რატომ დასჭირდა ინგა გრიგოლიას გადაუდებელი ოპერაცია

რატომ დასჭირდა ინგა გრიგოლიას გადაუდებელი ოპერაცია

სექტემბრიდან მოყოლებული, ჟურნალისტი და ახლა უკვე "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია ტელეეკრანზე იშვიათად ჩნდებოდა, აქტიურად ვერ დადიოდა სამსახურში, ვერ იღებდა საკრებულოში მასთან შეხვედრის მსურველ რიგით მოქალაქეებს. ამ ყველაფრის თავი და თავი ავადმყოფობა იყო. ინგას ჯანმრთელობის პრობლემებზე ლაპარაკი უკულტურობად მიაჩნია, თუმცა იმის გამო, რომ დღეს მას, როგორც პოლიტიკოსს, გარკვეული ვალდებულებები აქვს მოსახლეობის წინაშე, ამ თემაზე საუბარი მაინც მოუხდა.

- გარკვეულ გამოცდილებაზე უკვე შეიძლება ჩემი მხრიდან ლაპარაკი, იმიტომ, რომ 40 წლის ვარ. მთავარი გამოცდილება, რაც ცხოვრებამ მასწავლა ის არის, რომ არასდროს არ უნდა დავრჩე მარტო, მთელი ცხოვრება ადამიანებთან რაც შეიძლება ღრმა და სასიამოვნო ურთიერთობებით უნდა წარვმართო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი ამ სამყაროში ჩემთვის ჩემი ოჯახია, ჩემი ოჯახის წევრები.

- როგორი იყო გარემო, რომელშიც იზრდებოდი?

- გავიზარდე ტრადიციულ ქართულ გარემოში. თუმცა მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ჩვენს ოჯახში საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ დროის დედაშვილურ თუ მამაშვილურ ურთიერთობებს. ალბათ ზედმეტად ახალგაზრდა და დემოკრატი მშობლები მყავდა, დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მახსოვს, პირველად სიგარეტი რომ მოვწიე მე-9 კლასში და დედაჩემმა ეს აღმოაჩინა, წარმოიდგინეთ, წარმატებული საბჭოთა მოსწავლე და სიგარეტი. იმ პერიოდში ამის გამო მშობელს შეიძლება შვილი მოეკლა. მახსოვს ძალიან მშვიდი და შეგონებითი საუბრები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შეიძლებოდა მოწევა. არ მეშინოდა სახლში დაგვიანების. სკოლის პერიოდში შეყვარებულს რომ ვაკოცე პირველად, ესეც იცოდა დედაჩემმა... ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ყოველ შაბათ-კვირას ჩვენს სახლში ნათესაობა იყრიდა თავს. მახსოვს უზარმაზარი მაგიდა, რომელიც ლოჯში მთელ სიგრძეზე იშლებოდა და გარშემო შემომსხდარი ნათესავები.

- დედა არ მუშაობდა?

- კი, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ლაბორანტად ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, იმის გამო, რომ მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. მამა მეტყევე-ინჟინერია და დილიდან ღამემდე სრული დატვირთვით მუშაობდა. სახლში სტუმარი არ ილეოდა. მახსოვს, სულ რაღაცას აცხობდა დედა. დღეს იხსენებს, ქეთინოსგან ანუ ჩემი დისგან განსხვავებით, ინგა უჟმური იყო, ჩვენ აქ ერთი აურზაური გვქონდა, სიმღერა, გიტარა, ქეიფი, ინგა კი მოწყენილი იჯდა თავისთვისო. დღესაც ასეთი ვარ. მიყვარს მხიარულება, მაგრამ არ შემიძლია დაუსრულებელი ქეიფის ატანა. დღემდე კონფლიქტი გვაქვს მე და დედაჩემს ამის გამო. სულ უნდა ნათესავების შეკრებებზე წამიყვანოს და მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამა ტიპური იმერელი მკაცრი კაცია, მაგრამ ჩემთან ლმობიერი იყო. შეიძლება იმიტომ, რომ ხუთოსანი ვიყავი. სულ ვმეცადინეობდი. საერთოდ, ვფიქრობ, თუ რამე წარმატება მქონდა ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი მშობლების დამსახურებაა.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- მამას. დედა ძალიან მშვიდი ადამიანია. მამა უფრო ემოციურია. მეც ასეთი ვარ, ფეთქებადსაშიში, ხმაურიანი.

- განსაკუთრებული დარიგება ან ფრაზა თუ გახსენდება მშობლებისგან?

- ინგა, თბილად ჩაიცვი! ეს იყო ფრაზა, რომელიც მუდმივად მესმოდა და ტანჯვა იყო ჩემთვის. როგორც უკვე გითხარით, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა მუდმივად, სულ გაციებული ვიყავი. ყველაზე ადრე მე მაცმევდნენ თბილ რეიტუზს და ყველაზე გვიან მხდიდნენ. ამ დროს ჩემს დას ჩექმების ქვეშ გეტრები ეცვა და შურით ვსკდებოდი. ბევრს მაჭმევდნენ, ეს ჩემს ფილტვებს სჭირდებოდა. დედაჩემი მთელი ცხოვრება ვერ ეგუებოდა ჩემი ცხოვრების წესს, ყოველთვის აპოლიტიკური ადამიანი იყო.

დღეს გადმოერთო ცოტა პოლიტიკურ რელსებზე. ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტიო, კითხულობს დროდადრო (იღიმის). არადა, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო არ ენახა საკუთარი შვილის პირდაპირი ეთერი. მამა პოლიტიკური ადამიანია. დილიდან საღამომდე უყურებს დათო აქუბარდიას. "კავკასიის" ერთგული მაყურებელია. თუ რამე არ მოსწონს, ბოლო ხმაზე აგინებს ქართულად, ტრადიციულად (იცინის). ზოგჯერ ამა თუ იმ გადაცემის დასრულების შემდეგ წნევაც კი უწევს.

- ალბათ ხელის თითები არ მეყოფა იმ წარმატებული გადაცემების ჩამოსათვლელად, რომელსაც შენ უძღვებოდი. ამ ყველაფერმა რა ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძინა?

- ჩემი დღევანდელი სახე ამ გადაცემებმა მომიტანა. ამ პროცესებში აღმოვაჩინე, რომ როცა ტელევიზიით გამოდიხარ, უნდა იყო მართალი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადო იყო მართალი. ვისწავლე რესპონდენტობაც. როცა კომენტარს ვაძლევ, ვფიქრობ, არ დავემსგავსო იმ მოსაწყენ რესპონდენტებს, რომლებიც გადაცემაში მყოლია და რომლებზეც გულში მიღადავია, იმიტომ, რომ ეგონათ სიბრძნეს აფრქვევდნენ. ამ ცხოვრებამ მაჩვენა ისიც, რომ გაცილებით მეტი მეგობარი მყავდა მაშინ, როცა ეთერში ვიყავი, ვიდრე დღეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პოლიტიკა საფრთხეებს ქმნის. მაგალითად, 26 მაისის მერე ჩემი მეგობრების გარკვეული წრე დისტანცირებული გახდა ჩემთან. დარბევის მერე რესპუბლიკურში მივედი, მოვინახულე ნაცემები, კომენტარები გავაკეთე, ჩემი მეგობრებისთვის უცბად საფრთხე გავხდი. გაოგნებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ მეგობრები დამაკარგვინა, მაგრამ მათთან ურთიერთობა გამიფუჭა. მივხვდი, რომ გაცილებით მეტი ადამიანი ცდილობდა ჩემთან მეგობრობას, როცა ღია ეთერში ვიყავი.

- რესპოდენტებიც?

- რესპოდენტებიც. გულწრფელად გეტყვი, ბევრ ჩემს ძველ რესპონდენტთან და დღეს ჩემს პოლიტიკურ ოპონენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, ახლა, ცუდად რომ ვიყავი, სხვადასხვა პარტიიდან მირეკავდნენ და განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას. 

- ჩვენც გვითხარი როგორ ხარ, როგორც ვიცი, ოპერაცია გაიკეთე...

- საერთოდ, უკულტურობად მიმაჩნია, როცა ადამიანი საჯაროდ ლაპარაკობს თავის ავადმყოფობაზე, მაგრამ პოლიტიკამ მომიტანა ისიც, რომ სწორედ იმაზე დამჭირდა ლაპარაკი, რაც ყველაზე დიდ უკულტურობად მიმაჩნდა. სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ვპასიურობდი. ცუდად ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი. ამან გამოიწვია ის, რომ ვერ ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ საკრებულოში ჩემთან შესახვედრად. ბევრი გავანაწყენე ამის გამო. ბოლოს ერთ-ერთ გამოცემაში დაიბეჭდა ჩემთვის უცნობი მამაკაცის წერილი, რომელიც წერდა როგორი ცუდი ვარ და როგორ ვერ გამოვნახე დრო მასთან შესახვედრად. ამან გადამაწყვეტინა მეთქვა, რომ ზოგჯერ ადამიანები ავად ვხდებით. არ მინდოდა იმ ადამიანს ჰგონებოდა, რომ მასთან შეხვედრას თავს ვარიდებდი. ბევრი სხვა აგრესიული ზარიც იყო და ამის გამო ხმამაღლა ვთქვი, რომ მაქვს პრობლემა.

- რა ჰქვია შენს პრობლემას?

- არ მინდა ჩემს დიაგნოზზე საუბარი, უხერხულია. გეტყვით იმას, რომ გავიკეთე ოპერაცია. რამდენიმე დღეა გამომწერეს საავადმყოფოდან. თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს ოპერაციის შემდეგ პირველი დღეა, რომ გარეთ უნდა გავიდე, გავისეირნო. ახლა ძალების აღდგენის პროცესში ვარ. იანვრის ბოლოდან დავიწყებ ყოველდღიურ მუშაობას.

- თბილისში გაიკეთე ოპერაცია?

- კი. როცა ამბობენ, რომ თბილისში არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება, ყოველთვის ვაპროტესტებ. ყველას შემიძლია დავუმტკიცო, რომ საქართველოში მაგარი ექიმები არიან. ორი ოპერაცია გავიკეთე და ორივეთი კმაყოფილი ვარ.

- სასიყვარულო გამოცდილებაზეც მინდა გკითხო. ამ ურთიერთობებით რა ისწავლე?

- ვისწავლე ის, რომ არც ერთი კაცისთვის არც ერთი წვეთი ემოციის დახარჯვა არ ღირს. ისე არ გამიგოთ, თითქოს განაწყენებული ქალის პოზიციიდან ვლაპარაკობ. არ ვარ განაწყენებული ქალი. ყველა ურთიერთობა რომ იწყება და მთავრდება, ეს გაცნობიერებული მაქვს. ძალიან ღიადაც მილაპარაკია ჩემს პირადულზე. უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ კაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად ემოციურები არიან, ნაკლებად მოტივირებულები, რომ ბოლომდე დაიხარჯონ ურთიერთობაში. არ ვიცი, სხვა ეროვნებებში როგორ ხდება, არაქართველი კაცი არ მყოლია, მაგრამ ქართველ მამაკაცებს აშკარად აკლიათ რომანტიზმი. აი ასე, ერთ მშვენიერ დღეს მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება კაცის გულისთვის ნერვიულობა (იცინის).

- ასე ფიქრობ, მაგრამ რამდენად ახორციელებ ამას ცხოვრებაში?

- უკანასკნელი რამდენიმე წელია ვახორციელებ. არანაირი კომპლექსები აღარ შემრჩა მამაკაცებთან ურთიერთობაში. ადრე პატარა კონფლიქტის შემდეგ, რომ მოვეკალი ვინმეს, პირველი არ დავურეკავდი და არ მოვიკითხავდი საყვარელ ადამიანს. ახლა თავისუფლად შემიძლია ეს გავაკეთო, შემიძლია ვუთხრა ისიც, რომ მომენატრა. ძალიან სერიოზულად აღარ ვუყურებ იმ ურთიერთობებს, რასაც ადრე სერიოზულად ვუყურებდი და ძალიან გამარტივდა ცხოვრება ჩემთვის. როგორც იქნა მივედი იქამდე, 3-4 წელია, რომ ემოციებს მამაკაცებს აღარ ვახარჯავ. ემოციები მჭირდება ჩემი საქმისთვის.

- ძლიერი ქალები არ მოსწონთ კაცებს?

- ბევრი ცდილობს, ეს სტერეო­ტიპი დაამსხვრიოს, მაგრამ სინამდვილეში ძლიერი ქალები კაცებს აფრთხობთ. ჩემი საქმე და ჩემი სიძლიერე ყოველთვის მიშლიდა ხელს პირადი ურთიერთობების აწყობაში. მაგალითად, შენს საყვარელ მამაკაცს სურს შენთან ერთად გაატაროს ერთი დღე, შენ არ გცალია, გადაცემა გაქვს დასაგეგმი, მერე გამოდიხარ, პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს საშინელ შეკითხვებს უსვამ და ამ კაცს ბუნებრივად უჩნდება განცდა, რომელსაც ჰქვია - "ვაიმე".

- ინგა, თვითონ რა გამოცდილება გაუზიარე შვილს, უკრძალავდი რამეს?

- ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს შვილთან, მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებდი მის ცხოვრებას. დედაჩემი არაფერს მიკრძალავდა. მე ვუკრძალავ მარიამს. შეიძლება იმიტომ, რომ მაშინ არ იყო ამდენი კომუნიკაციის საშუალება. 22 წლის არის მარიამი და დღემდე ვაკონტროლებ. შეიძლება, დილის ხუთ საათზე დაბრუნდეს სახლში, მაგრამ ზუსტად ვიცი სად არის და რას აკეთებს.

- იმედია, პაემანზე არ დაჰყვები მარიამს?

- არა, მაგრამ ყოველთვის ვიცი, ვისთან დადის პაემანზე. საბედნიეროდ, სულ ითვალისწინებს ჩემს რჩევებს, ჭკვიანია.

- დედის გულის მოგებას არ ცდილობენ მარიამის თაყვანისმცემლები?

- კი, ცდილობენ. მაქვს ხოლმე შემოტევები. გამაცანი შენი შვილიო, მწერენ. რას ჰქვია, გაგაცნო, მიდი გაიცანი-მეთქი, ვწერ ყველას. რაც უნდა მედაონ, რომ არ შეიძლება შვილის ცხოვრებაში ჩარევა, მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, შვილს უნდა აღზრდა. მარიამისთვის ჩემი ჩარევა არასდროს ყოფილა დისკომფორტი. მაშინაც კი, როცა კატეგორიულად გავაპროტესტე მისი პროფესიული არჩევანი. ჟურნალისტიკაზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ დღეს არანორმალურად უყვარს თავისი პროფესია. სისხლის სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. მე-4 კურსზეა, წელს ამთავრებს.

- საინტერესოა, რატომ გააპროტესტე ჟურნალისტიკა?

- ალბათ იმიტომ, რომ ჩემს შვილში ვერ დავინახე ის, რაც ჟურნალისტს სჭირდება. შეიძლება კარგი ჟურნალისტი დამდგარიყო, თან გულწრფელად ვიტყვი, სამსახურის პრობლემა არასდროს ექნებოდა, მაგრამ არ მინდოდა ყოფილიყო სულ ინგა გრიგოლიას შვილი. თანაც ვერ ვატყობდი, რომ ეს მისი მოწოდება იყო. ამიტომაც ჩავერიე, ამით არაფერი დაგვიკარგავს არც ერთს. ხმამაღლა ვეტყვი იმასაც, თუ არ მომეწონა მისი მეგობარი, შეყვარებული და არც ეს შეუქმნის დისკომფორტს. საკმაოდ მკაცრად ვზრდიდი. დღემდე, ვისაც დიდი დოზით უწევს ანგარიშს, ვარ მე. მახსოვს, სერიოზული კამათი გვქონდა ადრე იმაზე, რომ არ ეთქვა ფრაზა "ინგას შვილი ვარ". ჩემს დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ გადავრჩით კრიზისულ ასაკს და მარიამი არ გათხოვდა. ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. იყო ამის საფრთხე 17 წლის ასაკში. ჩემი გამოცდილება გაიზიარა, რომ თუ არ იმუშავე, თუ არ ისწავლე, კარიერა არ გაიკეთე, არ ვარგიხარ.

- თვითონ თუ ეკითხები რჩევას მარიამს?

- კი, მარიამი ყველაზე ობიექტური შემფასებელია. მირჩევს რა ჩავიცვა, როგორი მაკიაჟი, ვარცხნილობა გავიკეთო. როცა რაღაც არ მოსწონს, პირდაპირ მეუბნება.

- დასასრულ შეცდომებზეც გკი­თხავ, ყველაზე მეტად რას ნანობ ცხოვრებაში?

- იმას, რომ ტელევიზია დავტოვე და წავედი პოლიტიკაში. მაგრამ რასაც ვაკეთებ, ვცდილობ ბოლომდე გავაკეთო. დღეს ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი სააკაშვილი აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, იმ დღიდან დავუბრუნდები ტელევიზიას. არ არსებობს არანაირი თანამდებობა, რომელიც ამას გადამაფიქრებინებს. არანორმალურად ვნანობ, რომ დავტოვე ტელევიზია და ეს ჩემი ნებით გავაკეთე.

- შენ გაქვს იმედი, რომ მალე სააკაშვილი აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი?

- კი, მე მაქვს ამის იმედი. შემიძლია, ნაძლევი დაგიდო, რომ არც პრემიერ-მინისტრი იქნება და არც პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ძალიან მალე მოხდება, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც უყვარს. ის, რასაც დღეს ვაკეთებ სრული პასუხისმგებლობით, არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, ვინც ჩემს პარტიაში არიან, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც კი მომეცემა დაბრუნების შანსი, როგორც კი ვეღარ გადაწყვეტს სააკაშვილი, ვინ უნდა იჯდეს ეთერში და ვინ არა, მაშინვე დავბრუნდები ტელევიზიაში.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები