14 წლის ბრაზილიელი ელისანი, რომლის სიმაღლე უკვე 206 სმ-ია, მეთევზე ჟოზე მირანდის ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა კიდევ 6 ბავშვია. 11 წლამდე ელისანს ანომალიური არაფერი ეტყობოდა, თუმცა ამ ასაკიდან სიმაღლეში ზრდა უჩვეულო ტემპით დაიწყო. ახლახან მას სკოლისთვის თავის დანებებაც მოუხდა, რადგან სასკოლო ავტობუსში ვეღარ ეტეოდა.
ელისანის ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ, ქალაქ ბრაგანსის მახლობლად პატარა სოფლის ქოხში ცხოვრობს. თავად გოგონას კი მიზნად ტოპ-მოდელობა დაუსახავს. მას ქალაქ ბელემის პოდიუმზე გამოსვლა უკვე შესთავაზეს.
მედიკოსთა ზედაპირული დიაგნოზი და შესაბამისად, პროგნოზი კი არასახარბიელოა. მათი თქმით, როგორც ჩანს, გოგონა გიგანტიზმითაა დაავადებული, რომელიც მისი სხეულის არანორმალურ ზრდას განაპირობებს. თუკი ელისანი დროულად არ განიკურნა, ის წელიწადში 15 სმ-ით ზრდას განაგრძობს. სამწუხაროდ, უფრო ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის გოგონას მშობლებს ფული არ აქვთ.
მომზადებულია medikforum.ru-ს მიხედვით.