ორსულობა და კბილები

ორსულობა და კბილები

ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ზოგჯერ უარყოფითად აისახება ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე: ნაყოფი ზრდისას ხარბად შთანთქავს დედიკოს კუთვნილ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რაც მომავალ დედას არაერთ პრობლემას უქმნის - უფუჭდება კბილები, ღრძილები აწუხებს... პატარა რომ ჯანმრთელი დაიბადოს, დედამ კი მომხიბვლელი ღიმილი შეინარჩუნოს, საჭიროა, ყური ვუგდოთ სპეციალისტის რჩევებს.

ორსულთა კარიესი

კარიესს ძირითადად სამი მიზეზი იწვევს:

- კბილის მინანქრის დაზიანება,

- ბევრი ტკბილეული,

- პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროფლორა.

ორსულობის პერიოდში ყველა ეს მიზეზი უფრო ძლიერადაა გამოხატული. ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ხშირი ღებინება ნერწყვის გამჟავიანებას იწვევს, თანაც მომატებული მადის წყალობით ქალი თავს უარს ვერაფერზე ეუბნება და ხშირად იტკბარუნებს პირს ტკბილეულით (შოკოლადით, კანფეტით, ნამცხვრით). მჟავე გარემოში, ნახშირწყლების თანაარსებობისას (რომელთაც ჭარბად შეიცავს ტკბილეული), მიკროორგანიზმები იოლად მრავლდება. ეს უკანასკნელნი შაქრის მონელების პროცესში კიდევ უფრო მეტ მჟავას გამოყოფს, რაც საბოლოოდ აზიანებს მინანქარს.

გახსოვდეთ! ფეხმძიმობის დროს კარიესის მკურნალობა არამცთუ აკრძალული არ გახლავთ, აუცილებელიც კია. თანამედროვე სტომატოლოგია საშუალებას იძლევა, ისე მოვუაროთ კბილებს, რომ არც დედის, არც პატარის ორგანიზმს არავითარი ზიანი არ მიადგეს.

მგრძნობიარე კბილი

ცნობილია, რომ ორსულის კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი დედისა და ბავშვისთვის. მაგრამ ჭამა ხშირად უსიამოვნო პროცესად იქცევა: საკვების (განსაკუთრებით კი ცივისა და ცხელის) შეხებას კბილები ტკივილით პასუხობს. ამაში დამნაშავეა გათხელებული, გაცრეცილი მინანქარი, რომელიც თითქმის ვერ ფარავს ნერვებსა და სისხლძარღვებს, ამიტომ ნერვი იოლად ღიზიანდება. მინანქრის გათხელებას რამდენიმე მიზეზი იწვევს: კალციუმის ნაკლებობა, ტოქსიკოზი, კბილის პასტის არასწორად შერჩევა, კბილების არასწორად გამოხეხვა.

ორსულთა გინგივიტი

თუკი კბილების გამოხეხვის დროს ჯაგრისზე სისხლის წვეთი გაჩნდა ან კბილის პასტის ქაფი მოვარდისფროდ შეიფერა, უნდა ვიფიქროთ, რომ ღრძილებიდან სისხლდენა დაიწყო. სტომატოლოგები ამას ორსულთა გინგივიტს უწოდებენ. ეს არცთუ იშვიათი პათოლოგიაა და, როგორც წესი, ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრებითაა განპირობებული.

რათა თავიდან აიცილოთ ღრძილებთან დაკავშირებული ყოველგვარი პრობლემა, საჭიროა, პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგს ეწვიოთ - იგი იოლად გაგისუფთავებთ პირის ღრუს კბილის ნადებისგან, ე.წ. ქვებისგან, და არასასურველი მიკრობებისგან. შესაძლოა, სისხლდენისგან, უბრალოდ, ჯაგრისის გამოცვლამაც გიხსნათ.

პირის ღრუს, განსაკუთრებით კი ღრძილების მოსავლელად გამოგადგებათ მცენარეული სავლები (გვირილის, სალბის, კალენდულას, მენთოლის). ისინი სასარგებლოა ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფის დროსაც, რაც ორსულობისას არცთუ იშვიათია.

რჩევები მომავალ დედებს:

- თუკი ორსულობისას კბილის რენტგენული სურათის გადაღება დაგჭირდათ, ამ პროცედურას ერიდეთ; თუკი დასხივება გარდაუვალი გახდა, მიმართეთ კვლევის სხვა მეთოდს - კომპიუტერულ ვიზიოგრაფიას. იგი გაცილებით უსაფრთხოა.

- როგორც აღმოჩნდა, მომავალი პატარას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ორსულის პირის ღრუს მოვლას, არამედ უახლოესი ნათესავებისასაც, პირველ რიგში კი მამის: მოსიყვარულე მამიკო ალერსის დროს თავის პირმშოს ათასობით ბაქტერიას გადასცემს.

- დედის მოუვლელი პირის ღრუ ნაყოფსაც ვნებს: პათოგენური მიკროორგანიზმები იოლად აღწევს ჯერ დაუბადებელი პაწიას ორგანიზმში. უსიამოვნებანი თავიდან რომ აიცილოთ:

ა) კბილები გამოიხეხეთ ყოველი ჭამის შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში;

ბ) გამოიყენეთ პირის ღრუს ჰიგიენის სხვა საშუალებები (გელი, სავლებები);'

გ) კბილის ჯაგრისი ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოიცვალეთ;

დ) ხშირად ეწვიეთ სტომატოლოგს.

მეძუძური დედა და კბილები

შესაძლებელია, კბილმა მთელი ფეხმძიმობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი, ხოლო უკვე მშობიარობის შემდეგ, ძუძუს წოვების დროს, შეგაწუხოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დედა რძესთან ერთად კარგავს საჭირო მინერალებს. ამიტომ ქალის კვება ამ პერიოდში ოჯახის მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს.

ორსულობის დროს თუ მის შემდეგ, საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფტორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით, ა, ც, დ ვიტამინებით. ისინი ინდივიდუალურად, ექიმ-გინეკოლოგის მითითებით უნდა შეირჩეს.

კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი. განსაკუთებით კარგად ორგანიზმი მას თევზის პროდუქტებიდან შეითვისებს.

ნინო ჩარგეიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი