უნივერსალური ჟურნალისტი ნომერ პირველი საინფორმაციო სააგენტოდან და მისი ამერიკელი ბებია

უნივერსალური ჟურნალისტი ნომერ პირველი საინფორმაციო სააგენტოდან და მისი ამერიკელი ბებია

2007 წლიდან ჟურნალისტია. თავიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში სტაჟიორი გახლდათ. 2010 წლიდან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტია. შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ ჟურნალისტიკას აღნიშნულ სააგენტოში გაუგო გემო. მისი პირველი სამუშაო დღე კი საკმაოდ ტრაგიკულ ფაქტს დაემთხვა: 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ჩამოვარდა - კარგად ახსოვს, იმ დღეს მთელ რედაქციასთან ერთად, როგორ აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში. თარგმნიდა და უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ამზადებდა მასალებს... დღეს უკვე გამოცდილი ჟურნალისტია...

ნინო წივწივაძე:

- მეამაყება, რომ საქართველოში ნომერ პირველი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი გახლავართ. ჩვენს რესპონდენტებთან ურთიერთობაში იგრძნობა, რომ გვენდობიან და ჩვენს სააგენტოს სარწმუნო წყაროდ მიიჩნევენ. ესა თუ ის ამბავი თუ მთელმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს, არასოდეს ვაძლევთ თავს იმის უფლებას, იგივე ამბავი გადაუმოწმებლად გავავრცელოთ. ეს არის "ინტერპრესნიუსის" მთავარი ღირსება. ამიტომაც ვინარჩუნებთ საზოგადოების ნდობას და ლიდერობას ქართულ მედიასივრცეში.

- გარდა იმისა, რომ პროფესიონალები ხართ და ოპერატიულობაში ვერავინ გჯობნით, ბოლო დროს თქვენს საქმიანობას ხელი შეუწყო თანმედროვე ტექნოლოგიებმაც, რაც მეტად ხარისხიანსა და ეფექტიანს ხდის თქვენს შრომას.

- დიახ, ჩვენს სისწრაფესა და ოპერატიულობას ის უახლოესი ტექნოლოგიებიც განაპირობებს, რითიც ვმუშაობთ. კონკრეტულად, ე.წ. სმარტფონს ვგულისხმობ, რითაც რედაქციაში ტექსტებს ვგზავნით, ვიღებთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც ძალიან ოპერატიულად, პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან ხვდება ჩვენს ვებგვერდზე.

- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ გაჰყოლიხარ ამა თუ იმ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტზე?

- სააკაშვილის პრეზიდენტობისას, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებს არ ჰქონიათ მიწვევა, რომ ოფიციალურ დელეგაციას უცხოეთში ვიზიტის გასაშუქებლად გავყოლოდით, რისი საშუალებაც ახალი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად გვაქვს. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ვიზიტის დაგეგმვის შესახებ წინასწარ გვატყობინებს და გვიწვევს. წინა პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ ტელევიზიიდან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მაშინ ვიგებდით, როდესაც პრეზიდენტი უკვე ამა თუ იმ ქვეყანაში იმყოფებოდა.

- ცოტა ხნის წინ ვილნიუსში, პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტისას, ვილნიუსის სამიტზე იყავი, სადაც ასოცირების პარაფირების ხელშეკრულების დადება მოხდა. როგორც ჟურნალისტი, როგორ შეაფასებ ამ ვიზიტს?

- საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან და კოლეგებთან ერთად ეს ჩემი პირველი ვიზიტი გახლდათ, რაც ასევე ახალი პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. არაერთხელ თქმულს გავიმეორებ: ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გახლდათ... ამ ფაქტს მედიაცენტრში, სპეციალურ მონიტორზე ვადევნებდით თვალს. იქ ყველა ქვეყნის ჟურნალისტი იმყოფებოდა და ფეხზე მხოლოდ ქართველები წამოვდექით. ვიყავით ამაყები და ბედნიერები, რომ მივუახლოვდით ევროკავშირს და გაჩნდა იმედი, რომ მალე შევდგამთ ფეხს ამ დიდ ოჯახში, თუნდაც "შალახოთი"...

- ის თუ გაარკვიეთ, ამხელა მნიშ­ვნელობის მოვლენას ერთ-ერთ მუსიკალურ ფონად "შალახო" რატომ გასდევდა, მაშინ, როცა ქართველებს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, "მრავალჟამიერი" გვაქვს...

- იმ შემთხვევაში "შალახომ", მიუხედავად იმისა, რომ მისი იქ აჟღერება ყველას გაგვიკვირდა, ვერ გადაფარა ის სიხარული, რასაც ჩვენში ისტორიული პროცესის თანამონაწილეობა იწვევდა. თუმცა შემდეგ, "შალახოზეც" გავაკეთეთ აქცენტი და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს ვკითხეთ - მისი აქ აჟღერება ვისი იდეა იყო-თქო? ცოტათი გაგვინაწყენდა, უფრო სერიოზული კითხვები დამისვითო... მოკლედ, ქართული დელეგაციის წევრები გვარწმუნებდნენ, რომ ეს მუსიკა თავად ორგანიზატორებმა ისე შეარჩიეს, ქართული მხარისთვის აზრი არც უკითხავთ... რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც მინისტრები გეუბნებიან, შეიძლება, დაიჯერო.

- მოკლედ, ვილნიუსიდან დაუბრკოლებლად მუშაობდი, შენთვის ჩვეულ რიტმში აწვდიდი ინფორმაციას "პალიტრამედიის" ინტეგრირებულ ნიუსრუმს ("ინტერპრესნიუსს", "პალიტრატვ-ს" და "რადიო პალიტრას").

- დიახ, "რადიო პალიტრისთვის" და "პალიტრატვ"-სთვისაც ვიწერდი მინისტრების კომენტარებს...

- მგონი, განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ერთი ადამიანი სამი ჟურნალისტის ფუნქციას ითავსებს და ამ ყველაფერს "პალიტრამედიის" ჟურნალისტები ოსტატურად ახერხებთ...

- ჩვენი ინტეგრირებული ნიუსრუმის მთავარი ღირსება ის არის, რომ ერთ ჟურნალისტს შეუძლია, იყოს უნივერსალური: ერთდროულად იმუშაოს როგორც საინფორმაციო სამსახურისთვის, ასევე "რადიო პალიტრის" პირდაპირ ეთერში ჩაერთოს და მსმენელს მომხდარი ამბის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს, "პალიტრატვ"-სთვის გადაიღოს ვიდეო და თავადვე დაამონტაჟოს. როდესაც ამა თუ იმ მოვლენას ვაშუქებთ, ერთდროულად სამი მედიასაშუალების ჟურნალისტი ვხდებით.

- როგორც ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ იყავი. ეს სამსახურებრივი ვიზიტები იყო?

- ამერიკაში მეორედ, გასულ ზაფხულს ვიყავი. ერთ დღესაც მეძახის "პალიტრამედიის" ნიუსრუმის მთავარი რედაქტორი, ნატა მუმლაძე და მეუბნება, - ნინო, რა კარგია, როგორ მიხარიაო!.. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. როდესაც ვკითხე, - რას მილოცავ-მეთქი? - ამერიკაში მიდიხარო... მოკლედ, ორი წლის განმავლობაში ორჯერ მოვხვდი ამერიკაში, რაც მანამდე ვერც კი წარმომედგინა. გასულ ზაფხულს იქ "პალიტრატვ"-სთვის სატელევიზიო სიუჟეტის მოსამზადებლად გავემგზავრე. ამერიკის საელჩოს მიერ სპეციალურად შედგენილი პროგრამა იყო, დაგეგმილი და შერჩეული იყვნენ რესპონდენტები. ადგილზე ჩასულს, ამერიკელმა პროდიუსერმა საინტერესო რესპონდენტები დამახვედრა. სამუშაო თემა იყო კოაბიტაცია. მოკლედ, ამ საკითხზე ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებებს ვისმენდი. მე და ჩემმა ოპერატორმა - გიგა ხურცილავამ სამი სიუჟეტი ჩამოვიტანეთ. იქიდან ჩამოტანილი ინტერვიუები იმდენად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, რომ "ინტერპრესნიუსისთვისაც" დავწერე როგორც ექსკლუზიური სტატიები. შარშანწინ კი ამერიკაში თორმეტ ქართველ ჟურნალისტთან ერთად, ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე გავემგზავრე. სამი დღე ვაშინგტონში ვიყავით, მერე კი ორი კვირა დავყავით ტენესის შტატში, სადაც ადგილობრივი ოჯახები გვმასპინძლობდნენ. იმ ვიზიტითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლაც მაქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობა და სულ ვამბობ, რომ ამერიკაში მყავს კიდევ ერთი ბებია, ჯოის ბურდინი, რომელიც ტენესის შტატის მკვიდრია. ხანდაზმული, 75 წლის ქალბატონი მანქანას მართავს!.. ყველგან საკუთარი ავტომანქანით გვატარებდა. დაგვათვალიერებინა თითქმის მთელი შტატი. ჯოისი კლასიკური ქართველი ბებიისგან განსხვავებულია, რადგანაც თანამედროვე ადამიანია. ჩემი ორივე ბებია კი ტიპური ქართველი ქალბატონები არიან, რომლებიც ჩემს სატელეფონო ზარს პასუხობენ სიტყვებით: "გენაცვალოს ბებია!" თუმცა იმ ამერიკელ ბებიასა და ჩემს ქართველ ბებიებს შორის მსგავსება ის არის, რომ ყველანი მზრუნველები არიან. ჯოისი თან გვყვებოდა. საუზმეს მომზადებულს გვახვედრებდა, მანამდე კი საძინებელში ახალგამოწურული, ვიტამინებით სავსე ხილის წვენი შემოჰქონდა...

- კიდევ რაიმეს ხომ ვერ გაიხსენებ შენი ჟურნალისტური პრაქტიკიდან?

- შარშან ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი მინისტრ დავით კირვალიძის გადადგომა გახლდათ. ის ერთ დღესაც მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა. როგორც წესი, აღნიშნული სხდომა რამდენიმე საათს გრძელდება, ჟურნალისტები მის დამთავრებას მოთმინებით ველოდებით ხოლმე... სხდომა ალბათ 15 წუთის დაწყებული იქნებოდა, რომ მოულოდნელად მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო. მივბრუნდი და მინისტრი კირვალიძე შემრჩა ხელში. წამოვიძახე: "ხალხნო, დავით კირვალიძე!" ის მზად იყო კომენტარისთვის ანუ იმისთვის, რომ აეხსნა, თუ რატომ გამოვიდა სხდომიდან. უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. სანამ ოპერატორები კამერებს მინისტრის ჩასაწერად ამზადებდნენ, ჩემს რედაქტორთან დავრეკე და ვუთხარი, დათო კირვალიძემ მთავრობის სხდომა დატოვა-მეთქი. მახსოვს, რედაქტორის, ირინა დეკანოიძის შეძახილი: "სასწრაფოდ, აკრიფეთ ტექსტი, დავიდ კირვალიძე გადადგა!" სანამ მინისტრი თავისი კომენტარის შემდეგ ლიფტში შევიდოდა, ჩვენს საიტზე ეს ინფორმაცია უკვე იდო.

- საყვარელი რესპონდენტი თუ გყავს?

- რომელიმეს გამოყოფა ალბათ გამიჭირდება, მაგრამ ძალიან კარგი მოსაუბრეა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ის ჩემი ხშირი რესპონდენტია ანუ - რადიოსიუჟეტების სტუმარი. როდესაც ტელეფონში ესმის ჩემი ხმა, მეუბნება, - სად ხარ აქამდე? დღეს პირველად მირეკავო (იღიმება)? მინდა ვთქვა, რომ კარგი რესპონდენტია უკვე ყოფილი პოლიტიკოსი - ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება, ამ ნათქვამმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, მაგრამ ის ჩემს კითხვებს ყოველთვის მოთმინებით პასუხობდა... გიორგი მარგველაშვილთან, როგორც პრეზიდენტთან ინტერვიუ არ მქონია, თუმცა როგორც ფილოსოფოსი ხშირად ჩამიწერია. კარგი რესპონდენტია. ხანდახან ცალკეულ საკითხებზე ამბობდა, ამ თემაზე ჩემი პასუხი ჩემს კომპეტენციას სცდებაო. ახლა კი მისგან ზოგადად შეკითხვაზე პასუხი რომ მიიღო, ამ შეკითხვის შესახებ მისი პრესსამსახური წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პასუხისგან თავს იკავებს... თუმცა საბოლოოდ, მაინც მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი უცვლელია... ის, ვინც ახლა ჩამოვთვალე, ყველანი კარგ რესპონდენტებად მიმაჩნია. თუმცა თუ საქმე ყველაზე საყვარელ რესპონდენტს ეხება, მაშინ აუცილებლად დავით სერგეენკოს დავასახელებ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, მთავრობის არც ერთი სხდომა, მას კომენტარზე უარი ეთქვას. მოთმინებით უსმენს და პასუხობს თუნდაც ყველაზე პრიმიტიულ თუ უაზრო შეკითხვას, რომელიც შესაძლოა, შემდეგ ეთერში არც კი მოხვდეს. ვფიქრობ, ეს ძალზე დასაფასებელი თვისებაა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები