შოუბიზნესის კულუარები

შოუბიზნესის კულუარები

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის სახელი წლების განმავლობაში მასშტაბური კულტურული ღონისძიებებთან ასოცირდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოქიტაშვილი ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა პოლიტიკური შეხედულებების გამო დაბლოკილი ხელოვანების პრობლემებზე.

შოუბიზნესის კულუარებში მიმდინარე მოვლენებსა და ამ სფეროს შიდა სამზარეულოს შესახებ კითხვებს დავით ოქიტაშვილი პასუხობს

გამოგზავნილი შეკითხვები:

ანანო თურქავა: წლებია ოქიტაშვილი შოუ-ბიზნესში და კულტურის სფეროში ტრიალებს. ცალკე თემაა საერთოდ რას წარმოადგენს ქართული შოუ-ბიზნესი, მეორე თემა კი ხარისხია... თავად დათო საიდან მოხვდა ამ ამბებში?

შოუ-ბიზნესში ჩემი მოხვედრა ოჯახმა განაპირობა. დედა ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში ცეკვავდა და ჩვენთან ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები. რაც შეეხება ქართული შოუ-ბიზნესის ხარისხს, ვფიქრობ, ამ სფეროში კარგიც ბევრია და ძალიან ცუდიც. კითხვის ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო. არ შეიძლება მომღერლები პოლიტიკური ნიშნით დაყო, ხელოვანმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. ის არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში და არ უნდა მიიღოს საზოგადოებისგან რისხვა, ჩვენ ხომ ყველაფერს ხალხისთვის ვაკეთებთ? თუ ხალხს არ უყვარხარ, არც სიმღერა და არც სცენაზე დოგმა არაფრად არ ღირს.

დათო დვალი: თუ რაიმე სარგებელი არ აქვს ოქიტაშვილს, რატომ ირჯება და იქაჩება ხელოვნების მოღვაწეების ღვაწლი დასაფასებლად? თან ამ აქტივობის გამო არაერთხელ აგორავეს ტალახში მისი სახელი. ვის აწყობს მისი დისკრიმინაცია?.... ფაქტია, ამ კაცს საქმე არ უფასდება...

ბევრჯერ მესროლეს ტალახი, ბევრჯერ მომაყენეს შეურაცხყოფა, ბევრი სიბინძურე მსმენია საკუთარ თავზე, მაგრამ სოფიკო ჭიაურელი ყოველთვის მეუბნებოდა, "დათო, ყველას არც შენ უყვარხარ და არც მე. როცა ადამიანი საინტერესო მოღვაწეა, კარგის მთქმელიც ბევრი ჰყავს და ცუდისაც. მაშინ ხარ უბედური, როცა შენზე არც კარგს იტყვიან და არც ცუდსო". სოფიკოს სიტყვების შემდეგ ორი ყურის პრინციპით ვცხოვრობ - ერთ ყურში შევუშვებ და მეორედან ვუშვებ.

თეო გამცემლიძე: ბატონო დათო, არ მგონია, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენით ყველა ამ დაფასების ღირსი ყოფილიყო. ვინც გურანდა გაბუნიასავით ხმაურიანი არ არის ვარსკვლავიც არ ეღირსება, იქნებ კულისებშიც შეიხედოთ და დაინახოთ ის ადამიანები ვინც ხმაურის გარეშე აკეთებს საქმეს...

არც ერთი ვარსკვლავი საქართველოში არ გახსნილა კულტურის სამინისტროს, თეატრისა თუ სხვა კულტურულ დაწესებულებთან შეთანხმების გარეშე. ვარსკვლავების გახსნის პროექტს 4 წლით ჩამომაშორეს. ახლა ფუქნცია მიბრუნდება და დიდი სიფრთხილით მოვეკიდები, რათა ღირსეული პიროვნებების გვერდით არ მოხვდნენ იმ ადამიანთა ვარსკვლავები, რომლებიც ჩრდილს მიაყენებენ ღვაწლმოსილ "ვარსკვლავოსნებს". წელიწადში 2-3 ვარსკვლავს ვხსნიდით, მე რომ ფუნქცია ჩამომართვეს, იმდენი ვარსკვალავი გაიხსნა, ეს ლამაზი ზეიმი წინა ხელისუფლებამ მოსპო. პირობას ვდებ, რომ ვარსკვალვიც დაიბრუნებს პირვანდელ შვიდქიმიან სახეს, როგორიც პატრიარქმა აკურთხა. განსხვავებით ხუთქიმიანისგან, რომელიც კრემლის ვარსკვალვს დაამსგავსეს. აუცილებლად შევიხდავ კულისებში, რათა ღირსეული შემქომედი ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს.

თემო სვანიძე: გარდა ვარსკვლავების გახსნისა, რა საქმიანობას ეწევა ოქიტაშვილი, რა ბიზნესებს ფლობს და და რითი სუნთქვს?

ბიზნესი არ მაქვს. ბიზნესსაქმიანობას ეწევიან ჩემი ოჯახის წევრები და სიმამრი. მესმის კითხვის შინაარსი, რატომ აინტერესებს თემო სვანიძეს, თუ საიდან ვიღებ შემოსავალს. ძალიან კარგი ხელფასი მაქვს, დაახლოებით 5000 ლარი, ჩემი მეუღლეც დამოუკიდებლად მუშაობს. მიჭირს ამ ხელფასებზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, თუმცა ჩემს ოჯახს ქველმოქმედ ოჯახს უწოდებენ, რადგან ვცდილობთ, ყველა ადამიანს დავეხმაროთ.

მზია ქოიავა: ოქიტაშვილის ინიციატივით, თბილისს თათარაშვილი დაუბრუნდა, დარბაზში მაყურებელი ტიროდა, სცენაზე მომღერალი. ნერვიულობისგან სიმღერის ტექსტიც კი დაავიწყდა. კიდევ ვის ჩამოყვანას აპირებს ოქიტაშვილი?

რთული იყო თემურის ჩამოყვანა, რადგან მასაც ტალახი ესროლეს, ეს ჩვენი საქმე არ არის, დრო მოვა და სიმართლე გაირკვევა. როდესაც თემურს დავურეკე და თბილისში კონცერტის გამართვა შევთავაზე, მაშინვე დამთანხმდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. თემურის კონცერტი რომ შედგა, მაყურებლის დამსახურებაა. ნებისმიერი ქართველი მომღერლისთვის საქართველოში სიმღერა რთულია, ამიტომ თავად მომღერალმა უნდა დააფასოს მაყურებელი

თამუნა ოქროპირიძე: ხომ არ გეგმავს ოქიტაშვილი ე.წ. "ჩარეცხილი" მომღერლების კონცერტებს? უახლოეს პერიოდში რომელი მომღერლის "ამორეცხვას"აპირებს?

რაც აქამდე ხდებოდა, ყველაფერს ქართული საზოგადოება და მსმენელი გასცემს პასუხს. ღმერთმა დამიფაროს, რომ მათი კონცერტები ვატარო. არასოდეს არ შევეხები თემას, რომელიც მაყურებლის გაღიზიანებას გამოიწვევს. ყველას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და ვფიქრობ, მაყურებელსა და კოლეგებს ბოდიში უნდა მოუხადონ. მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, "ჩარეცხილების" გვერდით დავდგებოდი, გამოვხატავდი პროტესტს და არ ვიმღერებდი. ვიტყოდი, რომ თუ ისინი არ დადგებიან სცენაზე ჩვენს გვერდით, არც ჩვენ მივიღებთ კონცერტებში მონაწილეობას, მაგრამ ამის ძალა ბევრს არ ეყო. ახლა კი მეცინება, როდესაც სხვანაირად აჭიქჭიკდნენ და სხვანაირად მღერიან.

თეა ირემაძე: ამბობენ, ოქიტას პიცერიაში იტალიური სურნელი ტრიალებსო... სად არის ეს პიცერია?

ეს არის ჩემი მეგობრის, გია რაუშის პიცერია, რომელიც დაბრუნდა გერმანიიდან და არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ამ პიცერიისთვის პიარი. მე დავეხმარე. ფეისფუქის საშუალებით აქტიურად ვიყავი ჩართული პიცერიის რეკლამირებაში. გიამ მითხრა, რომ პიარიც კარგად გამოგდისო. მე პიცერია არ მაქვს, თუმცა მართლა გემრიელი პიცა ცხვება იქ და კითხვის ავტორს, თეა ირმაძეს პიცაზე ვეპატიჟები.

სოფო ხარებავა: ამბობენ, ოქიტაშვილს ულამაზესი ცოლ-შვილი ჰყავსო, გაგვაცანით შოუბიზნესის "მამის", ოქიტას ოჯახი...

ჩემი მეუღლე, ირინა დოლიძე პროფესიით ბიოლოგია, თუმცა მისი თანამდებობა შვილების აღზრდაა. ჩვენ სახლში არც ძიძები გვყავს, არც დამხმარეები და არც ოქროს უნიტაზები გვიდგას, თუმცა დადიოდა ჭორები, რომ ფუფუნება თავზე გადაგვდიოდა. ჩვეულებრივად ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ურთიერთობა ბევრ საინტერესო და ჩვეულებრივ ადამიანებთან გვქონდეს. ოჯახში სულ გვყავს სტუმარი. ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს, ამის გამო მეუღლე ხანდახან მსაყვედურობს - ვინმე ხომ მარ გააბრაზე, სტუმრები რომ არ მოდიანო. ძალიან მიხარია ჩემი შვილების მეგობრების ატუმრობა. უფროსი ქალიშვილი, თათა 17 წლისაა. უმცროსი შვილი, ლიზი კი 13 წლის. მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარება სურთ, უნდათ უყიდონ საჭირო ნივთი ან საკუთარი აჩუქონ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს თავში ავარდნილი არ აქვთ, ან რა უნდა აუვარდეთ, ჩვეულებრივი ოჯახი ვართ.

გიო საათაშვილი: დათო, შემოგევლე, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და ძალიან გაფასებ. ერთი კითხვა მაქვს შენთან. საქართველოში როდის იქნება და შენ თუ შეძლებ ობიექტურ მუსიკალური კონკურსების ჩატარებას, სადაც ჟიური მიკერძოებული არ იქნება და მხოლოდ სამართლიანობა გაიმარჯვებს.

ჩემი საკუთარი შვილიც რომ იყოს, არ დავინდობ იმიტომ, რომ სილამაზის ყიდვა არ შეიძლება, ვერც ყელს და იოგებს იყიდი, უკეთესად რომ იმღერო. აქედან გამომდინარე, არასდროს ვარ ჟიურიში, ვინაიდან ჩემთან ჩაწყობები, ოჯახური ურთიერთობები და მეგობრობა არ ჭრის, მეგობრობა სამსახურის კარს მიღმა ვიცი.

მაკა ჯაიანი: როგორც გავიგეთ, კულტურის მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ოქიტაშვილთან. შესაძლოა სამინისტროში ბატონმა დათომ სამსახური მიიღოს. რა სფეროს უხელმძღვანელებს ის?

მართლა მქონდა სამინისტროში ბატონი გურამის ინიციატივით შეხვედრა. უბედნიერესი ვარ, რომ ეს პიროვნება გავიცანი. იმ თემებზე ვისაუბრეთ, რომლებიც საზოგადოებას ძალიან აღელვებს. საუბარი შეეხო იმ სიბნძურეებს, რაც ქართულ შოუბიზნესში ხდება. ასევე ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილი მაქვს და მომავალ წელლს უნდა განვახორციელო. ორივე მხარემ თანამშრომლობის სურვილი გამოვთქვით. სამომავლოდ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ოთახში გამოკეტვას და სკამზე ჯდომას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს საქმეს ისედაც ვაკეთებ. ძალიან მიხარია, რომ ისეთი ადამიანები მოვიდნენ კულტურის სამინისტროსა და ქვეყნის სათავეში, რომლებიც არასოდეს ჩაერევიან უხეშად კულტურის სფეროში, არ გადაწყვეტენ, ვინ იმღეროს და ვინ არა. კარგია, რომ ეს თანამშრომლობა შედგება. კიდევ ერთხელ მადლობა ამბები.გეს მკითხველებს, ასეთი საინტერესო კითხვები რომ დამისვეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი სურვლები ავასრულო და ჩემი საქმე ქვეყნის საკეთილდღეოდ გავამართლო.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას