- თამთა, რას ნიშნავს გინეკოლოგიური პლასტიკა?
- ეს არის ესთეტიკა და ჯანმრთელობა ერთდროულად. გარდა იმისა, რომ ეს სფერო ინტიმური ადგილების სილამაზეს ემსახურება, ოპერაციების შემდეგ ჩვეული ფორმის აღდგენაში ეხმარება ქალბატონებს, მათ, ვისაც მშობიარობის შემდეგ პარამეტრები დაერღვათ და ფუნქციური სისტემაც მოეშალათ. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც საშოს კედლები იწევა, კუნთები დუნდება, დიდი ნაყოფისა და ხშირი მშობიარობების შემდეგ ფართოვდება. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და საბედნიეროდ, ყველა ქალბატონს არ ეხება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდვის, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ასევე ტკივილები წელის არეში, იმავდროულად საკმაოდ დისკომფორტულიცაა.
- როგორ უნდა გაიგოს ქალბატონმა, მშობიარობის შემდეგ რა პრობლემები გაუჩნდა?
- პროფილაქტიკის მიზნით ქალბატონებმა ექიმს წელიწადში ერთხელ უნდა მიმართონ.
- კიდევ რას იწვევს მძიმე მშობიარობა?
- მშობიარობის შემდეგ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს უხეში დეფორმირებადი ნაწიბური, რომელიც სქესობრივი ურთიერთობის დროს დისკომფორტს უქმნის ქალსაც და მამაკაცსაც. ინტიმურ პლასტიკაში არის სხვა ოპერაციებიც, მაგალითად, მშობიარობის შემდეგ დეფორმირებული ნაწიბურების ამოკვეთა, ნაწიბურები სქესობრივი ურთიერთობის დროს იმდენად მტკივნეულია, ქალს უარის თქმაც უწევს პარტნიორისთვის.
- ისეთი პაციენტი თუ გყოლიათ, რომელსაც ესთეტიკური გინეკოლოგია მარტო სილამაზისთვის დასჭირვებია?
- კი, მყავდა, თან ქალიშვილი იყო, სქესობრივი ცხოვრება დაწყებულიც კი არ ჰქონდა. საშოს ბაგეები ჰქონდა არანორმალური ზომის. საცურაო კოსტიუმსაც ვერ იცვამდა ზღვაზე. ოპერაციის შედეგით კმაყოფილი დარჩა.
- ძირითადად რა ასაკის პაციენტები გყავთ?
- მყავს ახალგაზრდებიც და რეპროდუქციული ასაკის ქალებიც, რომლებიც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, ძირითადად 25-50-წლამდე.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკა რას გულისხმობს?
- ამ დაავადებით ყოველ 18 წუთში ერთი ადამიანი კვდება მსოფლიოში, როცა დადგენილია გამომწვევი მიზეზი და გვაქვს იმის საშუალება, რომ ვებრძოლოთ ამ დაავადებას სიმსივნის წინა ეტაპზე, ეს უკვე დიდი მიღწევაა მედიცინაში. საერთოდ, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა მათ არასოდეს დაემართებათ, ამიტომაცაა რომ პროფილაქტიკაზე ხშირად უარს ამბობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ქალბატონმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს გინეკოლოგს და გამოკვლევა ჩაიტაროს.
- საქალწულე აპკის აღდგენასაც აკეთებთ?
- აღდგენასაც და დარღვევასაც.
- დარღვევას რატომ?
- საქალწულე აპკი ზოგიერთ შემთხვევაში სქელი და ელასტიკურია, ამიტომ მისი დარღვევა სქესობრივი გზით შეუძლებელია. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, პაციენტები ჩვენთან მოდიან დახმარებისთვის. საქალწულე აპკი შეიძლება, საერთოდ შეხორცებულიც კი იყოს და საჭირო ხდება გინეკოლოგის ჩარევა...
- თქვენ ალბათ ბევრი კურიოზი გექნებათ გასახსენებელი...
- ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან, 40 წლამდე იქნებოდა, გვითხრა, ვერ ვთხოვდები, რადგან ქალიშვილი არ ვარო. დავათვალიერე და ქალწული აღმოჩნდა. მერე ვკითხეთ, რატომ ეგონა ასე, გვითხრა, ბავშვობაში უხერხულად დავეცი და იმის მერე ასე მიმაჩნდაო და გახარებული წავიდა.
ერთი ქალბატონი გვესტუმრა, დაახლოებით 30-32 წლის იქნებოდა, გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, სულითა და გულით ამოვჭერით, რაც ზედმეტი ჰქონდა, დავუვიწროეთ, გავულამაზეთ ყველაფერი. ოპერაცია რომ დამთავრდა, ამოიხვნეშა და მითხრა, ახლა ჩემს ქმართან დასაწოლად მენანება კიდეცო (იცინის).
- ალბათ უჩვეულო პაციენტებიც გყოლიათ?
- უჩვეულოები იმით არიან, რომ გინეკოლოგიურ სავარძელზე ძალიან სასაცილოდ ადიან, ზოგი ჩაცმული ჯდება, ზოგს უკვირს, რომ ვეუბნები, უნდა გაიხადოთ-მეთქი, როგორ ყველაფერიო? გვეკითხებიან.
ერთხელ კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ხელით თვალდახუჭული გოგონა მოჰყავდა, გთხოვთ, ოღონდ ეს გადამირჩინეთ, სხვას არაფერს დავეძებო. შევიყვანეთ გოგონა, მარტო როგორც კი დავრჩით, თვალები გაახილა და გვითხრა, მასწავლეს, მუცლის მოსაშლელად არაყი და რძე დალიეო. ეტყობა, ბევრი არაყი მომივიდა და დავთვერიო (იცინის). საბედნიეროდ, მუცლის მოშლას გადარჩა და ისევ ორსული, ოღონდ გამოფხიზლებული გავატანეთ მეუღლეს შინ.
ნონა ვაშაყმაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)




















