”რუსთავი-2”-მა ”მეზობლების” შემოქმედებით ჯგუფს არც ერთი თეთრი არ გადაუხადა

”რუსთავი-2”-მა ”მეზობლების” შემოქმედებით ჯგუფს არც ერთი თეთრი არ გადაუხადა

”რუსთავი 2”-ზე სერიალი ”მეზობლები” ისე დაიხურა, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა თითო სერიის ნახვაც ვერ მოასწრო. რეჟისორი დათო იმედაშვილი ამბობს, რომ თავადაც არ მოსწონდა. რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა კი არ ჰქონდა, რადგან ფინანსები არ უწყობდა ხელს. სწორედ უფულობის გამო ”მეზობლებს” არ ჰყავდა ბევრი სცენარისტი, არ ჰქონდა სათანადო აპარატურა, თანაც, ეთერში გადიოდა შაბათ-კვირას, სწორედ იმ დროს, როცა ”იმედზე” მაღალრეიტინგული ”შუა ქალაქში” გადის. ამ ყველაფერმა სერიალის ბედი გადაწყვიტა.

- დათო, ამბობენ, სერიალი ”მეზობლები” დაიხურაო...

- ნამდვილად ასეა. სერიალის დახურვის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი.

- რატომ გაგიჩნდა ასეთი ინიციატივა?

- როგორც ყველამ ნახეთ, სერიალის ხარისხი არ იყო კარგი. პრობლემები იყო მენეჯმენტში. ჯგუფისთვის ახლაც არ მიმიცია ხელფასი. ფინანსები არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ სცენარისტები აგვეყვანა. ამ ყველაფრის გამო სერიალის ხარისხის მომატებას კი არა, შენარჩუნებასაც ვერ ვახერხებდით.

- იშვიათად ხდება, როდესაც სერიალის რეჟისორი თავადვე ამბობს, რომ მისი გადაღებული პროდუქტის ხარისხი დაბალი იყო. ეს ძალიან თვითკრიტიკული განცხადებაა.

- ასე იყო და უარყოფას რა აზრი აქვს?..

- ცუდი ხარისხის მიზეზი მარტო ფინანსები იყო?

- არა მარტო. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მეგონა, მცირე დროში მოვახერხებდი ხარისხიანი პროდუქტის შექმნას.

- რამდენი სერია გადაიღეთ?

- ეთერში 16 სერია გავიდა.

- როგორც ვიცი, სერიალს ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

- პირველ ორ სერიას ნორმალური რეიტინგი ჰქონდა. მერე დაბალი იყო. ჩემდა გასაკვირად, ბოლო ორი სერიის რეიტინგმა ზრდა დაიწყო. გაჩნდა კონკრეტული მაყურებელი, ვისაც ასეთი ისტორიები მოსწონდა, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემთვის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სერიალი და კინო, როგორც გავარკვიე, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

- ”მეზობლები”, როგორც ვიცი, შენი პირველი სერიალი იყო...

- სერიალს მართლა პირველად ვიღებდი და მას უფრო კარგი მენეჯმენტი და პროდიუსინგი სჭირდება, ვიდრე კარგი რეჟისურა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი მოგვარდებოდა, ფინანსური მხარდაჭერა რომ გვქონოდა. უამრავი ადამიანი მუშაობდა სერიალზე და არც ერთი ლარი ხელფასი არ გაგვიცია.

- ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე?

- კონტრაქტორი არის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, მას უკვე გაუვიდა ფულის გადახდის ვადა, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც პრობლემები აქვს და ვერ იხდიან. ამბობენ, საერთოდ არ გადავიხდითო, ჯერ პრობლემები გვაქვსო. კონკრეტულად რა პრობლემები აქვთ, არ ვიცი.

- როგორ ფიქრობ, სერიალისთვის რამდენად სწორად შეირჩა მსახიობები? როგორც ვიცი, თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ მთავარ როლს მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი შეასრულებდა, მოგვიანებით კი არჩევანი კახა კეპულაძეზე შეაჩერეთ...

- ამ შემთხვევაში ნამდვილად სარისკო გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა ახლაც მიმაჩნია, რომ ყოფილიყო შესაბამისი მხარდაჭერა და გვქონოდა იმის საშუალება, რომ უფრო მეტი სცენარისტი აგვეყვანა და კარგი სცენარი შეგვექმნა, კახა კეპულაძე ძალიან საყვარელი გმირი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იყო.

- ხალხის აზრით კი, სერიალის დახურვის მიზეზი მისი ”შუა ქალაქთან” დიდი მსგავსება გახდა, რისკენაც შემოქმედებითი ჯგუფი ხელოვნურად მიისწრაფოდა...

- ჩემი აზრით, ეს პირველი მიზეზია. ”შუა ქალაქის” საეთერო დროს ჩვენი სერიალის გაშვებამ პროდუქტი წელში გატეხა. ”შუა ქალაქში” მართლა კარგი პროდუქტია. ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ არ იქნებოდა სწორი, მათ საეთერო დროს ”მეზობლების” ჩასმა. ”შუა ქალაქში” პოპულარულია, კარგად კეთდება და ამ სერიალის შემქნელებს დიდი გამოცდილება, უკეთესი ბიუჯეტი აქვთ და აქედან გამომდინარე, ”მეზობლები” კონკურენციას ვერ გაუწევდა.

- ხომ ცხადია, რომ კახა კეპულ­აძეც იმ ნიშნით შეირჩა, ოთარ ტატიშვილის მსგავსად ექიმი რომ არის...

- ძალიან უცაბედად მოხდა კახას შერჩევა. კასტინგი ძალიან მოკლე პერიოდში ჩავატარეთ. კახა კეპულაძემ აჩვენა, რომ კარგად შეასრულებდა ამ როლს. მე არ ვიცოდი მაშინ, ის ექიმი თუ იყო.

- ამჯერად რაზე მუშაობ?

- რამდენიმე კინოპროექტი მაქვს, რომლის დაწყებაც ძალიან მინდა.

- შენ აპირებდი მაღალბიუჯეტიანი ფილმის გადაღებას ჰოლივუ­დელი მსახიობის მონაწილეობით, რომელიც ჩაიშალა...

- რატომღაც ”შავი ზოლია” ჩემს შემოქმედებაში. ეს ფილმი გადაღებებიდან მოიხსნა. დღესაც გული მწყდება, რომ ეს შესანიშნავი პროექტი ხელიდან გამოგვეცალა. კონტრაქტი უკვე დადებული იყო პამელა ანდერსონთან. დეპოზიტზე თანხა გადარიცხული გვქონდა და უცებ ინვესტორმა, ვინც ამ ყველაფერში ფულს დებდა, თანხა უკან გაიტანა და მთელი შრომა დაიკარგა.

- ინვესტორისთვის არ გიკითხავს, ასე რატომ მოიქცა?

- ინვესტორია, მისი ფულია და თუ უნდა, ჩადებს ფილმში, თუ არ უნდა - არა. თუმცაღა მართლა კარგი და სახალისო პროექტი იქნებოდა. პამელა ანდერსონი ითამშებდა ფერიას როლს. ფილმში ასევე ითამაშებდა ეკა კახიანი შვილებთან ერთად... არადა, მთელი წელი ვიმუშავეთ წინასწარ ამ ფილმზე. ბევრი ფული დავხარჯეთ. ახლა უამრავი ვალი გვაქვს, თუმცა გულს არ ვიტეხ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. კინო სარისკო ბიზნესია. ეს სერიალიც ალბათ შარშანდელი ჩავარდნილი ფილმის გამოძახილია. მინდოდა, მოულოდნელად ჩავარდნილი პროექტის მერე წარმატებისთვის მიგვეღწია. ისიც შეცდომა იყო, რომ პრობლემის უცბად გამოსწორება მოვინდომე. როგორც ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ნაკლებად ჭკვიანები - საკუთარზე. ვერ გეტყვით, ცხოვრებაში შეცდომას აღარ დავუშვებ-მეთქი, მაგრამ შევეცდები ასე აღარ მოხდეს. ამ ორ ჩავარდნილ პროექტამდე მქონდა კარგი ფილმებიც. მალე გამოვა ეკრანებზე ”ჯორჯია” და მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები