არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და დარღვეული უფლებები - რა უნდა იცოდეს დასაქმებულმა

არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და დარღვეული უფლებები - რა უნდა იცოდეს დასაქმებულმა

გაუფრთხილებლად სამსახურიდან დათხოვნა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმები, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი - დარღვეული შრომითი უფლებები ბევრი მოქალაქისთვის არის პრობლემა. რა უნდა იცოდეთ შრომით უფლებებზე, რა გეკუთვნით და რისი უფლება გაქვთ? კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლაშა ჩალაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

შოთა:

10 წელზე მეტია ვმუშაობ ერთ-ერთ შპს-ში. ამ ხნის განმავლობაში არ მისარგებლია კუთვნილი შვებულებით, ვინაიდან შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში ჩემს ადგილზე აიყვანდნენ სხვა თანამშრომელს, ხოლო მე დავრჩებოდი სამსახურის გარეშე. ახლა გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა. მაინტერესებს, როგორ ამინაზღაურდება საბოლოო ანგარიში (ვგულისხმობ გამოუყენებელ შვებულებებს).

-შრომითი უფლებაა, რომ მოქალაქემ ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით. ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მოხდეს იმიტომ, რომ მან გამოიყენა შვებულება, ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია, რაც შეეხება შვებულების ანაზღაურებას, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად გამოუყენებელი შვებულება ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში: როდესაც პიროვნების გათავისუფლდება ხდება 37-ე მუხლის "ა", "ვ" და "დ" ქვპუნქტების საფუძველზე, ეს მუხლები გულისხმობს, რეორგანიზაციის შედეგად პიროვნების გათავისუფლებას, დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამო გათავისუფლებას ან როდესაც პირის კვალიფიკაცია არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. რაც შეეხება გამოუყენებელ შვებულებას, როგორც შრომითი ხელშეკრულების დავალიანებას, მას ვერ მოითხოვს, იმიტომ რომ მან პრეტენზია არ განაცხადა თავის დროზე.

ნათია:

ახალი შრომის კანონის თანახმად რა დროით შეიძლება თანამშრომელი იმყოფებოდეს უხელფასო შვებულებაში?

- როგორც ძველ, ისე ახალ შრომით კოდექსის პირობებში ამ მუხლში ცვლილება არ შესულა და აუნაზღაურებელი შვებულება შეადგენს 15 დღეს წელიწადში.

გიორგი:

საწარმოს გასხვისების (გაყიდვის) შემთხვევაში, საწარმოს იმ თანამშრომლებს რომლებმაც ამის გამო დაკარგეს სამსახური ეკუთვნით თუ არა კომპენსაცია და ვინ უნდა გასცეს ეს კომპენსცია?

-გააჩნია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი რა არის. რაც შეეხება კომპენსაციის გაცემას, თუ დადგება შემთხვევა, რომ კომპენსაცია იქნება გასაცემი, ასეთ შემთხვევაში კომპენსაციას გასცემს თვითონ საწარმო, შესაბამისად საწარმოს წარმომადგენელი იქნება, ახალი შემძენი პიროვნება.

მაია:

როგორია შრომითი ხელშეკრულების ვადები და რა ცვლილებებია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში?

-შრომითი ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს რამდენიმე თვიანი, შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი ფორმის, მაგრამ კანონმდებლობა იცნობს დათქმას, როდესაც სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება შრომითი ურთიერთობა, ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს, პლუს, თუ ერთ წელზე ნაკლები დროითაა დადებული ხელშეკრულება, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული თუ რა მიზნისთვის სჭირდება დამსაქმებელს მოკლე ვადიანი ხელშეკრულების გაფორმება. შესაბამისად ხელშეკრულება შესაძლებელია იყოს უვადო ან ერთ წელზე მეტი დროით დადებული.

ლალი:

მაინტერსებს ზოგადად, კერძო სტრუქტურაში დასაქმებული ადამინისთვის რამდენდღიანი უნდა იყოს შვებულება წელიწადში?

-იქნება ეს კერძო სტრუქტურა თუ საჯარო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შვებულება წელიწადში განისაზღვრება 24 სამუშაო დღით, დავკონკრეტდები, რომ აქ ითვლება მხოლოდ სამუშაო დღეები და შესაბამისად არ შედის შაბათ-კვირა და ის დღეები, რომელის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ითვლება უქმე დღეებად, საერთო ჯამში ესაა 24 დღე და ამას ემატება 15 დღიანი აუნაზღაურებელი შვებულება.

ნანა:

შრომის ახალი კანონის თანახმად, რამდენადაა თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ და უმიზეზოდ გათავისუფლებისგან დაცული?

-ახალი კანონმდებლობა შედარებით დახვეწილია, ძველ კანონმდებლობასთან მიმართებაში, შესაბამისას დასაქმებულის დაცვის სტანდარტები სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპზე უფრო განვითარებულია და მეტი თავდაცვითი მექანიზმები გააჩნია დამსაქმებულს, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა განხორციელდეს პრაქტიკიდან გამომდინარე, თუმცა დღეს მას სასამართლო პროცესზე უფრო უადვილდება საკუთარი უფლებების დაცვა, რადგან დღეს კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას.

ლია:

რა შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულს გაასაჩივროს არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და არის თუ არა დაცული კერძო კომპანიებში მათი უფლებები?

-შესაძლოა გაასაჩივროს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რაც გულისხმობს სამუშაო საათების ხანგრძლივობას, რომელიც აღემატება დადგენილ 40 საათს კვირაში. ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ორნაირად, - ან ხდება ჩვეულებრივი ანაზღაურების ორმაგი ოდენობით, ან შესაძლებელია დამსაქმებელი და დასაქმებული შეთანხმდეს დამატებით დასვენების დღეების გამოყოფაზე.

მაკა:

რამდენადაც ვიცი, დამსაქმებელს სამსახურის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ ეკუთვნის წელიწადში 24 დღე შვებულება. სამსახური დავიწყე შარშან 1 სექტემბერს, მაინტერესებს როგორ არის კანონის თანახმად, წელს 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე მეკუთვნის 24 დღე თუ მეორე წლის აგვისტომდე. ანუ წელიწადში კალენდარული წელი იგულისხმება თუ სამუშაო წელი?

-წელიწადში ითვლება კალენდარული წელი და არა სამუშაო წელი და როდესაც 11 თვე გრძელდება სტაბილურად შრომითი ურთიერთობა, ეს წარმოშობს შვებულების მოთხოვნის საფუძველს, თუმცა შესაძლებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების შედეგად, შვებულება შეიძლება შედგეს 8 თვის შემდეგაც.

მაკო:

თვეში ვმუშაობ ოფიციალურად 250-260 საათი. ხელზე ვიღებ 180 ლარს. გამეზრდება ხელფასი თუ შემიმცირდება სამუშაო საათები?

-გააჩნი შრომით ხელშეკრულებაში როგორაა მითითებული შრომითი ანაზღაურება. ზოგადად 250-270 საათი ზეგანაკვეთურ სამუშაოზე მიგვითითებს, ზეგანაკვეთური სამუშაობების პირობებში, კი მას შეუძლია მოითხოვოს დამსაქმებლისგან შესაბამისი ანაზღაურება.

ლალი:

არის თუ არა წლობით გაუცემელი ხელფასების აღების შანსი და რა სამართლებრივი პროცედურებია ამისთვის საჭირო?

-შანსი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა უნდა იყოს ვალის აღიარება დამსაქმებლის მიერ. კერძოდ უნდა მოხდეს ვალის აღიარება იმიტომ, რომ შრომითი ურთიერთობა ესაა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახე და ბუნებრივია აქ არის ხანდაზმულობის ვადები და იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადები იყოს წესრიგში, აუცილებელია ამ დავალიანების აღიარება თავად დამსაქმებლის მხრიდან. თუ მსგავსი წერილობითი სახის დოკუმენტი არსებობს სადაც დამსაქმებელი აღიარებს, რომ გასული წლების დავალიანება გააჩნია კონკრეტული დასაქმებული პირის მიმართ, მაშინ შესაძლებელია ამ თანხის ამოღება.

ნანა:

რამდენად სწორია სამართლებრივად შვებულების დღეებში დასვენების დღის ჩათვლა?

-სამართლებრივად სწორი არაა და ამაზე ვისაუბრე ზემოთ და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ანაზღაურება მოიცავს 24 სამუშაო დღეს, სადაც არ ექცევა შაბათ-კვირა და დასვენების დღეები.

დალი:

იყო დაპირება, რომ გადაიხედებოდა დეკრეტული შვებულების ვადა 4-დან 8 თვემდე, არაფერი შეცვლილა?

-ზოგადად ზედეკრეტული შვებულების ვადები კანონმდებლობაში გაწერილია 126 დღე და 140 დღე ტყუპების შეძენის შემთხვევაში, თუმცა ეს ვადები 1 იანვრიდან ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ვადები გაიზარდა, 183 დღე არის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი ვადა, ხოლო ტყუპების შემთხვევაში ეს ვადა იზრდება 200 დღემდე. რაც შეეხება დანარჩენ გამოუყენებელ, აუნაზღაურებელ დღეებს, 466 დღიდან გაიზარდა 720 დღემდე.

გიო:

მართალია თუ არა, დეკრეტული შვებულებით მამაკაცები ისარგებლებენ?

-დეკრეტული შვებულების არსი შემდეგია: ის შეიძლება გამოწვეული იყოს მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო. რა თქმა უნდა მამაკაცსაც შეუძლია ისარგებლოს, თუ არსებობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, თუ გარდაიცვალა ბავშვის დედა მშობიარობის შედეგად და მამაკაცს მოუწიოს ბავშვის მოვლა. ასეთ შემთხვევაში მამაკაცს შეუძლია ისარგებლოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეკრეტული შვებულებით.

გიორგი:

როგორია ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა საქართველოში?

-სტატისტიკა, როგორც ასეთი ჩვენ არ მოგვეპოვება და სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

ნანა:

ვინ და როგორ განსაზღვრავს კერძო და სახელმწიფო უწყებების შრომითი ხელშეკრულების ტიპებს და რა უნდა იცოდეს კერძო სექტორში დასაქმების მსურველმა?

-თავად ხელშეკრულებას დამსაქმებელი სთავაზობს დასაქმებულს, თუმცა ეს ხელშეკრულებები ბუნებრივია კანონმდებლობის ნორმებში უნდა ჯდებოდეს და არ უნდა ლახავდეს ერთი მხარის ინტერესებს. გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ერთი მხარის, ასევე მეორე მხარის უფლებები დაცული, შესაბამისად თავად დამსაქმებელია ამ ხელშეკრულების შემდგენი და ინიციატორი. რაც შეეხება ზოგადად შრომითი ხელშეკრულებას, ესეც სახელშეკრულებო ურთიერთობაა და შესაბამისად დასაქმებულს აქვს უფლება ხეკშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, მეორე მხარესთან შეთანხმებით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას