რა რჩევებს აძლევს მაია ასათიანი ნახევარდას

რა რჩევებს აძლევს მაია ასათიანი ნახევარდას

ვერო კალანდარიშვილი და ერეკლე გეწაძე განახლებულ "შუა ქალაქში", ნუცასა და გუგას როლში მოგვევლინნენ. ძალიან მხიარული, ლაღი და ნიჭიერი მსახიობებისადმი მაყურებელი დადებითად მალევე განეწყო. ისინი ჯერ კიდევ სტუდენტები არიან და იმედი აქვთ, რომ პოპულარობას წარმატებული ოჯახის წევრების დაუხმარებლადაც მიაღწევენ. ცნობისათვის, ერეკლე მსახიობების - ზურაბ გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის ვაჟია, ვერო კი ტელეწამყვანის, მაია ასათიანის ნახევარდა გახლავთ...

-  გაგვეცანით, რას საქმიანობთ?

ვერო:

-  თეატრალურ უნივერსიტეტში, ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობ, მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ბავშვობაში ისეთი თამაშები მომწონდა, რომელსაც დიდი ფანტაზია სჭირდებოდა. 13 წლის ვიყავი, როცა თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანეს. იქ ორ სპექტაკლში ვმონაწილეობდი: ერთ-ერთი მიმოდრამა იყო და მასში ბედისწერას ვთამაშობდი, მეორე კი კომედიური ჟანრის სპექტაკლი გახლდათ. ჰოდა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მსახიობობა ჩემი მოწოდება იყო.

ერეკლე:

-  მესამე კურსზე ვარ, გოგი მარგველაშვილის ჯგუფში ვსწავლობ. სხვათა შორის, მსახიობობა არასდროს მინდოდა, მაგრამ როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, რატომღაც მომინდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ბავშვობაში ესტონეთში, ტალინში ვიყავი გადაღებებზე: რეჟისორ ვიქტორ პანასკის მოკლემეტრაჟიან ფილმში მეორეხარისხოვანი როლი მქონდა, "ბომჟ" ბავშვს ვასახიერებდი. მახსოვს, მაშინ ყველამ შემაქო. დრო რომ გავიდა, მირჩიეს, - ისეთი მონაცემები გაქვს, აუცილებლად სამსახიობოზე უნდა ჩააბაროო. ვფიქრობ, ურიგო არჩევანი არ გავაკეთე.

-  რამდენად მიზანდასახულები ხართ?

ვერო:

-  მთავარია, ზუსტად ვიცოდე, რა მინდა და მერე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიო!

ერეკლე:

-  მე ვეროსგან რადიკალურად განსხვავებული ვარ: შეიძლება რაღაც დავგეგმო, მაგრამ მერე ყველაფრის შეცვლა მომინდეს, სხვა ინტერესი გამიჩნდეს და გზიდან გადავუხვიო... სურვილი მაქვს, ჯეიმს ბონდი განვასახიერო. ამ პერსონაჟზე ბავშვობიდან ვგიჟდები.

ვერო:

-  ჩემთვის უფრო საინტერესო ტრაგიკული როლებია, მაგრამ სურვილი მაქვს, საკუთარი ძალები ყველა ჟანრში მოვსინჯო.

-  როგორც ვიცი, სერიალში - "შუა ქალაქში" სანამ მიგიღებდნენ, კასტინგი გაიარეთ. ალბათ, ბევრი კონკურენტი გყავდათ...

-  როცა გავიგე, რომ კასტინგს აცხადებდნენ, ვიფიქრე, - მეც წავალ და სხვა თუ არაფერი, იმას მაინც გავიგებ, ასეთ კონკურსებზე რა ხდება-მეთქი. ვერც კი წარმოვიდგენდი, მეორე კურსის სტუდენტს ასეთ სერიალში თუ ამიყვანდნენ. თავიდან მხოლოდ გასაუბრება გავიარე, შემდეგ ჩემი არტისტული მონაცემები შეამოწმეს. ბოლოს კი ნუცას როლზე დამამტკიცეს.

ერეკლე:

-  მეც რამდენიმე ტური გავიარე და ძალიან გამიკვირდა, ბიჭებს ფიზიკური მონაცემებიც რომ შეგვიმოწმეს; პირადად მე, აზიდვები გამაკეთებინეს. 17 აზიდვა რომ გავაკეთე, გავჩერდი. ამდენი არავის გაუკეთებიაო, - მითხრეს. მგონი, სამსახურის შოვნაში ესეც დამეხმარა (იღიმის).

-  ადრე თუ უყურებდით ამ სერიალს?

ვერო:

-  ყოველთვის ვუყურებდი, რადგან ძალიან მომწონდა, მაგარი იყო. მართალია, ახლა რაღაცები შეიცვალა, მაგრამ მაინც კარგი გამოდის. სერიალის მონაწილე რომ გავხდი, ისე გამიხარდა, სიხარულისგან დავფრინავდი.

ერეკლე:

-  იმის გამო, რომ სერიალში ძველი გმირები ახლებით ჩაანაცვლეს, თავიდან ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა - ეს ბუნებრივიც იყო და სხვათა შორის, უარესსაც კი ველოდით. პირველი 5-6 სერია მაყურებლის დიდი "ზეწოლის" ქვეშ გავიარეთ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა...

-  ერეკლე, სერიალში ისეთი სერიოზული ხარ, მეგონა, ცხოვრებაშიც ასეთი იქნებოდი, მაგრამ მგონი, შენს პერსონაჟს არაფრით ჰგავხარ.

-  მეც ასე ვფიქრობ. მსგავსება შეიძლება იმაში იყოს, რომ ზოგჯერ გუგასავით მკაცრი ვარ.

-  გუგას გმირი ნუცას მიმართ გულგრილია. შენ როგორ ექცევი ისეთ თაყვანისმცემლებს, რომლებიც არ მოგწონს?

-  ნებისმიერი ქალი იმსახურებს პატივისცემას. ვფიქრობ, თუ კარგ კაცობაზე გაქვს პრეტენზია, გოგომ თავი როგორც გინდა მოგაბეზროს, მას ისე არ უნდა მოექცე, როგორც გუგა ექცევა ნუცას.

-  როგორი გოგონები მოგწონს?

-  ყველა ცუდ ქალში არის რაღაც კარგი და ყველა კარგ მანდილოსანში - რაღაც ცუდი...

-  "შუა ქალაქში" გამოჩენის შემდეგ გოგონები ხომ არ გაწუხებენ?

-  ვგრძნობ, რომ ვიღაცები რაღაცას "მა-ი-მუ-ნო-ბენ", მაგრამ ვერ შემაწუხებენ, რადგან მე უკვე მყავს ჩემი რჩეული, რომლის ვინაობასაც ვერ გაგიმხელთ (იღიმის).

-  ვერო, შენც შეყვარებული ხომ არ ხარ?

-  არა, ჯერჯერობით არავინ მყავს... რაც შეეხება ნუცასთან მსგავსებას, ჩემს გმირს მეც არაფრით ვგავარ. მის გამოხდომებზე ძალიან ვხალისობ, მაგრამ ზოგჯერ მეცოდება, გუგა ყურადღებას რომ არ აქცევს. ნუცას ადგილას ცოტა მეტ ეშმაკობას გამოვიჩენდი და გუგას სხვანაირად დავაინტერესებდი, თუ არა და, შევეშვებოდი.

-  როგორც ვიცი, მაია ასათიანი შენი ნახევარდაა...

-  დიახ და თავიდან ცოტა არ იყოს, მეშინოდა, ხალხმა როგორც მაიას და, ისე არ გამიცნოს-მეთქი. მინდოდა, წარმატებისთვის დამოუკიდებლად მიმეღწია და მგონი, ასეც ხდება... მაიკომ პოპულარობა ნელ-ნელა მოიპოვა. როცა "პროფილი" დაიწყო და ხალხი მასზე კომპლიმენტებს მეუბნებოდა, ძალიან მიხაროდა.

-  ბოლო დროს მაიას და მის გადაცემა "პროფილს" ხშირად აკრიტიკებენ...

-  ამ ყველაფერს თავიდან ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ნერვიულობით ვერაფერს შევცვლიდი. რასაც მაია აკეთებს, მე გულწრფელად მომწონს. ოჯახის წევრები მის პროფესიასა და საქმეში არ ვერევით, რადგან ეს ვიცით, არ მოეწონება და მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არც თვითონ ერევა ჩვენს საქმეში.

-  დებს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

-  შესანიშნავი. ის ჩემზე 15 წლით უფროსია და ბევრ კარგ რჩევას მაძლევს; რომ არა მაია, ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება, რაღაც ისეთი სისულელე ჩამედინა, რასაც მთელი ცხოვრება ვინანებდი.

-  ერეკლე, შენს მშობლებზეც ვისაუბროთ. როგორი შეგრძნებაა, როცა ცნობილი მსახიობების შვილი ხარ? მათ თუ სურდათ, რომ მსახიობი გამხდარიყავი?

-  ჩემი პროფესიული არჩევანი არ მოეწონათ. არ უნდოდათ, მსახიობი გავმხდარიყავი და უფრო მეტიც - ხელოვნებასთან რაიმე კავშირი მქონოდა. ბავშვობაში ძალიან კარგად ვსწავლობდი ფიზიკას, ქიმიასა და მათემატიკას. ტექნიკური აზროვნება მაქვს.

-  ვერო, გუგას რაღაცნაირად, გაწელილად ეძახი ხოლმე. ეს სცენარისტების იდეა იყო?

-  რეპეტიციაზე რეჟისორმა მითხრა, - გუგას ცოტა ხმადაბლა დაუძახე, მაგრამ ისე, რომ გაიგონოს და გარეთ გამოვიდესო. რეპეტიციებზე ამას ჩვეულებრივად ვაკეთებდი, ჩაწერის დროს კი მომინდა, სხვანაირად დამეძახა. ხალხს ეს მოეწონა და სცენარისტებმაც მითხრეს, - ასე დაუძახე ხოლმეო.

-  მსახიობმა ანა ქურთუბაძემ მითხრა, - ერთხელ შეყვარებულს კორპუსის წინ ვუმღერეო. მგონი, სახალისო გამოვა, ნუცამ გუგას რომ უმღეროს...

-  არ არის გამორიცხული, ერთხელ ასეთი რაღაცაც რომ იკისროს (იცინის).

-  გადაღებების დროს ალბათ, კურიოზიც ხშირად ხდება. საინტერესოა, თქვენსავე ტექსტებზე არ გეცინებათ?

-  კი, ამაზე ბევრს ვხალისობთ, უფრო მეტიც - ზოგჯერ ისეთი სიცილი გვიტყდება, ვერ გვაჩერებენ.

ერეკლე:

-  ერთხელ, გენერალურ რეპეტიციაზე შემთხვევით, კარის ჩარჩოს მივარტყი ხელი და მთელი დეკორაცია თავზე ჩამომემხო...

-  ყველა არტისტის სურვილია, თეატრის სცენაზე ითამაშოს. ამ მხრივ რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ?

-  სხვათა შორის, არაერთ სპექტაკლში ვმონაწილეობდი - მარჯანიშვილის თეატრში, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენასა და ვაკის თეატრალურ სარდაფში მითამაშია. ასევე, ეტიუდების ფესტივალში ვმონაწილეობდი. მოლდოვაში რეჟისორ რევაზ შატაკიშვილის ერთ-ერთი სპექტაკლი გვქონდა წაღებული, რომელსაც იმ კონკურსზე პრიზი მიენიჭა. იქაური პუბლიკა ქართულისგან საკმაოდ განსხვავებულია, სპექტაკლს სულ სხვა თვალით უყურებენ და სხვანაირადაც აფასებენ.

ვერო:

-  ყველა ჩემი ოცნება ჩემს პროფესიასთანაა დაკავშირებული და უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ სამსახური თეატრშიც მექნება და ტელევიზიაშიც.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება