"სუნამოს ამინდისა და განწყობის მიხედვით ვიპკურებ"

"სუნამოს ამინდისა და განწყობის მიხედვით ვიპკურებ"

რუბრიკა "სტილის" სტუმარი "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეკა მიშველაძეა. ეკა ამბობს, რომ ჩაცმულობაში ავანგარდული სტილით არ გამოირჩევა, თუმცა ყველასავით არ აცვია.

- სამუშაო დღეებში აკადემიურად ვიცვამ, ხოლო შაბათ-კვირას, როცა სამსახურში არ მივდივარ, თავისუფლად ჩაცმა მირჩევნია.

- დიდხანს ფიქრობთ, რა ჩაიცვათ?

- დილისთვის წინა საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებისთანავე ვემზადები.

- საყიდლებზე სიარული საინტერესო პროცესია თქვენთვის?

- ეს ჩემი საყვარელი დასვენებაა, საუკეთესო განტვირთვა. თბილისში სამოსს არ ვყიდულობ - საბედნიეროდ, მაქვს იმის საშუალება, რომ უცხოეთში შევიძინო.

- უკანასკნელი კაპიკები თუ გადაგიხდიათ სამოსში?

- არა, ასეთი რამ არ მოხდება. როცა ვიცი, რომ მეორე დღეს ფული აღარ მექნება, ფუფუნების საგნებში არ დავხარჯავ. აუცილებლობა არ არის, ცნობილი ბრენდის სამოსი მეცვას.

- ალბათ თქვენც გყავთ საყვარელი დიზაინერი...

- ჯორჯო არმანი... გული მწყდება, ვინაიდან იშვიათად ვახერხებ მისი კოლექციიდან რამის შეძენას. ჩემს გარდერობშიც ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები მოიძებნება, ოღონდ, მერწმუნეთ, ყველა "სეილზე" მაქვს შეძენილი (იცინის).

- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ბრძანდებით?

- მომწონს მათი ნამუშევრები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან ვერ ვიკერავ, რადგან საამისოდ ვერ ვიცლი.

- თბილისური მოდის ტენდენციებზე რას გვეტყვით?

- მიმაჩნია, რომ თბილისელები ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ ჩარჩოებისგან. თითქმის ყველას ერთნაირად აცვია. ჯინსსა და თეთრ პერანგში თუ ხარ გამოწყობილი, ესე იგი, მოდის მწვერვალზე დგახარ. თუმცა არიან განსხვავებულად ჩაცმული ადამიანებიც. ჩაცმის ავანგარდული სტილით არ გამოივირჩევი, თუმცა არც ყველას მსგავსად მაცვია.

- რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

- ფირუზისფერი. ჩემი სამოსიც უმეტესად ამ ფერისაა. მაქვს ყვითელი, თეთრი და შავი სამოსიც. სამაგიეროდ, არ მაქვს წითელი და ვარდისფერი. სხვებს რომ აცვიათ, მომწონს, მაგრამ ეს ჩემი ფერები არ არის. ამას წინათ მეგობარმა დამირეკა უცხოეთიდან ძალიან ლამაზი ფერის ბრელოკი ჩამოგიტანეო და ზუსტად ვიცი, რომ ფირუზისფერი იქნება. მოკლედ, ფერადი სამოსი მიყვარს, მაგრამ ზედმეტად ჭრელი არ მომწონს.

- ქალბატონები ჩანთას ხშირად უხამებენ ფეხსაცმელს...

- იყო დრო, როცა ვცდილობდი, მეც ასე მოვქცეულიყავი. ახლა ამაზე აღარც კი ვფიქრობ. წითელი ჩანთები ძალიან მომწონს, მაგრამ ვერასოდეს დავიჭერ. მაქვს იასამნისფერი ჩანთა, რომელიც მარტო იმიტომ ვიყიდე, რომ ორი წლის წინ ეს ფერი მოდური იყო.

- როგორია ეკას ფეხსაცმელი?

- უმთავრესად ქუსლიანი, თუმცა ყველაზე კომფორტულად "ტანკეტკაძირებიანი" ფეხსაცმელები მიმაჩნია. როგორც კი დათბება, მაშინვე ვიშიშვლებ ფეხებს. მომწონს ქოშები, სანდლები...

- სხეულის რომელ ნაწილზე აკეთებთ აქცენტს ჩაცმისას?

- მთელ სხეულზე (იცინის). მაცვია უმეტესად მჭიდრო, ტანზე მომდგარი ტანსაცმელი. იმიტომ კი არა, რომ იდეალური სხეული მაქვს, - უფრო მეტად მიხდება, ვიდრე ფართხუნა სამოსი. ზამთარში სულ შარვალი მაცვია, ზაფხულში - მოკლე კაბა.

- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი?

- ოქროს ბეჭედი აკვამარინის თვალით, რომელიც მაჩუქეს და რომელსაც მხოლოდ ძილის დროს ვიხსნი. საყურეს მხოლოდ ეთერისთვის ვიკეთებ, აი, სამაჯური და საათი კი სულ მიკეთია.

- სათვალე?

- სათვალეს აქსესუარად ვერ აღვიქვამ. ის ჩემთვის საჭირო ნივთი უფროა, რადგან მზეზე თვალები მტკივდება. ამოვიჩემებ ხოლმე ერთ სათვალეს და ვატარებ, ვიდრე არ გამიტყდება.

- რომელ სუნამოს იპკურებთ?

- სუნამო ჩემი სისუსტეა. მისი შერჩევა დიდ სიამოვნებას მგვრის. ახლა 4-5 სუნამო მაქვს, ამინდისა და განწყობის მიხედვით ვიპკურებ. თუ მოღრუბლულია - "ტომ ფორდს", თუ მზიანი ამინდია - "ჟივანშის", თუ დეპრესიულ განწყობაზე ვარ - "გუჩის"...

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?

- პლასტიკური ქირურგია აუცილებელია, როცა გჭირდება. როცა დამჭირდება, გავიკეთებ. ჯერჯერობით მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა და მგონი, არც მაქვს რამე შესაცვლელი, მაგრამ ნაოჭები რომ გამიჩნდება, მეც მივმართავ ამ გზას - მიმაჩნია, ქალმა ყოველთვის უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები