"მონიტორიდან სიტყვებს თუთიყუშივით არ უნდა იმეორებდე"

"მონიტორიდან სიტყვებს თუთიყუშივით არ უნდა იმეორებდე"

ქართული ენის, განსაკუთრებით ტელეენის პრობლემებზე საქართველოს დამსახურებული არტისტი ლია მიქაძე გვესაუბრება.

- საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ისტორიაში პირველი სატელევიზიო გადაცემის, რომელიც 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში, წამყვანი გახლდით გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიის დაარსებას, სადაც გადაცემები ძირითადად, ქართულ ენაზე იყო, უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გვქონდა შეთანხმება სოჭის ტელევიზიასთან და თვეში ერთხელ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, მიგვქონდა საათნახევრიანი ქართულენოვანი პროგრამა შავიზღვისპირეთში მცხოვრები ქართველებისთვის. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდნენ ისინი გადაცემებს მშობლიურ ენაზე... ენას დიდი მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. დღეს კი რა ქართულით ვსაუბრობთ? საიდან მოვიდა ეს უცხო სიტყვათწყობა? ზოგჯერ, იმდენი კილოკავის ნარევი, ნაზავი ისმის, ვერ გაიგებ, რა ენაზე ლაპარაკობენ. ენის ასე დაბინძურება დიდი ბოროტმოქმედებაა.

- მაგრამ იცვლება საზოგადოებრივი ურთიერთობები, ყოფა, ენაც უფრო მოქნილი, დროის შესაბამისი ხდება..

- მთავარია, რაში გამოიხატება ენის სახეცვლილება, ან რას ნიშნავს "მოქნილი"? განა ჟარგონის მოზღვავება ენის სასიკეთო ცვლილებაა?! ქართულში ზღვარი სალიტერატურო და სალაპარაკო ენას შორის დიდია და უფსკრული, სამწუხაროდ, ღრმავდება. ან დღევანდელ სკოლაში ასწავლიან კი ქართულს ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა ასწავლონ? სწორედ ჩემი ქართული ენის შესანიშნავი პედაგოგების წყალობითაა ჩემთვის მშობლიური ენა დღემდე წმიდათაწმიდა.

- როცა ტელეწამყვანთა კონკურსში, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კასტინგში გაიმარჯვეთ, აქცევდნენ ყურადღებას კონკურსანტთა გამართულ მეტყველებას, ინტელექტს?

- რა თქმა უნდა. რამდენიმე შესარჩევი ტური ჩატარდა. ჯერ რადიოსთვის ჩაგვწერეს, ჩვენი ხმის ტემბრის გარკვევა სურდათ, რადგან მიკროფონი ცვლის ტემბრს. წაგვაკითხეს ოფიციალური ტექსტები, 300 მონაწილიდან ჯერ 9 შეგვარჩიეს და დამატებით მხატვრული ნაწარმოებების ფრაგმენტები წაგვაკითხეს. ბოლოს ამ ცხრიდან ორნიღა დავრჩით - შურიკო მაჭავარიანი და მე. დღეს რომ საუბრობენ, იმ ქართულით ვინმეს რომ ელაპარაკა, ახლოს არ გააკარებდნენ ეკრანს. ამიტომ ისმოდა დახვეწილი, გამართული, და რაც მთავარია, მაყურებლისთვის გასაგები ქართული. ჯერ ერთი, ადამიანის ტვინს სიტყვების განსაზღვრული რაოდენობის დამახსოვრების უნარი აქვს. როგორ შეიძლება ამ ტემპით ლაპარაკი ტელეეკრანიდან? აზრი იკარგება და ჩანს, რომ წამყვანი თვითონ ვერ იაზრებს, რას ლაპარაკობს, ეს მათ გამომეტყველებაზეც ეტყობათ, ისევე როგორც ის, რომ მხოლოდ მოკარნახის დახმარებით შეუძლიათ მუშაობა და მონიტორს თვალს ვერ აშორებენ. ჩემთვის სუფლიორით მუშაობა წარმოუდგენელია. კადრში უნდა ჩანდეს, რომ აზროვნებ, თუთიყუშივით არ უნდა იმეორებდე სიტყვებს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს იკარგება კონტაქტი მაყურებელთან. ტელევიზიაში ქუჩიდან მოსულების ადგილი არ არის - არც შესაბამისი განათლება აქვთ, არც წიგნიერება, მშობლიურ ენასთანაც მწყრალად არიან. ამასთანავე, ტელეეკრანს სხვა თავდაჭერა სჭირდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მოსმენის კულტურა. ჩვენთან კი რა ხდება? დასვამს ჟურნალისტი კითხვას და მერე ისეთი ცარიელი თვალებით იყურება, აშკარაა, რომ არ უსმენს რესპონდენტს, მხოლოდ წინასწარ მომზადებულ კითხვებში იყურება - ხომ შეიძლება, რესპონდენტმა თემას გადაუხვიოს? მათი უმრავლესობის მეტყველება კრიტიკას ვერ უძლებს. მხოლოდ ლაპარაკი მეტყველებას როდი ნიშნავს. სწორად მეტყველებას თეატრალურ ინსტიტუტში (ახლანდელ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში) ასწავლიდნენ და ასწავლიან... ან ხომ შეიძლება ტელევიზიებში ჰყავდეთ პედაგოგები, რომლებიც ცოტა მაინც გამოუსწორებდნენ დღევანდელ წამყვანებს მეტყველებას?!

- დღეს ცხოვრების ტემპი აჩქარებულია და შესაბამისად მეტყველებაც, თანაც საეთერო დრო ფულია...

- დიახ, საეთერო დრო ფულია და სწორედ ამიტომაც არ უნდა ხდებოდეს ეკრანზე ის, რაც ხდება, ეს დროც გადაყრილია და ფულიც... გახშირდა ყურისმომჭრელი ინტონაციები. ქართულ ენას არა აქვს ისეთი მახვილები, როგორიც ფრანგულს ან რუსულს, მაგრამ წინადადებაში ყოველთვის არის აზრობრივი მახვილი. ჩანს, რომ ტელეჟურნალისტების უმრავლესობამ ქვემდებარე და შემასმენელი არ იცის, ისე ახტუნავებენ წინ და უკან წინადადების წევრებს, აზრს ვერ გამოიტან. ენის სიღარიბეც და ლექსიკის სიმწირეც თვალში საცემია. რაც შეეხება უცხო ენებს, ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, თუმცა, თუ მშობლიური ენა არ იცი სრულყოფილად, სხვას ვერ დაეუფლები. უცხო ენა მშობლიური ვერასოდეს გახდება, უკეთეს შემთხვევაში, იმ დონეზე ისწავლი, რა დონეზეც მშობლიური ენა იცი. ქართული ენის დაცვაზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც სანქცია-შეზღუდვების დაწესებაა საჭირო. რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ "ცნობადი" და არა "ცნობილი", საიდან ეს ყურით მოთრეული, ნაძალადევი სიტყვები? ჩვენ გარშემო ხშირად ისმის: "კარგით", "ბოდიშით", რამდენჯერ უნდა ითქვას, რომ "ბოდიშს" მრავლობითი არა აქვს?!

- თუ გქონიათ რომელიმე ტელევიზიიდან შეთავაზება, ყოფილიყავით მათი კონსულტანტი, ახალბედა ჟურნალისტებისთვის მეტყველების კულტურა გესწავლებინათ?

- ჩვენი ასაკის ხალხი აღარავის სჭირდება, ეგენი ტელევიზიაში უკვე ყოვლისმცოდნენი მოდიან. ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც ნიჭიერად მიმაჩნდა, შენიშვნა მივეცი, ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ეთერში პირდაპირ ლოგინიდან, ღამის პერანგით შემოიჭრაო... და იცით, რა მიპასუხა? - თავის მოწესრიგება მეზარებაო... შეიძლება "ბი-ბი-სის" ან "სი-ენ-ენის" წამყვანს სათანადოდ არ ეცვას?

- არასწორად, შეცდომით წარმოთქმული ფრაზის გამო თუ შეგმთხვევიათ კურიოზი?

- შესანიშნავმა ჟურნალისტმა ვახტანგ მამალაძემ მოამზადა გადაცემა ცნობილ მოღვაწეზე, მეცნიერ ვახუშტი ბატონიშვილზე. ტექსტს გატაცებით ვკითხულობდი, სტუდიის მიღმა სააპარატო ჩანდა, ვხედავ, ვახტანგს თავზე ხელები აქვს შემოწყობილი, ვიფიქრე გადაცემა მოეწონა-მეთქი. გამოსვლისას კითხვაზე - კმაყოფილი ხარ? ასე მიპასუხა: - კი მაგრამ, გეოგრაფი ქორეოგრაფად რატომ მიქციეო? ისე მწარედ დამამახსოვრდა, მეტჯერ შეცდომა აღარც დამიშვია.

- თქვენ ძალიან პოპულარული იყავით და ცხადია, არც თაყვანისმცემლები გაკლდათ. ამბობენ, რომ მათ შორის კუბის ლეგენდარული ლიდერი ფიდელ კასტროც იყო.

- ტელევიზიის ხელმძღვანელი აკაკი ძიძიგური თავისი საქმის ფანატიკოსი იყო და ჩვენც შეწირულებივით ვიყავით, თუმცა ჩემი ზოგიერთი მეგობრისთვის ეს მხოლოდ სამსახური იყო, ჩემთვის - მთელი ცხოვრება. არც მოსკოვში სამუშაოდ გადასვლას დავთანხმდი, როცა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიბარა და მითხრა: მოსკოვში უნდა წახვიდეო. ვუთხარი, საქართველოს ტელევიზია ჩემი პირველი შვილია-მეთქი. ჩემი პირადი ცხოვრებაც ტელევიზიას შეეწირა, თუმცა, 50-წლიანი სამსახურის შემდეგ, 2005 წელს ტელევიზიიდან უსამართლოდ გულნატკენი გამომიშვეს. ლომონივით გამომწურეს და... რაც შეეხება ფიდელ კასტროს, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი... იყვნენ სხვა თაყვანისმცემლებიც, არანაკლებ პოპულარული მამაკაცები, მაგრამ საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ვერც საქმეს ვუღალატე და ვერც ჩემს ქვეყანას.

ესაუბრა  ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები