შვედეთში საიტ WikiLeaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჯის დაკავებაზე ორდერი გაიცა. საიტი საიდუმლო მასალების პუბლიკაციაზეა სპეციალიზირებული. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Expressen იუწყება.
ასანჯი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. ჟურნალისტთა ცნობით, დაზარალებული ორი ახალგაზრდა ქალია, რომლებმაც სტოკჰოლმის პოლიციას საჩივრით 20 აგვისტოს მიმართეს.
შვედეთის პროკურატურამ დაკავების ორდერის გაცემის ფაქტი დაადასტურა, გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ ეჭვმიტანილმა შესაძლოა გამოძიების წარმართვას ხელი შეუშალოს.
ასანჯი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მან სტოკჰოლმის გაზეთ Dagens Nyheter-ის რედაქციას ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა, სადაც ის კითხვას სვამს: "საინტერესოა - ბრალდება მაინცდამაინც ახლა რატომ წამიყენეს?" ასანჯი გულისხმობდა საკუთარ საიტზე პენტაგონის "ავღანური დოსიეს" გამოქვეყნების სკანდალურ ფაქტს, რის გამოც ამერიკის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მოექცა.
ჯულიან ასანჯი ავსტრალიის მოქალაქეა, მისი ადგილსამყოფელი კი ამ დროისთვის უცნობია. წინა კვირაში ის სტოკჰოლმს სტუმრობდა, სადაც 15 ათასი ახალი "ავღანური დოკუმენტის" ინტერნეტში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.
აღსანიშნავია, რომ საიტ WikiLeaks-ის სერვერები სწორედ შვედეთშია, რაც ამ ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხითაა განპირობებული.
მომზადებულია გაზეთ Expressen-ის მიხედვით.