სერგი გვარჯალაძეს წარსულის გახსენება აღიზიანებს

სერგი გვარჯალაძეს წარსულის გახსენება აღიზიანებს

სატელევიზიო სივრცეში 90-იან წლებში, "მეორე არხზე" გამოჩნდა. "ეს მეორე არხია, მე ვარ სერგი გვარჯალაძე" -ეს სიტყვები არხისთვის ლამის სლოგანად იქცა. შემდეგ იყო "კომუნიკატორი", ოღონდ -"პირველი არხზე". სერგი გვარჯალაძის პოპულარობაც უფრო იზრდებოდა. ტელევიზიის გარდა სერგი აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებასაც ეწეოდა. რამდენიმე წლის წინ კი ეთერიდან გაქრა. მართალია, ტელევიზიას დაემშვიდობა, მაგრამ სხვადასხვა დროს საინტერესო პროექტებით გვახსენებდა თავს. ბოლო დროს ბევრ სოციალურ ქსელში გაიხსნა თემა, "სად არის სერგი გვარჯალაძე". მისი სიმღერებიც თითქოს თავიდან აღმოაჩინეს და ის ძველი სერგი მოენატრათ, რომელიც ამ გადმოსახედიდან, ქართველ ტელეწამყვანებში ალბათ პიონერი იყო.

დღეს ძირითადად დოკუმენტური კინოთია დაკავებული და ყოველ წელს ქართული ინოვაციური მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას -"ელექტრონავტებს" ატარებს. ტელევიზიას ისევ დაუბრუნდა, ოღონდ პროდიუსერის ამპლუაში. "პირველ კავკასიურზე" ახალი გადაცემა "პოპ-მოპედი" დაიწყო...

-სერგი, საუბარი ახალი გადაცემით დავიწყოთ.

-როდესაც "პირველ კავკასიურზე" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რამდენიმე მეგობართან ერთად სურვილი გამიჩნდა, პროექტი გაგვეკეთებინა. გადაცემა ყოველკვირეულია და ძალიან კარგი საშუალებაა, პოპულარიზაცია გაუწიო იმას, რაც დღეს ქართულ პოპკულტურაში ხდება. ეს არხი რუსულენოვანია და ბევრად უფრო მეტი ადამიანისთვის არის გასაგები. გადაცემაში ყველაფერს გავაშუქებთ. თანაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ახალი თაობა წამოვიდა, რომლებსაც განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ და სულ სხვა პირობებში ცხოვრობენ.

-დღეს თქვენი თაობის მუსიკოსები უფრო პოპულარები არიან...

-ახალი თაობა ძალიან განსხვავდება 90-იანელებისგან. ძველი თაობა პოპულარობისთვის არ იბრძოდა, მთავარი იყო პროტესტი. "მეორე არხის" მეშვეობით რაღაცებს ვაშუქებდით, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ პერიოდში მღეროდნენ, პოპულარულები უფრო გვიან გახდნენ. ის მუსიკის შექმნისა და ჩამოყალიბების პერიოდი იყო, დღეს უფრო აქტიური ქმედებისა და კომერციალიზაციის დროა. ჩვენთვის მაშინ წარმოუდგენელი იყო მუსიკით ფულის გაკეთება. დღეს ეს საქმე პროფესიად იქცა. გამდიდრებას არ ვგულისხმობ, მომღერალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავი შეინახოს, ბევრი დაწეროს.

-კომერციალიზაცია და პოლიტიკა, რომელიც დღეს ნებისმიერ სფეროშია...

-ვერ დაგეთანხმებით, რომ თუ მომღერალი საარჩევნო კონცერტებზე მღერის, ის პოლიტიზებულია. ის, რასაც აკეთებდა დადა დადიანის ჯგუფი "ტაქსი", ის, რასაც ამბობდა ირაკლი ჩარკვიანი, უფრო დიდი პოლიტიკა იყო. პოლიტიზება ის არის, როდესაც მე გამოვდივარ და ჩემს პირად აზრს გამოვხატავ.

-დღეს ბევრი მომღერალი გა­­მოდის და რომელიმე პარტიისადმი საკუთარ მხარდაჭერასაც გამოხატავს. სწორედ ამას ვგულისხმობდი...

-მე არ მიმაჩნია, რომ ესენი ის ხალხი არიან, ვისზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის იქნებიან და იმის უფლება არ მაქვს, ვიღაც განვსაჯო. პოლიტიზება პოპკულტურაში ცოტა სხვა არის. დღეს საკუთარ პრობლემებზე მღერიან და არა იმაზე, მეფე ან პრეზიდენტი ჩამოვაგდოთ და ქვეყანა გადავატრიალოთო.

29 აპრილს "ელექტრონავტების" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სტატუსი პრინციპულად გამოვცვალეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ. არანაირი შეზღუდვა არ არის, ელექტრომუსიკის გარდა შეიძლება, ვიდეოკლიპები და პერფორმანსებიც იყოს. თუმცა ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, ეს არის დაფინანსება. ახლა მოვიფიქრეთ და ფონდი შევქმენით, სადაც ყველა თავისი ნებით შეიტანს თანხას. ვინმე რომ ბანერის დაკიდებაში დაგვეხმაროს, ეგეც კარგია.

-ეთერში დაბრუნებას აღარ აპირებთ?

-ეს დილემა დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. ბოლო გადაცემა "კომუნიკატორი" იყო. იმის შემდეგ აღარ მქონია ეთერში დაბრუნების სურვილი. ჩემთვის საინტერესოა რაღაც ახლის კეთება, ნულიდან რაღაცის შექმნა. ახლა ჩემი მთავარი ამბიცია დოკუმენტალისტიკა და სატელევიზიო პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაკეთებაა, და არა იმაზე ფიქრი, რომ ეკრანზე გამოვჩნდე. ეს მოსაწყენი და მოსაბეზრებელი პროცესია.

-თუმცა თქვენი გადაცემებით ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთგვარი გადატრიალება მოახდინეთ...

-"მეორე არხზე" მაშინ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. შემდეგ იყო "კომუნიკატორი", მსგავსი ფორმატის გადაცემაც პირველი იყო და მაყურებელმა აიტაცა. ამის გავლენას დღესაც ვხედავ, როდესაც ტელევიზიით ლეპტოპიანი ადამიანი გამოდის და ღია ეთერში ვიღაცებს ელაპარაკება. ეს ცოტა მოსაწყენია ჩემთვის, რამდენი ხანი უნდა გამეკეთებინა? ბევრი საინტერესო თემაა, რაზეც მუშაობა შეიძლება და იმის გამო, რომ ეთერში იყო, დროის დაკარგვა არ ღირს.

-ამ პერიოდში არც ერთი ტელევიზიიდან არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

-წამყვან ტელევიზიებთან ყოველთვის მაქვს ურთიერთობა. არ არის წელი და სეზონი, რომ რაღაც არ შევთავაზო. სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ რასაც ჩვენი ჯგუფი აკეთებს, ვერ ვიტყვი, რომ მათთვის კომერციულად მომგებიანია. ეს უფრო "საზოგადოებრივი არხის" პროდუქციაა და მას უნდა აინტერესებდეს. როგორც ვხვდები, ჯერ ამის დრო არ არის და არც ამის სურვილი აქვთ. გასართობ და უკვე აპრობირებული ფორმატის გადაცემებს აკეთებენ. თუმცა ასეთი პროდუქციისთვის "საზოგადოებრივ არხზე" მაინც უნდა იყოს პატარა ნიშა დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, ეს დროც დადგება.

-არსებობს ხალხი, ვისაც ენატრება იმ ტიპის გადაცემები, როგორიც თქვენ მიგყავდათ...

-მოხარული ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მედიაში რაღაც უნდა შეიცვალოს... თუმცა ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელია, როდესაც მახსენებენ, რამდენი წლის ვარ და რა გამიკეთებია წარსულში. ეს იყო და აღარ არის ჩემთვის საინტერესო. მე ის უფრო მაინტერესებს, რა იქნება ხვალ. სიამოვნებით ვიღებ კომპლიმენტებს, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი. მინდა, ჩემი მოვალეობა ზედმეტი პატრიოტიზმის გარეშე შევასრულო.

-მუსიკაზე გააკეთეთ გადაცემა...

-პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ის იქნება, რომ "ელექტრონავტების" დაჯილდოების ცერემონია "პირველ არხზე" გავა. ყოველ ჯერზე, როდესაც ხელმძღვანელობა იცვლება, სხვადასხვა არხზე ჩვენი პროექტებით მივდივართ. მათი მხრიდან ახსნა-განმარტება ისაა, რომ ან არხს არ აქვს საშუალება, ან რეიტინგული არ იქნება. მარტივ რაღაცას გეტყვით, ძალიან სასაცილო ფაქტი მოხდა. შარშან პოლონეთის ტელევიზიისთვის ექვსსერიიანი ფილმი გადავიღეთ საქართველოზე. პოლონელი ვარსკვლავი ჩამოვიყვანეთ და მთელი საქართველი შემოვატარეთ. ეს ფილმი ექვს არხზე გავიდა და რვა მილიონმა ადამიანმა ნახა. დღეს საუბარია, რომ მსგავსი რამ უკრაინისთვის, ინდოეთისა და თურქეთისთვის გავაკეთოთ. ეს ფილმი ყველა არხზე დავარიგეთ და ყველა ხელმძღვანელს ნანახი აქვს, დისკი მაინც (იცინის). ერთი წლის წინ პოლონეთში საქართველოს საელჩოში, ქართულ დელეგაციას ეს ფილმი აჩვენეს. ატყდა ამბავი, პოლონელები რა კარგ ფილმებს იღებენ, ჩვენ რატომ არაო. მერე ავუხსენით, რომ ტიტრები მაინც წაეკითხათ, რომ ეს იყო საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომელიც პოლონურ არხს მივყიდეთ.

-და მაინც არ მოჰყვა დაინტერესება?

-არა, და არ ვიცი რატომ. არგუმენტაცია ასეთი იყო, რომ ეს პოლონელის ისტორიაა საქართველოზე და ჩვენ რაში გვაინტერესებსო. ეჭვი მეპარება, რომ ქართული ტელეპროდუქცია რომელიმე არხზე ექვსი სერიით გასულიყო. ერთადერთი, რაც მახსოვს, ეს იყო სერიალი "ცხელი ძაღლი", ისიც ბერეზოვსკის მხარდაჭერით. თუმცა რომ გითხრათ, ეს მთრგუნავს და მაბრაზებს-მეთქი, არ ვიქნები მართალი, უბრალოდ, ცოტა უცნაურია.

-იქნებ, არავინ არ შეაწუხეთ და არ გყავთ ე.წ. "ნაცნობები"...

-ჩვენ ყველა კარგად გვიცნობს და კარგად იცის, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. მე მესმის, რომ თქვენ რაღაც ინტრიგა გაინტერესებთ. ოცი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და არ არსებობს სიტუაცია, რომელიც არ მინახავს. ერთი რამ კარგად ვისწავლე, ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. მოვა ეს დრო თუ არ მოვა, ეს უკვე სხვა ამბავია...

-და გულდაწყვეტილიც არ ხართ?

-ნამდვილად არა, პირიქით, ზოგ სიტუაციაში კარგიცაა, რომ ასე მოხდა. ყველა არხს, რომელზეც ვიმუშავეთ, გარდა "მეორე არხისა", არასასიამოვნოდ დავშორდით. წამოვედით და დიდი ხნით დავემშვიდობეთ ყველას. დაბრუნების მცდელობები იყო და მათგან ყოველთვის უარს ვიღებდით. ამ უარის გამო სხვა გამოსავალს ვეძებდი და ეს გამოსავალი ყოველთვის უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ის, რასაც ვითხოვდით.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები