"სიმინდს ბენდუქიძისგან არ ვიყიდი"

"სიმინდს ბენდუქიძისგან არ ვიყიდი"

რუბრიკა "ფსიქოს" კითხვებს უპასუხებს ჟურნალისტი გიორგი უძილაური:

- გიორგი, წარმოიდგინეთ გუბე, ჩაიხედეთ და აღწერეთ, როგორ გამოიყურებით.

- დაახლოებით ისევე, როგორც სარკეში - მოღიმარი და მშვიდი სახე მაქვს.

- წარმოიდგინეთ, წევხართ პლაჟზე და მზეს ეფიცხებით... ამ დროს ჩაგიარათ კახა ბენდუქიძემ, რომელსაც ხელში სიმინდით სავსე უზარმაზარი სათლი უჭირავს და ყიდის...

- (იცინის). გავეკიდები და კარგად დავაკვირდები, მართლა ბენდუქიძეა თუ არა. როცა დავრწმუნდები, რომ ისაა, ვეტყვი, გილოცავ, კახა, როგორც იქნა შესაფერისი პროფესია გიპოვია-მეთქი. სიმინდს კი ბენდუქიძისგან არ ვიყიდი.

- დამისახელე ლუქსემბურგის დედაქალაქი.

- ლუქსემბურგი.

- ქალაქური სიმღერების შემსრულებელმა ნინო ჩხეიძემ კრუიზში რომ დაგპატიჟოთ, რას ეტყოდით?

- სასტიკ უარს განვუცხადებდი, რადგან ვიფიქრებდი, რომ ფარული კამერით მიღებენ. მთავარი ისაა, რომ მე და ნინო ჩხეიძეს საერთო არაფერი გვაქვს და, რა თქმა უნდა, სამოგზაუროდ მასთან ერთად ვერ წავიდოდი.

- რას ნიშნავს სიტყვა "გაზეთი"?

- "გაზეტ" ფრანგული სიტყვაა, ოღონდ რას ნიშნავს, არ მახსოვს...

- "ლა გაზეტა" ფრანგული სიტყვაა და ქართულად ხურდა ფულს ნიშნავს.

სააკაშვილმა 100 დღით საქართველოს პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოთ, რას გააკეთებდით?

- მთელ მთავრობას შევცვლიდი - გარეწრებისგან გავწმენდდი. სააკაშვილს და მის დამქაშებს კი ყველაფერზე პასუხს ვაგებინებდი... არ დავხვრეტდი, მაგრამ სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი.

- შემოიღებდით თუ არა საქართველოში სიკვდილით დასჯას?

- არა, რას ამბობთ, ყველაფრის მიუხედავად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ.

- თურმე ადამიანი დღეში 200-ჯერ მაინც იტყუება. ეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს. მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველაზე გამოუსწორებელი მატყუარები არიან გამყიდველები, ჟურნალისტები და... თქვენი აზრით, კიდევ რომელი პროფესიის ადამიანები ცრუობენ ხშირად?

- პოლიტიკოსები. 

- რა დაემართა ცნობილ ესპანელ მხატვარ გოიას სიბერეში?

- თუ არ ვცდები, დაყრუვდა.

- არ ცდებით. თქვენი ორეული რომ შეგხვდეთ ქუჩაში, რა განცდა გაგიჩნდებათ?

- სიმართლე გითხრათ, მსგავს სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩენილვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. ალბათ, გავაჩერებ და გამოველაპარაკები. სხვათა შორის, ცხოვრებაში არავის არავისთვის მივუმსგავსებივარ. თუმცა ხმით ბევრი მამსგავსებს მომღერალ იან ანდერსენს.

- მიზანი ამართლებს საშუალებას?

- გააჩნია მიზანს. მიზნის მისაღწევად მორალთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე.

- და მაინც, ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი - "მიზანი ამართლებს საშუალებას"?

- მაკიაველის. სხვათა შორის, მაკიაველის ყველაფერში არ ვეთანხმები.

- საქართველოში მომღერალთა დედოფლად ნინა წკრიალაშვილი რომ აღიარონ?..

- დავრწმუნდები, რომ ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი არაფერია. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს სიმღერის დედოფლად ნინო ქათამაძეს გამოვაცხადებდი. ახალგაზრდა მომღერალი მამაკაცებიდან კი ნიაზ დიასამიძე მომწონს.

- რა გვარი იყო ალექსანდრე ყაზბეგი?

- ჩოფიკაშვილი.

- ფსიქოლოგთან ყოფილხართ?

- არასდროს. ჩემი ფსიქოლოგები ჩემი მეგობრები არიან. თუ დახმარება მჭირდება - მორალურად, მატერიალურად ან სხვა - მათი იმედი მაქვს. 

- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- გასაბერ ქალს, ციხეში გამოადგება.

ფსიქოლოგის დასკვნა

ვახტანგ ჯაფარიძე, ფსიქოლოგი: - პირდაპირი ადამიანია. იშვიათად კარგავს წონასწორობას, ცდილობს, ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოს. ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი აქვს. არ არის კონფლიქტური და რთულ სიტუაციებსაც ადვილად აღწევს თავს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები