ვინ უჩივის სასამართლოში გიგა ბოკერიას ცოლს

ვინ უჩივის სასამართლოში გიგა ბოკერიას ცოლს

ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე გიგა ბოკერიას მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში უჩივლებს იმის გამო, რომ "ტაბულას" რედაქტორი გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილეს ქსენოფობიაში ადანაშაულებს, თავად გაზეთს კი ქსენოფობიურს უწოდებს. გარდა ამისა, როგორც ელისო ჩაფიძე აცხადებს, თამარ ჩერგოლეიშვილი ამას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამბობს, არამედ საერთაშორისო დონის შეხვედრებზეც, მაგალითად, ევროსაბჭოში კონფერენციაზე ჟურნალისტის მცირე სტატია თარგმნა ინგლისურად და თან წაიღო. სტატია რელიგიურ კანონს შეეხებოდა, თუმცა ჩაფიძე დასძენს, რომ ჩერგოლეიშვილმა თარგმანი საკუთარი ინტერპრეტაციითა და უამრავი შეცდომით შეასრულა. რატომ უჩივის სასამართლოში და სახალხო დამცველთან, ამას ელისო ჩაფიძე თავად გვეტყვის.

-  თამარ ჩერგოლეიშვილი თავს დამესხა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის წინ დავგეგმე აქცია ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით. მანამდე პოლიტიკოსებმა მითხრეს, რომ ქალბატონი თამარი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა მათი წარმომადგენლები, რომ "რეზონანსი" ქსენოფობიური გაზეთია. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. უკეთესია, თავად ჰკითხოთ ამის შესახებ.

რასაკვირველია, ასე გადმოცემის საფუძველზე ვერაფერში დავდებდი ბრალს, თუმცა ერთხელ ჩვენ ერთად გახლდით ევროკავშირის ელჩთან, სადაც მან განაცხადა, რომ "ტაბულასა" და "ლიბერალის" გარდა, საქართველოში ყველა გამოცემა ყვითელია. პირველ რიგში, საერთოდ არ ვფიქრობ იმას, რომ ყვითელი გამოცემები ცუდია, რადგან მედიის ისეთივე ნაწილია, როგორიც სხვა. მაგრამ როცა ჩვენს გაზეთს აწერია საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი და ამ დროს ვიღაც გადანაშაულებს იმაში, რომ შენ ყვითელი გამოცემა ხარ, ეს შეუსაბამობაა, ჩვენ არ ვეხებით ადამიანების პირად ცხოვრებას და არც ჭორებს ვწერთ, ეს სერიოზული ბრალდებაა, რაც გამოცემის ღირსებასა და პატივს ლახავს.

-  მაშინ არ შეეპასუხეთ ჩერგოლეიშვილს?

-  როგორ არა. ბევრი რამ ვუთხარი - თქვენ ვერ ჩაითვლებით დაუინტერესებელ პირად, რადგან თქვენ ხართ უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე და ძალიან გთხოვთ, მედიასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ-მეთქი. მე თამარ ჩერგოლეიშვილთან სადავო და გასაყოფი არაფერი მაქვს, არც კი ვიცნობდი მას, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვუპირისპირდებით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და კრიტიკული გაზეთის რედაქტორი. ხელისუფლება ცდილობს, პრესა გაანადგუროს და აღარ არსებობდეს. მედიასაშუალებებად კი დარჩნენ "ტაბულა" და ხელისუფლების მიერ შექმნილი ჟურნალ-გაზეთები.

-  თქვენი და ჩერგოლეიშვილის ღია კონფლიქტი როდის დაიწყო?

-  დიდი ხანი არ ვიყავი შესული ჩემს "ფეისბუქზე", რადგან ჯიხურების მეპატრონეებს ვხვდებოდი. ამ დროს ჩემს გვერდზე ზაზა გაბუნიას დაუპოსტავს საკუთარი ინიციატივის შესახებ, რომ ჯიხურებზე უნდა გაიმართოს სპეციალიზებული აუქციონები. ჩემსავე კედელზე ზაზა გაბუნიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის გაიმართა დისკუსია. აღარაფერს ვიტყვი ამ საუბრების კორექტულობაზე. თუ თქვენ დაურეკავთ ქალბატონ თამარს, ის ისეთი ტერმინოლოგიით დაგელაპარაკებათ, მიხვდებით, რასთან გაქვთ საქმე (იღიმება). თავის კედელზე დაწერა, "იმდენი რეკლამა მაქვს ჟურნალში, არ ვიცი, სად შევიტენოო..." ამას წინათ გაზეთი და ცოცხი შეადარა ერთმანეთს და იკითხა, რომ ამ ორს თანაბარი კონკურენციის პირობები უნდა ჰქონდეს. იქნებ, თავისუფალ კონკურენციას შეუწყოს ხელი ქალბატონმა თამარმა და ჰკითხოს თბილისის მერიას, რატომ არის "ვაით დისტრიბიუშენის" 250 ჯიხური უკანონოდ განლაგებული თბილისის მასშტაბით? იმიტომ ხომ არა, რომ ამ კომპანიას თავის დროზე კეზერაშვილი და უგულავა ლობირებდნენ?

ჩემი დადანაშაულება ქსენოფობიაში და ჩემზე თავდასხმა, მოთხოვნა, რომ ნორმალურ ქვეყანაში მე "პერსონა ნონ-გრატად" უნდა გამოვცხადდე, მოჰყვა ჩემს ინიციატივას, როცა ჩემს მეგობრებსა და თანამოაზრეებს თბილისის მერიის წინ შეკრებისა და ჯიხურების აღების გაპროტესტებისკენ მოვუწოდე. ქალბატონი თამარი სხვადასხვა შეხვედრაზე თავად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მისი ძვირფასი მეგობარი და პრეზიდენტს პირდაპირ ურეკავს ეთერების შემდეგ, რომ უთხრას, რამდენად წარმატებული იყო მისი გამოსვლა ტელეეთერით. მე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ის არის პრეზიდენტის პირადი მეგობარი და არ მოქმედებს მხოლოდ პირადი სიმპათია-ანტიპათიის დონეზე, როდესაც თავისი თავდასხმის მსხვერპლად მაქცია. ასევე განაცხადა ისიც, რომ ჩემი სტატია, რომელიც რელიგიის შესახებ კანონს ეხებოდა, თარგმნა და წაიღო ევროსაბჭოში. პირველ რიგში, მაინტერესებს, რატომ აგზავნიან უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლეს თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით ევროსაბჭოში მოხსენების გასაკეთებლად საქართველოს შესახებ? იმიტომ, რომ ევროსაბჭოში მუშაობდა და იქ ვიღაცებთან დაქალობს? მგონი, ეს არ არის არგუმენტი. შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ნათარგმნი სტატია, რომელიც მან უამრავი შეცდომითა და საკუთარი ინტერპრეტაციით თარგმნა. მე იქ ვწერდი, რომ არ ვარ წინააღმდეგი, რელიგიურ უმცირესობებს მიენიჭოს იურიდიული სტატუსი, თუმცა საზოგადოებაში საჭიროა უფრო მეტი კონსენსუსი, რათა კანონის მიღებამ არეულობა და ქაოსი არ გამოიწვიოს.

მე მყავს მეგობრები სხვადასხვა უმცირესობიდან, როგორც რელიგიური, ასევე სექსუალური, მივიჩნევ, რომ არ ვარ ქსენოფობი. მათაც და მეც ეს დადანაშაულება სასაცილოდ არ გვყოფნის. ჩემთვის პატივია ის, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს იმდენად სერიოზული ძალის მქონე ადამიანად მივაჩნივარ, რომ რობერტ სტურუას შემდეგ მე დამესხა თავს. არ შემიძლია ისეთი ტერმინოლოგიით საუბარი, როგორიც არის "რეკლამის შეტენვა" და ასე შემდეგ, ამიტომ გადავწყვიტე, მივმართო სასამართლოს, ასევე სახალხო დამცველს, რომელმაც სხვათა შორის, ქალბატონ თამარს ტოლერანტობისთვის პრიზი გადასცა. მაინტერესებს, მე რომ ვიყო რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი, ქალბატონი თამარი მხოლოდ მაშინ ჩამთვლიდა კარგ პიროვნებად? ჯვარი რომ მიკეთია, ამის გამოჩენის უნდა მრცხვენოდეს?! როგორც ქართველი, ჟურნალისტი, მართლმადიდებელი მივმართავ სახალხო დამცველს, თუკი ის იცავს უმცირესობების უფლებებს, ჩემი უფლებებიც დაიცვას. არავინ იცის, ვინ არის უმცირესობა და უმრავლესობა. მსოფლიო მასშტაბით უმცირესობის წარმომადგენელი ვარ. მუსლიმანები გაცილებით მრავალრიცხოვანი არიან. სახალხო დამცველის ოფისიდან უკვე გამომეხმაურნენ. ბოლო მოვლენების გამო ვერ მოვასწარი განცხადების დაწერა და უახლოეს ხანებში აუცილებლად დავწერ. პირველ რიგში, ეს იქნება ტესტი, მინდა გავარკვიო, არის თუ არა სიმართლე ის ხმები, რომ ჩვენს სახალხო დამცველს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს უშიშროების საბჭოს მდივანთან და დაიცავს თუ არა ჩემს უფლებებს. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. ქალბატონი თამარი ძალაუფლების თვალსაზრისით ქვეყნის მესამე პირის მეუღლეა და ამბობენ, რომ ზოგჯერ გიგა ბოკერია უფრო სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ჩემი ძველი მეგობარი გიგა ბოკერია არ არის ისეთი ადამიანი, რომ თავისი ძალაუფლება ჩემზე თავდასხმისთვის გამოიყენოს (იღიმება), მაგრამ ამ ამბის გახმაურებით თავს ვიცავ, ვინმემ ქუჩაში აგური რომ არ ჩამარტყას თავში...

-  ასეთ რამეს ელოდებით?

-  ხდება ხოლმე საქართველოში ასეთი რაღაცები. კლავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც მინისტრის ცოლებთან შედიან კონფლიქტში. სანდრო გირგვლიანის საქმე გავიხსენოთ. დარწმუნებული ვარ, სასამართლოში ამ საქმეს მოვიგებ, არანაირი ქსენოფობი და პერსონა ნონ-გრატა არ გახლავართ. პატივისა და ღირსების შელახვის გამო ვუჩივლებ და ბოდიშის მოხდას მოვითხოვ. არ გადამიწყვეტია, რა თანხას დავასახელებ მორალური კომპენსაციისთვის. შესაძლოა, ერთი ლარიც მოვითხოვო, რადგან მიმაჩნია, რომ ქალბატონი თამარი არ არის ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, რომ მისი მხრიდან ჩემი პატივისა და ღირსების შელახვა უფრო ძვირი ღირდეს. თუ მაინც მოვითხოვ მეტ თანხას, საქმის მოგების შემთხვევაში, რომელიმე ბავშვთა სახლს გადავცემ.

-  რა ტენდენციაა ის, რომ ჟურნალისტიკაში თანამდებობის პირების მეუღლეები არიან?

-  აბსოლუტურად მიუღებელია. გადავწყვიტე, ვამხილო ეს ადამიანები. საოცრებაა, რომ მე კი არ მომიწყვია მათზე თავდასხმა, თავად არიან ამისი ინიციატორები, მაგრამ თავდაცვის უფლება ყველას აქვს. ჩემი სიმართლის გარდა არაფერი არ დგას ჩემ ზურგს უკან, მაგრამ საქართველოში არ უყვართ მომჩივანი და მოდავე ადამიანები, არც ასეთი იმიჯი მინდოდა შემქმნოდა, მაგრამ სარჩელის შეტანა რატომაც გადავწყვიტე, უკვე მოგახსენეთ. არც ფულის გაკეთებას ვაპირებ ამით და არც ნერვების მოშლას, თუმცა ქალბატონმა თამარმა დაწერა, რომ ის ძალიან გაერთობა, თუკი სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელს შევიტან. ძალიან ვწუხვარ, რომ მას მეტი გასართობი არაფერი აქვს. გარდა ამისა, თურმე რამდენიმე ადამიანით მეტი გაიგებს, ვინ არის ქსენოფობი, ასეც უთქვამს. ქსენოფობია განსხვავებულის მიმართ შიშს ნიშნავს. მე თამარ ჩერგოლეიშვილისგან განსხვავებული ადამიანი ვარ. შესაბამისად, ის არ უნდა იყოს ჩემ მიმართ უარყოფითად განწყობილი, თუკი თავად არ არის ქსენოფობი და არ უჭირს განსხვავებული აზრის ადამიანებთან დიალოგი.

თანამდებობის პირების ცოლები შემთხვევით არ მოხვედრილან ამ ადგილებზე. მესმის, რომ სადმე უნდა იმუშაონ ეკა კვესიტაძემ და თამარ ჩერგოლეიშვილმა, მაგრამ იმუშაონ დამოუკიდებელ მედიაში, მაგალითად, "რეიტინგში". არ მიმაჩნია, რომ ჩემზე და თქვენზე მეტი არიან რაიმეთი. იმის ნაცვლად, რომ უმცირესობების უფლებების თემაზე ნამდვილად მომუშავე ჟურნალისტები გაუშვან უცხოეთში კონფერენციებზე, მიდიან თანამდებობის პირების ცოლები, რომლებიც ამ საშუალებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ეუბნებიან უცხოელებს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხელისუფლებაზე უარესები არიან.

-  ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებზეც მინდა გკითხოთ...

-  ეს არის შეტევა ბეჭდური მედიის წინააღმდეგ. ეს არის ძალადობა და დარწმუნებული ვარ, ვისაც მოწესრიგებული აქვს საბუთები, შპს "კუბლაშვილების სასამართლოში" არა, მაგრამ სტრასბურგში ჩივილისა და საქმის მოგების შანსი აქვს. როდესაც ხელისუფლება მოდის ჯარით, პოლიციით, ჯიხურების გამყიდველებმა რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ? მედიას შეუძლია, ამ ყველაფერს ებრძოლოს სიმართლით, ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებით. აუცილებლად უნდა გაიმართოს აქცია პრეზიდენტის სასახლის წინ. პრეზიდენტი ვერ დარჩება "კარგ ბიჭად", რომელიც თითქოს არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან და პრესას გიგი უგულავას ხელით ებრძვის. ის მერის ხელით იშორებს წინასაარჩევნოდ თავისუფალ პრესას. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა დავანახვოთ, რომ სააკაშვილი ებრძვის პრესას და ამყარებს დიქტატურისადმი მიმსგავსებულ მმართველობას საქართველოში, რაც, ვფიქრობ, არ გამოუვა.

-  დაბოლოს, "მაესტროზეც" გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, არხის დამფუძნებლების გადაწყვეტილება, თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილის ხელში ჩაეგდოთ ტელეკომპანია, მართებული იყო?

-  არ ვამართლებ მამუკა ღლონტის გადაწყვეტილებას, თუმცა დამფუძნებლებს ჟურნალისტების მიმართ ფინანსური ვალდებულებები აქვთ და მათ უწევთ ხოლმე ისეთ ნაბიჯებზე წასვლა, რაც საზოგადოების თვალში კარგად არ გამოიყურება. ორი წლის წინ "მაესტროს" დამფუძნებლებმა თავისთვის საკმაოდ წამგებიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მათ ნეიტრალურობასა და ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ვისურვებდი, არც ერთი პოლიტიკური ძალა, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური, მედიის საქმეში არ ჩაერიოს. ეს კანონითაც აკრძალულია საქართველოში.

"რეიტინგი" თამარ ჩერგოლეიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მისი ტელეფონი სხვამ აიღო, თემის გაგების შემდეგ ორი საათის მერე დარეკვა გვთხოვა, დათქმულ დროს დავრეკეთ, მაგრამ არავინ გვიპასუხა.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები