რთული პრობლემების მარტივი გადაწყვეტაერთი ჭიქა რძის შრატი მშვენიერი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შრატში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავებში არსებული ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას, აფერხებს პათოლოგიური მიკრობების ზრდას. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ რძის შრატის სისტემატურად გამოყენება ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.
ბუნებრივი რძის შრატი
რძის შრატი მრავალი კოსმეტიკური პრეპარატის - კრემების, ლოსიონების, შამპუნების - წარმოებაში გამოიყენება. უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ჩვენი ბებიების დაკვირვების სისწორე - მათ მიაჩნდათ, რომ რძის შრატი ყველაზე ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა. ეს პროდუქტი აძლიერებს კანის უჯრედების დამცავ ეფექტს, ხელს უწყობს მათ სწრაფ განახლებას და აქვს ანტიმიკრობული აქტივობაც. სახლის პირობებში შრატის გამოყენებით საკმაოდ იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ეფექტური გამაახალგაზრდავებელი და მათეთრებელი სახის ნიღაბი, თმის გამამაგრებელი ლოსიონი და სხვა.
თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელები დაგეღალათ და დაგიბუჟდათ, აქაც შრატი დაგეხმარებათ. ოდნავ შეათბეთ ერთი ლიტრი ახალი შრატი, ჩაასხით თასში და ხელები 5-10 წუთით ჩაყავით.
ასევე საუკეთესო საშუალებაა შრატიანი მკვებავ-რეგენერაციული ნიღაბი სახისთვის: რძის შრატი აურიეთ უცხიმო ხაჭოში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ გადაწყვეტთ, რომ განტვირთვის დღე მოაწყოთ, სასარგებლოა რაციონში რძის შრატიც ჩართოთ. ის ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარება. თუ მთელი დღის განმავლობაში რძის ამ პროდუქტს ერთ ლიტრს მაინც მიიღებთ, მალე იგრძნობთ ენერგიის მნიშვნელოვან მომატებას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)




















