სისხლის გათეთრება - სასიკვდილო განაჩენი გაუქმებულია?!

სისხლის გათეთრება - სასიკვდილო განაჩენი გაუქმებულია?!

გიორგი, ლევანი, მარიამი, ელენე - სულ 25 სხვადასხვა ასაკის ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიისგან მკურნალობის კურსს გადის. განკურნების პროცესი ხანგრძლივია, რამდენიმე თვე, ზოგჯერ წელიწადი გრძელდება. პატარები ზრდასრული ადამიანის მოთმინებით ელოდებიან, როდის დასრულდება გადასხმა, რომ მშობლების დახმარებით ფეხზე წამოდგნენ. ცრემლები გახრჩობს, როცა ხედავ, რომ ნემსებისგან დაჩხვლეტილი თითებით პატარა გოგონა ექიმობანას თამაშობს და "მძიმე სენისგან" დათუნიას განკურნებას ცდილობს.

ასმათ შენგელაია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი: "ეს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური ცენტრი ერთადერთია საქართველოში, ამიტომ ქვეყნის სტატისტიკას სრულად ვფლობთ. ზოგადად, ასი ათასი ბავშვიდან ეს დაავადება ყოველწლიურად ოთხ-ხუთ ბავშვს ემართება.  ყველაზე ხშირად ავადდებიან სამიდან ხუთ წლამდე ბავშვები და იმავე ასაკის ბავშვები გვაძლევენ ყველაზე კარგ შედეგებს მკურნალობისას. უფრო რთულად მიდის დაავადება მოზარდებში. მუტირებული უჯრედი, რომელმაც ავთვისებიანობა შეიძინა, ორგანიზმმა უნდა გააძევოს. როგორც წესი, როდესაც უკვე ჩამოყალიბდება ლეიკოზური კლონი, მისი განდევნის უნარი ორგანიზმს აღარ აქვს."

ექიმთან ერთად პალატების შემოვლას ვიწყებ. დამღლელი სამედიცინო პროცედურების მიუხედავად, პატარები არ ტირიან, არც კი წუწუნებენ. უნებლიეთ ფიქრობ, იქნებ ძალაც აღარ შესწევთ. ყველაფრის მიუხედავად მაინც მიღიმიან. "ელენე ხშირად ავადმყოფობდა, თითქმის ორ კვირაში ერთხელ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. როდესაც ამან სისტემატური სახე მიიღო, ძალიან შევშინდი. ამასობაში ბავშვს მკრთალი ფერიც დაედო, საჭმელზეც უარს ამბობდა.  ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დიაგნოზს დაუსვამდნენ. ეს ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მკურნალობა შედეგიანად მიდის." - მეუბნება ელენეს დედა და ცრემლებს ძლივს იკავებს.

ექიმები ამბობენ, რომ პირველივე სიმპტომებისას ექიმთან დროულად მისვლა ეფექტური მკურნალობის საწინდარია. "რაც უფრო მეტია სისხლში ლეიკოზური უჯრედების რაოდენობა, მით უფრო უჭირს ორგანიზმს, რომ განდევნოს ისინი. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მკურნალობის მეთოდსაც. ჩვენ ვიყენებთ ევროპაში საუკეთესო მკურნალობის მეთოდს - პოლიქიმიოთერაპიას. საქართველოში მცხოვრები ყველა 0-18 წლამდე ბავშვის მკურნალობას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა დიაგნოსტიკური კვლევების ხარჯების გაღება თავად პაციენტის ახლობლებს უხდებათ.  ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

მაგალითად,  დონორთა საკითხი. ხშირად ხდება, რომ ჩვენს პაციენტებს სისხლი სჭირდება და ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, ამიტომ ტელეეთერით მივმართავთ საზოგადოებას, რომ შესაბამისი ჯგუფის სისხლით დაგვეხმარონ. რა დაგვემართა ქართველებს, ნუთუ უანგაროდ სისხლის გაღება გვენანება ამ ბავშვებისთვის? ეს ბავშვები ხომ გადასხმული სისხლის ხარჯზე ცოცხლობენ", - მიხსნის ქალბატონი ასმათი და ამასობაში მეტად მტკივნეული შემთხვევის მომსწრე ვხდები. ექვსი წლის ბიჭუნას, რომელსაც ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, სასწრაფოდ დასჭირდა შესაბამისი ჯგუფის სისხლი.  სისხლის ბანკში  კი ასეთი არ აღმოჩნდა და ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის მამა  სისხლის საყიდლად  გაეგზავნათ. წარმოიდგინეთ მამის მდგომარეობა, რომელიც ხედავს, როგორ ეცლება შვილი ხელიდან და ამასობაში  სისხლის საშოვნელად მთელ ქალაქში უნდა ირბინოს.

ექიმი ბავშვებისთვის საგანგებოდ მოწყობილ დასასვენებელ ოთახში მიმიძღვება. კედლებზე პაციენტების ნამუშევრებია. მათ ნახატებში ყველგან მოკაშკაშე მზე, ყვავილებით სავსე მინდორი და გაღიმებული სახეებია...  მშობლებთან გასაუბრების შემდეგ ვარკვევ, რომ შვილების დაავადების მიზეზებს ვერაფერს უკავშირებენ.

"ისევე როგორც კიბოს გამომწვევი მიზეზი, არც ლეიკემიის გამომწვევი მიზეზია ცნობილი, მაგრამ არსებობს რისკფაქტორები - მაგალითად, ცუდი კვება, იმუნური სისტემის დათრგუნვილი მდგომარეობა სხვადასხვა გადატანილი დაავადებისა თუ არასწორად გამოყენებული მედიკამენტის გამო, სხვა მავნე ეკოლოგიური ფაქტორები.

მსოფლიოს მეცნიერები ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ კონკრეტულ დასკვნებამდე ჯერ არავინ მისულა და მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ  ერთსა და იმავე ოჯახში, ერთსა და იმავე სოციალურ პირობებში, ერთნაირ რადიაციულ ფონზე ერთ ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს ლეიკემია, მეორეს კი - არა. ლეიკემია საკმაოდ ვერაგი დაავადებაა და ხშირად სხვა დაავადების სიმპტომების იმიტაციას იძლევა. შესაძლოა ლეიკემია ლეიშმანიოზშიც შეგეშალოს, რადგან ძალიან ჰგავს მათი კლინიკა.  ამიტომ, როგორც კი ბავშვს პირველ სიმპტომებს შევნიშნავთ, საჭიროა დროულად მივმართოთ პედიატრს", - ამბობს ქალბატონი ასმათი.

თურმე, იშვიათად, მაგრამ მაინც, ლეიკემია ახალშობილებშიც ვლინდება. რაც მათი გარდაცვალებით სრულდება. ექიმები ფიქრობენ, რომ ამ ბავშვების გადარჩენაში მათ უფალიც ეხმარება, რადგან ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ნამდვილი სასწაულია.

P.S. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის საქართველოდან უცხოეთში ყოველწლიურად 6-7 ბავშვი მიემგზავრება. შესაძლოა ძალიან მალე, ამ ურთულესი სამედიცინო პროცედურის ჩატარება საქართველოშიც გახდეს შესაძლებელი, რაც კიდევ არაერთი გადარჩენილი სიცოცხლის საწინდარი იქნება.

ემა ტუხიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი