კანის სოკოვანი დაავადებები და მათი პრევენცია

კანის სოკოვანი დაავადებები და მათი პრევენცია

სოკოვანი დაავადებები XXI საუკუნის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვშია. მეცნიერთა აზრით, მათ გავრცელებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის - გლობალური დათბობა, ტენიანობის მომატება და სხვა.

ბუნებაში უამრავი სოკო არსებობს, მაგრამ მხოლოდ 300-მდე სახეობაა ადამიანისთვის პათოგენური და თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს.

გვესაუბრება ექიმი დერმატოლოგი იოსებ ჭუმბურიძე:

- ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სოკოვანი დაავადების შემდეგ ფორმებს: ტერფის მიკოზს, კანის სოკოვან დაავადებას, ვაგინალურ კანდიდოზს, ფრჩხილის სოკოს, პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სოკოვან დაავადებას და სხვ. ერთ-ერთი მათგანია სპოროტრიქოზი (შპოროტრიცჰოსის) - სოკოსმიერი დაავადება, რომლის სახელწოდება მისი გამომწვევი სოკოს, შპოროტჰრიხ სცჰენცკიი-ის სახელიდან მომდინარეობს. ეს დაავადება უმთავრესად კანსა და კანქვეშა ქსოვილს აზიანებს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების, ძვლების, ფილტვებისა და ტვინის დაზიანებაც.

- როგორ შეიძლება, ადამიანი ამ სოკოთი დაავადდეს?

- გამომწვევი ბინადრობს ნიადაგში, ტორფის ხავსში, მცენარეებზე, თივაში, ამიტომ ყველაზე ხშირად ამ სოკოთი სოფლის მეურნეობის მუშაკები, მიწათმოქმედები და მებაღეები ავადდებიან. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება კანში ვარდის ეკლის ჩხვლეტისას ხვდება. ამის გამო სპოროტრიქოზს ხშირად "მევარდეების დაავადებასაც" უწოდებენ. კანის მცირე დაზიანება, თუნდაც სოკომოდებული ეკლის შერჭობა, საკმარისია, რომ ადამიანს ინფექციური დაავადება განუვითარდეს. თუ ინფექცია ღრმად გავრცელდა, დაზიანდება კანქვეშა ქსოვილი, ძვალი და სახსრებიც კი.

თუ ადამიანმა ამ სოკოს სპორები ჩაისუნთქა, შესაძლოა, ფილტვის სოკოსმიერი ინფექცია, ე.წ. პულმონური სპოროტრიქოზი დაემართოს.

სპოროტრიქოზი - ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს და ცხოველსაც. დაავადების მატარებელი და ინფიცირებული ცხოველებისგან სოკო შესაძლოა მათ მომვლელებსა და ვეტერინარებსაც გადაედოს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, კატის ნაკაწრის საშუალებით ადამიანიც დასნებოვნდეს.

- როგორია ამ დაავადების პირველი ნიშნები?

- დაზიანება თავდაპირველად მცირე ზომისაა, უმტკივნეულო და მოვარდისფრო-მოწითალო. თუ ადამიანმა მკურნალობა არ დაიწყო, დაზიანება გაფართოვდება და ფურუნკულს დაემსგავსება, ამასთანავე, გამრავლდება კიდეც. საბოლოოდ ჩამოყალიბდება ქრონიკული წყლული. კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპოროტრიქოზი ლოკალიზებულია თითებზე, მტევანსა და მკლავზე. დაავადება ნელა პროგრესირებს. პირველი სიმპტომები ინფექციის შეჭრიდან 1-12 კვირის შემდეგ ჩნდება. მძიმე გართულება უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც იმუნური სისტემა სუსტი აქვთ.

- როგორ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება?

- როგორც უკვე გითხარით, დაავადება ვრცელდება მცენარეებიდან, თივიდან, ნიადაგიდან. სოკო კანში ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან ხვდება. ამიტომ ბაღში მუშაობისას, მცენარეების მოვლისას აუცილებელია ჩაიცვათ გრძელსახელოებიანი პერანგი და ხელთათმანები.

პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია დროული მკურნალობაც - თუ კანზე უჩვეულო მოწითალო ლაქები გაგიჩნდათ, ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც სათანადო, ინდივიდუალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს