეებსა და პრობლემებზე გადაცემა - "საქმეში" ესაუბრება.

რადიო მსმენელს ხუთშაბათობით მამუკა არეშიძის "კავკასიურ პალიტრას" სთავაზობს. ყოველ შაბათს დაჩი გრძელიშვილი მსმენელისთვის რადიო ჟურნალ "რაკურსს", ხოლო დიმიტრი ობოლაძე გადაცემა "სპორტს" ამზადებს. სამშაბათობით ეთერში გადის ასევე თამარ ცაგარეიშვილის თოქ-შოუ - "ჩვენ".

ყოველ შაბათს შემეცნებით-გასართობი გადაცემა - "შუადღე" გაგა გობრონიძესა და მარიკა დარჩიასთან ერთად მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. მუსიკის მოყვარულებს პროგრამა - "ჯიმიქსის" ავტორები ჯიმი იაშვილი და თამთა კვარაცხელია პარასკევს ელიან. ოთხშაბათობით სალომე ლილუაშვილის საავტორო პროგრამა "მკურნალში" სამედიცინო პრობლემებს განიხილავენ. ყოველ სამუშაო დღეს კი შალვა რამიშვილის შოუ - "ცენტრი" ასრულებს.

რადიო "პალიტრა" თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. რადიოს მოსმენა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, მისამართზე www.radiopalitra.ge. რადიო "პალიტრა" "პალიტრა მედიის" წევრია.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები