მომხიბვლელმა ჟურნალისტმა ეკა კახიანმა, ლულუმ, კარგად იცის, როგორი სამოსი უხდება და რა არის ქალისთვის მნიშვნელოვანი...
- როგორი სტილის სამოსს ამჯობინებ?
- ყოველდღიურად - თავისუფალს, რადგან კომფორტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისე, სიტუაციას გააჩნია.
- მაღალ ქუსლებზე თავს მოუხერხებლად გრძნობ?
- სულაც არა, მაღალი ქუსლები თავდაჯერებას მმატებს, ეს კი ქალისთვის მნიშვნელოვანია.
- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?
- ნამდვილად მოითხოვს. თუნდაც თმის შეღებვა, რასაც საკმაო დრო სჭირდება.
- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?
- დღისით - მსუბუქს, წვეულებაზე კი განსაკუთრებულს.
- რომელი ფირმის პარფიუმერიას ხმარობ?
- მიმაჩნია, "ლ,ორეალი" და "მაქს ფაქტორი" საუკეთესოა.
- სუნამოს რომელს იპკურებ?
- ამჟამად მეუღლის მიერ პარიზიდან ჩამოტანილ "ქლოეს". ძალიან მომწონს ეს სურნელი.
- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?
- უმთავრესად ვიცვამ იმას, რაც მიხდება და მომწონს.
- ქართველ დიზაინერებზეც გკითხავ - ალბათ, ბევრთან გიმუშავია...
- ჩემი პროფესიის წყალობით არაერთი დიზაინერის კოსტიუმი მაქვს მორგებული, თუმცა ვერავის გამოვარჩევ. "მაესტროში" რომ ვმუშაობდი, იმხანად ავთანდილი იწყებდა თავის კარიერას და ეთერში სულ მისი კაბები მეცვა. ერთი შევიძინე კიდეც 100 ლარად.
- უცხოელი დიზაინერებიდან ვინ არის შენი ფავორიტი?
- დოლჩე და გაბანა.
- რომელი აქსესუარი გიყვარს ყველაზე მეტად?
- სათვალე და ჩანთა. ბევრი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ერთმანეთისგან განსხვავდება.
- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხარ?
- თუ ქალს ამის საშუალება და სურვილი აქვს, რატომაც არ უნდა მიმართოს ექიმს?
- ტატუს წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა, თუმცა არასდროს გამიკეთებია.
- საქართველოში ვინ იმოსება გემოვნებით?
- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რატომღაც არ ვაკვირდები, ვის რა აცვია.
- როგორ შეაფასებდი თბილისურ მოდას?
- რაც მოდურია, ის აცვია ყველას. მგონი, არ უნდა იყოს მისასალმებელი, ყველა ერთნაირად რომ იცვამს.
- რომელი ფერი ჭარბობს შენს გარდერობში?
- ნაცრისფერი და ყავისფერი. ზაფხულის ფერები უფრო ღიაა, რა თქმა უნდა. ზაფხულში თეთრი და სალათისფერი მომწონს.
- ამ სეზონზე გრძელი კაბებია აქტუალური. მოგწონს?
- სხვას რომ აცვია, მომწონს, თუმცა მე ვერ ვირგებ.
- ყველა ქალმა იცის, ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაწილს გაუსვას ხაზი. შენ რაზე აკეთებ აქცენტს?
- ფეხებზე.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)