თამარ რუხაძის ავარიის დეტალები

თამარ რუხაძის ავარიის დეტალები

21 მაისს "რუსთავი 2"- მა თავის დილის საინფორმაციო გამოშვებაში გვაუწყა, რომ ღამით, დაახლოებით პირველ საათზე "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის შეფი თამარ რუხაძე დაეჯახა ფეხით მოსიარულეს და, რომ რუხაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აქვე ვიტყვით, რომ რუხაძის ყოფილი კოლეგების ინფორმაცია თამარის სიმთვრალის შესახებ ექსპერტიზის ჩატარებისთანავე გამოირიცხა.

გავითვალისწინეთ რა, თუ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად თავად რუხაძე, "ალია" დეტალების გასარკვევად მის ადვოკატ შალვა თადუმიძეს დაუკავშირდა:

- დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ამ დროს, მოგეხსენებათ, ძლიერი წვიმა იყო, თამარ რუხაძე მოძრაობდა საკუთარი "სუბარუთი" კოსტავას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შესაბამისად, გავიდა ქვევით არსებულ გვირაბში და იცით თქვენ, რომ იქ ამოსასვლელი აღმართია და იმ აღმართზე ამოსვლის შემდეგ მან შენიშნა ორი პიროვნება, რომელიც კი არ გადადიოდა ქუჩაზე, არამედ პირდაპირ მიდიოდა სწორ ხაზზე. რუხაძე იმდენად ახლოს იყო ამ ადამიანებთან, იმდენად შეზღუდული იყო ხილვადობა და, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ თავსხმა წვიმა იყო და მერე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მან ერთადერთი, რაც მოასწრო, ეს იყო დამუხრუჭება და მანევრის განხორციელება: გადავიდა მარჯვენა ხაზზე და სარკითა და ავტომობილის წინა სანათით დაეჯახა ერთ-ერთ მათგანს. სხვა შემთხვევაში, თუ ის არ მოახდენდა მანევრირებას, არსებობდა საფრთხე, რომ დაეჯახებოდა ორივე მათგანს და დამეთანხმეთ, გაცილებით მძიმე სიტუაცია შეიქმნდებოდა.

- როგორია დაზარალებულის მდგომარეობა?

- სტაბილური, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სამედიცინო დასკვნა არ არსებობს და სამართლებრივად ვერ გეტყვით, რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიყენებული. არ ვიცით, ეს არის მსუბუქი დაზიანება, თუ მძიმე.

- ცნობილია, რომ თამარი მოწმის სახით უკვე დაიკითხა.

- მან, უბრალოდ, მისცა ჩვენება იმ ფაქტობრივ მონაცემებთან დაკავშირებით, რაც მისთვის იყო ცნობილი და, რაც მას ახსოვდა. ზუსტად ის თქვა, რაც ახლა მე გითხარით. მე ღამის 4 საათზე დამირეკეს მისმა თანამშრომლებმა და ვნახე რუხაძე დაახლოებით ხუთის ნახევარზე, ეს იყო სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურში. მაშინ შოკურ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ნერვიულობდა. მასთან ვიყავი დილის 9 საათამდე. ექპერტიზის დასკვნით, იყო აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში.

- ამ დროს "რუსთავი 2"- მა გამოაცხადა, რომ ნასვამი იყო...

- სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადება გაავრცელა "რუსთავმა". თამრიკო იყო აბსოლუტურად ფხიზელი. ის 12 საათზე დაიბარეს და დაკითხეს, როგორც მოწმე, და მოხდა ჩვენების მიცემა.

- რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მისი ქმედება, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს?

- დანაშაულებრივი ქმედება არ არის, ის მოწმეა და შესაბამისად, პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს მისი ქმედება. დაკითხვის შემდეგ ის თავის მეგობრებს გაჰყვა.

- ანუ მომავალში მას პასუხისმგებლობას არ დააკისრებენ?

- დღეის მდგომარეობით არაფერი მსგავსი არ განიხილება.

თამარ რუხაძე ჯერ კი მხოლოდ მოწმის სახით იკითხება, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რა პასუხისმგებლობა ემუქრება მას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ჯერ დავიწყოთ იმით, საქართველოში მოქმედებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, უსამართლო პრინციპი - თუ მძღოლი დამნაშავე არაა, არაფერი დაურღვევია, მაგრამ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მაინც მძღოლი ისჯება. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1993 წელს შეუერთდა, მძღოლმა უნდა შეძლოს მოულოდნელად წარმოშობილი დაბრკოლების გვერდის ავლა, მისი თავიდან აცილება და ავტომანქანის სრული გაჩერება. მოკლედ, ის რომ მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია, მხოლოდ მის პასუხისმგებლობას ამსუბუქებს. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ეს სრულიად უსამართლო პრინციპია და ასეთ შემთხვევაში მძღოლი საერთოდ არ უნდა ისჯებოდეს.

მოკლედ, რუხაძის შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია მოქალაქის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. (შესაძლოა პირობითი სასჯელის გამოყენებაც) თუ, ღმერთმა დაიფაროს და, ის დაზიანებული მოქალაქე გარდაიცვლება, მაშინ სასჯელი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები