მუცლის ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, იგი ხომ გულისა და ღვიძლის მსგავსად, ერთ ორგანოს არ წარმოადგენს, თავადაა სავსე სხვადასხვა ორგანოთი, ქსოვილით, სტრუქტურით და შესაძლოა, ნებისმიერი მათგანის დაზიანება მუცელში ტკივილის გაჩენის მიზეზი გახდეს. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს მუცელში მოულოდნელად აღმოცენებულ მკვეთრ ტკივილს, რადგან შესაძლოა, იგი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევაზე მიმანიშნებელი პირველი სიმპტომი იყოს. მაგალითად: თუ კუჭი, ნაწლავები ან ნაღვლის ბუშტი დაზიანდება, კერძოდ - დაიხშობა ან გასკდება, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
თუ მოულოდნელად აღმოცენებული მკვეთრი ტკივილი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებლად უნდა გამოუძახოთ "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას ან თავად წახვიდეთ საავადმყოფოში. გახსოვდეთ, ასეთი ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე ქირურგიული დაავადებები, რაც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება.
იმის გასარკვევად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, უნდა იცოდეთ, სად რა ორგანო მდებარეობს. პირობითად, მუცელი ოთხ კვადრატად (სეგმენტად) იყოფა: მარჯვენა ზედა (ე.წ. მარჯვენა ფერდქვეშა არე), მარცხენა ზედა (ე.წ. მარცხენა ფერდქვეშა არე), მარჯვენა ქვედა და მარცხენა ქვედა. ამა თუ იმ სეგმენტში ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს აქ მდებარე ორგანოების პათოლოგიით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტკივილს ირადიაცია (გადაცემა) ახასიათებს. მაგალითად, მარცხნივ მდებარე ორგანოს პათოლოგიის შედეგად აღმოცენებული ტკივილი შესაძლოა, მარჯვენა მხარეს გამოვლინდეს ან ზურგში გადაეცეს და ა.შ. მუცელში აღმოცენებული ტკივილის მრავალფეროვან ეტიოლოგიაზე მეტყველებს ისიც, რომ ზოგჯერ, სტენოკარდიული შეტევა მუცელში ტკივილით და დისკომფორტით ვლინდება, კუჭის წყლული კი - გულის არეში ტკივილით.
ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილზე გესაუბრებით. მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში ადამიანს განლაგებული აქვს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავის ნაწილი, კუჭქვეშა ჯირკვალი, დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილი.
ღვიძლი
მუცლის ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი შეიძლება, ღვიძლში ანთებითი პროცესების დროს (ჰეპატიტი) აღმოცენდეს. ეს ტკივილი ძირითადად, ყრუ ხასიათისაა. ბევრმა არ იცის, რომ ღვიძლი პარენქიმული ორგანოა და ტკივილი არ ახასიათებს, მაგრამ ამ ორგანოში ანთებით პროცესებს ახლავს მისი გადიდება, გადიდების შედეგად კი იჭიმება ღვიძლის კაფსულა და ეს ტკივილს იწვევს... ყველაზე ხშირად, ღვიძლზე მოიერიშე ინფექციური აგენტი არის ვირუსი. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდება - ვირუსული ჰეპატიტი. მისი სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ვირუსული ჰეპატიტი A, B და C. ჩვეულებრივ, ადამიანები A ჰეპატიტით მას შემდეგ ავადდებიან, რაც ინფიცირებულ საკვებს ან წყალს გადაყლაპავენ; B ჰეპატიტი განსაკუთრებით ჰომოსექსუალებში, ნარკომანებსა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებშია გავრცელებული.
თუმცა, ზოგჯერ ინფიცირებული სამედიცინო ხელსაწყოთი ან სისხლის გადასხმით ვრცელდება; C ჰეპატიტი მეტწილად, ინფიცირებული სისხლის და სისხლის შემცველი პროდუქტების გადასხმით ან დაბინძურებული სამედიცინო იარაღებით გადადის. ვირუსის გარდა, ადამიანის ღვიძლი შესაძლოა, სხვადასხვა ქიმიურმა აგენტმა ან რომელიმე პრეპარატმა დააზიანოს - ამ დროს ყალიბდება ე.წ. ტოქსიკური ჰეპატიტი. ღვიძლისთვის ყველაზე საშიში შხამი ალკოჰოლია და მისი რეგულარული მიღება ალკოჰოლურ ჰეპატიტს იწვევს. ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს ღვიძლის უკმარისობის გამო, კერძოდ მაშინ, როცა გულის კუნთი ცუდად გადატუმბავს სისხლს, ამის შედეგად სისხლის ნაწილი გუბდება ფილტვებში და აღმოცენდება სუნთქვის უკმარისობა, ნაწილი კი გუბდება ღვიძლში, წელავს მას და იწვევს ტკივილს.
დაიმახსოვრეთ! ვიდრე ქრონიკული ჰეპატიტი ან ციროზი ჩამოგიყალიბდებათ, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტიანიცაა და შედარებით იაფიც!
ნაღვლის ბუშტი
მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილი შეიძლება, ნაღვლის ბუშტთან (ის ღრუ ორგანოა) იყოს დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ორგანიზმში ნაღვლის წვენი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი გამომუშავდება ღვიძლში და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ინფექცია, ღვიძლის არასრულფასოვანი ფუნქცია ან ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა, მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში აღმოცენებულ ტკივილზეა პასუხისმგებელი. ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებით აღმოცენებული ტკივილი შეიძლება, იყოს ყრუ, რომელიც რამდენადმე მცირდება პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო) და შეიძლება, შეტევითი ხასიათიც ჰქონდეს - კენჭების დროს.
კუჭი და 12-გოჯა ნაწლავი
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პათოლოგიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ტკივილი ეპიგასტრიუმის (მკერდის ძვლის ქვემოთ) არეში ლოკალიზდება და ირადიაციას განიცდის მარჯვნივ, მარცხნივ ან ზურგში. ტკივილთან ერთად, თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც. მაგალითად: გულისრევს შეგრძნება, ბოყინი, დისკომფორტი და სიმძიმე მუცელში, შებერილობა, ღებინება და სხვა. კუჭისმიერი ტკივილი შეიძლება, მუდმივი ან პერიოდული იყოს: მუდმივი ტიპის ტკივილი უწყვეტად გრძელდება დღეების ან სულაც, თვეების განმავლობაში. იგი ხან ძლიერდება, ხან - შედარებით სუსტდება. ასეთი მუდმივი ტკივილი ახასიათებს კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას და კუჭის კიბოს... პერიოდული ტკივილი აღმოცენდება კუჭის მჟავე წვენით წყლულის ზედაპირის გაღიზიანების გამო, ასევე პილორუსის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის სპაზმის შემთხვევაში. დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის აღმოცენების დროს. მაგალითად, საჭმლის მიღებიდან ნახევარი ან 2-3 საათის შემდეგ გაჩენილი ტკივილი ახასიათებს კუჭის წყლულს. ღამის საათებში გამოწვეული ტკივილის მიზეზი ხშირად, 12-გოჯა ნაწლავის წყლულია - ასეთი ტკივილი გაივლის საკვების მიღების შემდეგ.
პანკრეასი
მუცელში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორგანო მდებარეობს - კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. ის ჯირკვლოვან ორგანოს წარმოადგენს, მუცელში ღრმად მდებარეობს და გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, წვენსა და ინსულინს. პანკრეასი მუცელში მარჯვნიდან მარცხნივაა ,,გადაჭიმული". მისი ,,თავი" მდებარეობს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში, ,,სხეული" - მუცელზე, თეთრ ხაზთან, ,,კუდი" კი მუცლის ზედა მარცხენა კვადრატში. პანკრეატული ხასიათის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ამ ორგანოს ანთება, ე.წ. პანკრეატიტი. ამ დაავადებისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ალკოჰოლიკები და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის მქონე ადამიანები. მწვავე პანკრეატიტის შეტევას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: შეტევა ძალიან მტკივნეულია, თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ჭარბი რაოდენობით ცივი ოფლის გამოყოფა. ტკივილი ავადმყოფს ზურგშიც გადაეცემა. ის ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო თუ ავადმყოფი წამოჯდება და წინ გადაიხრება, მისი მდგომარეობა უმჯობესდება ანუ ავადმყოფი შვებას გრძნობს. პანკრეატიტის დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ანალიზებით და უნდა განისაზღვროს დაზიანებული ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობა.
თირკმელი
ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ზოგჯერ, თირკმლის (პარენქიმული ორგანოა) პათოლოგიითაა გამოწვეული. ადამიანს აქვს ორი - მუცლის მარჯვენა და მარცხენა კიდეში განლაგებული თირკმელი. მუცელში ტკივილი აღმოცენდება იმ მხარეს, რომელი თირკმელიცაა დაზიანებული. იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენა თირკმელია ინფიცირებული, მასში ჩირქგროვაა, აბსცესი ან კენჭი, მაშინ შესაძლოა, ტკივილი აღმოცენდეს მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში და ამავე მხარეს - ზურგში; თუ თირკმელში არსებული საშუალო ზომის ქვა ,,დაიძრა" და შარდსადენში აღმოჩნდა, მაშინ ტკივილი ტალღისებურად ვრცელდება, ძლიერდება და ხშირად, გადაეცემა საზარდულში, მამაკაცებს კი - სათესლე ჯირკვალში.
მოამზადა ნინო ჩარგეიშვილმა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















