ოთხშაბათს საიტ Wikileaks-ზე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის სათაურია: "დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სპეციალური ჩანაწერი: რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი უცხოელები აშშ-ს ტერორიზმის ექსპორტიორად მიიჩნევენ". ორგვერდნახევრიანი დოკუმენტი, მასზე დაფიქსირებული თარიღის თანახმად, 2010 წლის 5 თებერვალს ამერიკის დაზვერვის სპეციალისტებმა მოამზადეს.
დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო/არა უცხოელთათვის" ადევს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს "წითელი უჯრედის" მომზადებულია, რომელიც "დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში მოქმედებს და საკითხთან არასტანდარტულ მიდგომებს იყენებს".
დოკუმენტში მოყვანილია რისკები, რომლებიც იმ შემთხვევაში წარმოიშვება, თუკი ტერორისტები აშშ-ის ტერიტორიიდან იმოქმედებენ. მასში ასევე ნათქვამია, რომ მუსულმანური და სხვა დაჯგუფებები უკვე დიდი ხანია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის აშშ-ს საკუთარ ბაზად განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ Wikileaks აშშ-ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ზესაიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრებოდა, ოთხშაბათს საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში რევოლუციური ინფორმაცია ნამდვილად არ ყოფილა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს საიდუმლო ჩანაწერზე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საიტის მეპატრონეებმა ამერიკის ხელისუფლებას დოკუმენტის გამოქვეყნებაზე წინასწარ არ შეატყობინეს, თუმცა, მისი თქით, "ეს დოკუმენტი ბომბი სულაც არ არის".
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.