როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან

გაზაფხული წლის ყველაზე რთული სეზონია, რადგან ამ პერიოდში ალერგიები ყველაზე მეტად აქტიურდება. როგორ ავიცილოთ თავიდან ალერგიული ფონი, კითხვებს ალერგოლოგი დავით თელია პასუხობს.

ქეთი ანანიძე:

ბავშვობიდან მაქვს ალერგია, (ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე), ძალიან ბევრი ანტიალერგიული წამალი მივიღე, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ  ვიმკურნალო.

-ორი შესაძლებლობა არსებობს ამ მიმართულებით. პირველი, ეს არის ელიმინაციური მკურნალობა, რომელიც არის რადიკალური და ყველაზე ეფექტური. უნდა იყოს დადასტურებული პაციენტის ეჭვი, რომ მას აქვს ალერგია შინაური ცხოველებისა და ფრინველების ეპიდერმალურ ალერგენებზე ლაბორატორიული გზით. ყოველთვის უნდა გამოირიცხოს სუბიექტური შეხედულებები. თუ ეს დადასტურდა, მაშინ რეკომენდაცია ეძლევა პაციენტს რომ იყოს ელიმინირებული ანუ ცხოველები და ფრინველები უნდა იყოს მოცილებული. არის მეორე გზა, რომ ჩვენ, ისევ და ისევ ჩატარებული სპეციფიკური დიაგნოსტიკის შემდგომ, ჩავიტაროთ ამ ალერგენებით იმუნოთერაპია. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩავიტაროთ აცრა. აცრის დანიშნულება გახლავთ ის რომ პაციენტის ორგანიზმში ვითარდება ტოლერანტობა ანუ ამტანობა ამ ალერგენების მიმართ და პაციენტს შემდგომ ეს ალერგიული სიმპტომები ეკარგება. არის კიდევ მესამე გზა, რომელიც დროებითია. ეს არის სიმპტომური მკურნალობა, ანუ როდესაც პაციენტს აქვს გამწვავებები ალერგიული სიმპტომატოლოგიის, მაშინ ჩატარდეს მედიკამენტებით მკურნალობა.

ანანო პაიჭაძე:

6 წლის ბავშვს აქვს მაღალი კლასის (6-ზე მეტი) ალერგია მტვერზე და შედარებით დაბალი ( მე3-კლ) ნესტზე. ჩვენ ამჟამად გავდივართ მკურნალობის კურსს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდეთ საცხოვრებლად ( ჩვენ ვცხოვრობთ ზღვისპირა ქალაქში)და რამდენად უსაფრთხოა მტვერის საწინააღმდეგო აცრების 3 წლიანი კურსის ჩატარება ბავშვზე. რა უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს ამ აცრებმა.

-დასავლეთ საქართველოში ვინაიდან ტენიანობა მაღალია, აქ განსაკუთრებიტ მაღალია ტკიპებისა და სოკოვან ალერგენებთან ექსპოზიცია ანუ პაციენტის კონტაქტი და ასეთ პაციენტებს, რასაკვირველია ძალიან ხშირად ემართებათ ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის ბრონქული ასთმა, რინიტები და ა.შ. რასაკვირველია ალერგიების მკურნალობის დროს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და არდიკალური მეთოდი გახლავთ ალერგენის მოცილება, ალერგენთან კონტაქტის სეწყვეტა. თუ რასაკვირველია, ასეთი ალერგენი არის ერთი, ორი და ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თუ პაციენტს შეუძლია შეწყვიტოს კონტაქტი და ეს შესაძლებელია რეალურად, მაშინ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი გახლავთ ეს. ყველაზე უფრო რენტაბელური და ყველაზე უფრო ეფექტური. სხვა სემთხვევაში ისევ და ისევ გახლავთ ორი მიმართულება, მედიკამენტებით მკურნალობა ანუ მდგომარეობის შემსუბუქება სიმპტომური და მეორე ისევ და ისევ აცრები. აცრების ჩატარება ანუ იმუნოთერაპიის ჩატარება ასევე ეფექტურია.

გია პაიჭაძე:

ჩემს 16 წლის ქალიშვილს აქვს ალერგია მტვერზე, შესაძლებალია თუ არა მკურნალობა ისე, რომ ამ ტანჯვისგან საბოლოოდ გათავსიუფლდეს? როგორ მოვხდეთ თქვენთან კონსლუტაციაზე?

-ჩვენი ცენტრი გახლავთ ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრი. სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული, რომელიც განთავსებულია ყოფილი სამკურნალო კომბინატის შენობაში. ეს გახლავთ შ.პ.ს დეკა. ალერგია გახლავთ დაავადება, რომელიც პრინციპში არ ინკურნება, მაგრამ ალერგიასთან შეიზლება თანაცხოვრება, მისი მართვა შეიძლება. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ არის ალერგიული დაავადებების გარკვეული ნაწილი, რომელიც სპონტანურად ინკურნება. ანუ თავისთავად ინკურნება სქესობრივი მომწიფების ასაკში.

ქეთი კაპანაძე:

ბავშვობიდან ალერგიული ვარ: მტვერზე, მცენარეებზე (პომიდვრის ნერგები, გოგრას ფოთლები, გვირილა ყვავილი),  ნესტზე, ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე, კარადში შენახული ტანსაცმლის გამორებაზეც კი, ასევე საბნის (როდესაც "ლოგიონს" ვამზეურებ). წლებია სხვადსხვა საშუალებებით ვცდილობ ამ ალერგიის დამარცხბას, მაგრამ უშედეგოდ. მირჩიეთ ეფექტური მკურნალობის მეთოდი (ოღონდ ფინანსურ შესაძლებლობებში შეზღუდული ვარ, საშუალო ფინანსებით თუ არსებობს შანსი რომ განვიკურნო).

-გოგრის ფოთოლთან და პომიდვრის ნერგებთან პაციენტის შეხების აღკვეთა შედარებით ადვილია. არის ალერგენების ნაწილი, რომელთანაც პაციენტმა შეიძლება ცალსახად გაწყვიტოს კონტაქტი. ეს არის ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და ა.შ. ამ მიმართულებიტ გაცილებიტ უფრო ადვილია. რაც შეეხება ოთახის მტვერს, ის რაზეც არის მტვერი და რაზეც შეიძლება მოხვდეს ოთახის მტვერი და მათ შორის ოთახის მტვრის ტკიპა მასთან უნდა მოხდეს იზოლირება. სახლში არ არის რეკომენდებული ღია წიგნის კარადები, სადაც წიგნებია. არ არის რეკომენდებული სახლში სარეცხის გაშრობა, რაც ტენიანობას საკმაოდ მაღლა წევს. ონკანები უნდა იყოს შეკეთებული, ესეც მაღლა წევს ტენიანობას. ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, როდესაც პაციენტს აქვს სპეციალური აპარატი , რომელიც ტენიანობას ზომავს. კიდევ უფრო კარგია როცა ტენიანობის რეგულირების აპარატი გვაქვს სახლში. ანუ 50 პროცენტზე დაბლა ტენიანობის ჩამოწევის შემთხვევაში, ოთახის მტვრის ტკიპების ძალიან დიდი რაოდენობა იღუპება და შესაბამისად ექსპოზიცია ამ ალერგენებთან უფრო ნაკლებია. როგორც ვხედავთ, თითქოს ადვილია ყველაფრის ამის გაკეთება, მაგრამ ამავე დროს პაციენტი განსაკუთრებულად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ ყველაფერი ეს შეასრულოს და ამით შეიზლება მინიმუმადე მოხდეს ალერგენთან კონტაქტის დამყარება. თუ პაციენტი გაუსაძლის მდგომარეობაშია, თუ პაციენტს აქვს ძალიან ძლიერი შეტევები და ა.შ. მაშინ რა საკვირველია, მან სპეციალისტს უნდა მიმართოს, ვინაიდან თვითმკურნალობით ასეთი სერიოზული პრობლემების დაძლევა შეუძლებელია.

სალომე ქავთარაძე:

მაქვს ალერგია წლის ნებისმიერ დროს. დილით გაღვიძებისთნავე ცემინება მეწყება და რამდენიმე წუთს გრძელდება, ასევე მაქვს თვალების ქავილი და წვა. ეს ალერგია გაზაფხულზე უფრო მძიმე სახეს იღებს, სახის ქავილიც ემატება ამ ყველაფერს.. მინდა აღვნიშნო რომ ალერგია მხოლოდ დასავლეთში მაქვს, ხოლო აღმოსავლეთში არც ერთი სიმპტომი არ აღმენიშნება... გთხოვთ მიპასუხოთ, არის თუ არა ეს განკურნებადი და სად შეიძლება მკურნალობა?

-ვინაიდან პაციენტი ვერ აკონკრეტებს, თავისი გამოცდილებიტ ვერ აფიქსირებს კონკრეტულად რომელ ალერგენზეა ეს გამოვლინებები, სიმპტომატიკა, ალბათ მიზანშეწონილია რომ ჩატარდეს ერთხელ მაინც ანალიზი, რომ ჩვენ ზუსტად დავადგინოთ პაციენტს რის მიმართ აქვს ალერგია. იმიტომ რომ ეს ალერგენები, როგორც მოგეხსენებათ არის უხილავი. ძალიან რთულია, რომ ხშირად პაციენტმა დააფიქსიროს რაზეა. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ალერგია არის ხოლმე ერთ რომელიმე კონკრეტულ ალერგენზე. თუ პირველი ნაბიჯი გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ პაციენტი დაინტერესდება თუ რომელ კონკრეტულ ალერგენზე აქვს მას ეს გამოვლინებები, მაშინ უფრო ზუსტად შეიძლება მიეცეს პაციენტს რეკომენდაციები, როგორ მოიცილოს, როგორ იმკურნალოს და ა.შ. არ არის კარგი და სასიამოვნო, რომ ეს არის არასეზონური ალერგია, ანუ მთელი წლის მანძილზეა. როდესაც მთელი წლის მანძილზეა ალერგია, მაშინ მცენარის მტვერი ნაკლებად მოიაზრება და შესაბამისად მისი სპონტანური განკურნების პროგნოზი უფრო არაკეთილსაიმედოა.

მკითხველი ნანა:

სალომეს მსგავსად მეც იგივე პრობლემა მაქვს. ცემინება, ცრემლდენა, თვალების ქავილი. 18 წელი ვცხოვრობდი დასავლეთში. წელიწადის რომელ დროსაც არ უნდა ჩავიდე, იგივე პრობლემა მაქვს. მირჩიეთ მკურნალობის მეთოდი.

-ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ცოტა უფრო მარტივად არის საქმე, ვინაიდან ალერგიული პროცესი კონცენტრირებულია და მოიცავს ზემო სასუნთქ გზებს. ეს არის თვალები, ცხვირი, პირის ღრუ და ა.შ. ამას ეძახიან ე.წ. ზემო სასუნთქი გზების ალერგოზებს. ანუ ეს არის ალერგიული რინიტი, კონუქტივიტი და ა.შ. თუ ეს ისევ და ისევ არასეზონურია და მუდმივად მთელი წლის განმავლობაშია, რასაკვირველია ეს არის ისევ და ისევ ტკიპები და შიდა გარემოს ალერგენები. თუ პაციენტს ემართება დილაობით, ასევე ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს იყოს ტკიპის განპირობებული ალერგია. თუმცა ამავე დროს შეიძლება იყოს განპირობებული საწოლი აქსესუარებით. ჩვენ შეიძლება დავუნიშნოთ მას სიმპტომური მკურნალობა მედიკამენტების საშუალებით, რომელიც როგორც პროფილაქტიკული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს ასევე გამწვავების დროს შეიზლება დაინიშნოს მედიკამენტები. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია გაცილებიტ უფრო უკეთესი ეფექტები არის ხოლმე, ვიდრე ბრონქული ასთმის დროს.

ეკა კვაჭაძე:

დილაობით მაქვს უჰაერობის შეტევები. სანამ ჰისტამინურ წამალს არ მივიღებ მანამ ვერ ვწყნარდები. ადრე მსგავსი არაფერი მქონია. ვარ 36 წლის.  4 თვეა ვმუშაობ ბავშვთა ცენტრში და შესაზლებალი, თუ არა ეს უკავშირდებოდეს  მტვერს?

-თუ პაციენტს აქვს, სულხუთვა მაშინ მან რასაკვირველია უნდა გამოიყენოს ჩასასუნთქი პრეპარატი. ეს გახლავთ ე.წ. ბრონქოდილეტატორები, რომელსაც ასთმიანი პაციენტები ხმარობენ. ეს პრეპარატი უნდა ჩაისუნთქოს შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით და დააფიქსიროს ამ პრეპარატის ეფექტურობა. თუ ამ პრეპარატმა ეს ქოშინი ცალსახად მოხსნა, მაშასადამე რასაკვირველია ეს არის ბრონქული ასთმა. თუ პაციენტს უხსნის ანტიჰისტამინური პრეპარატი ამ ქოშინს აქ შეიძლება, რასაკვირველია ძალიან დაბალი პროცენტით რომ ეს იყოს ალერგიული მდგომარეობა და ანტიჰისტამინური ხსნიდეს. ასევე უფრო დიდი ვარაუდით შეიძლება ეს იყოს ისევ და ისევ ე.წ. ნევროზული ტიპის ქოშინი.

ნინა მეტრეველი:

ორი თვის წინ ვიყავი თქვენთან, დიაგნოზი: ალერგიული დერმატიტი-მკურნლობა დამინიშნეთ 10 დღიანი. წამლები მივიღე, დიეტას არასრულად ვიცავ, არ გამიარა ხელის თითებზე გამონაყარმა და ფხანამ, როგორ მოვიქცე?

-ქალბატონმა უნდა დაიცვას ორკვირიანი, უმჯობესია სამკვირიანი ელიმინაციური ღონისძიებები ანუ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს კონტაქტი. სხვათაშორის ძალიან ხშირად ხელთათმანებზეც არის ხოლმე. ქალბატონები ხშირად ხელთათმანებს იკეთებენ, რეზინის, ე.წ. ლატექსის ხელთათმანებს და თვითონ ხელთათმანი იძლევა ძალიან ხშირად. ლატექსის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიაა კონტაქტურ ალერგიებს შორის და ამიტომ ლატექსის ხელთათმანის ჩაცმის წინ საჭიროა ადამიანმა ჩაიცვას ქსოვილის ხელთათმანი, რომ გამოირიცხოს ასე ვთქვათ კონტაქტური დერმატიტი. კონტაქტური დერმატიტის დროს პირველი ეტაპი გახლავთ საეჭვო ნივთიერებასთან ანუ სარეცხ საშუალებასთან კონტაქტის შეწყვეტა. ადგილობრივად ინიშნება მალამოები, ე.წ. სტეროიდული მალამოები. თუ ხელზე არის სიმშრალე მან მუდმივად უნდა დაიტენიანოს ხელი. სიმშრალე, კანის მუდმივი სიმშრალე კიდევ უფრო ამძაფრებს ხოლმე სიტუაციას. ყოველი ხელის დასველების შემდეგ, 2-3 წუთის განმავლობაში უნდა შეიმშრალოს ხელი სწრაფად და შემდგომ წაისვას რომელიმე დამატენიანებელი საშუალება. შეიძლება ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთიც იყოს, კარგი ხარისხის ან ჩვეულებრივი ვაზელინი.

შორენა ბერიძე:

მე ალერგიის უცნაური ფორმა მაქვს, მაცემინებს კლიმატის შეცვლაზე, დილით, გაღვიძებისთანავე. ასევე ცივ ჰაერზე და პირიქით ცხელი ჰაერის შესუნთქვისთანავე მეწყება ცემინება,იგივე მემართება მტვერზე. რამდენიმე წლის წინ გადმოვედი ბათუმიდან თბილისში საცხოვრებლად და მას შემდეგ დამემართა.ეს გაუთავებელი ცემინება ძალიან მოქმედებს ნერვებზე. თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე.

-პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა ტიპის ბინაში გადმოვიდა ქალბატონი და როგორი გარემოა ამ ბინაში. ვინაიდან თბილისში გაცილებიტ ნაკლებია ტენიანობა , შესაძლოა ამ ბინაში იყოს კონკრეტული ალერგენი, რომელიც პაციენტს აძლევს ალერგიას. ეს უპირველესყოვლისა უნდა ვეძებოთ საძინებელში, ლოგინში და საძინებელ ოთახში და შემდგომ სხვა გარემოში. ეს ერთი, ეს ცალსახად ასე უნდა იყოს. გარდა ამისა, პაციენტმა ალბათ ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმს, რომ ასე ვთქვათ შემოწმდეს მისი ზემო სასუნთქი გზები, კერძოდ კი ჰაიმორის და შუბლის წიაღები. ძალიან ხშირად ასეთ ალერგიულ პაციენტებს, რომლებსაც ხშირად ემართებათ ასეთი სიმპტომები, აქვთ ხოლმე სინუსის წიაღებში რაღაცა პრობლემები და საჭირო არის ხოლმე ხშირად ღრმა გამორეცხვების გაკეთება სინუსის წიაღების და ამის შემდეგ ქრება.

ნათია ბაქრაძე:

მაქვს ალერგიული ასთმა. ასევე ზაფხულში მაქვს გამონაყარები ტანზე, ვიღებ ანტიალერგიულ აბებს, ვიყენებ მალამოებს, მაგრამ შედეგი არ არის, გთხოვთ მირჩიოთ მკურნალობის მეთოდი ( სპეციალური აცრების ჩატარების საშუალება არ მაქვს)

-თუ პაციენტს ტანზე აყრის საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, მაშინ ეს განსაკუთრებით უფრო ხშირად ამას იწვევს რომელიმე საკვები პროდუქტი. საკვები პროდუქტები ყველა ერთნაირი სიძლიერის არ არის. ყველაზე ხშირად ეს არის თევზი, თხილი, ნიგოზი, არახისი განსაკუთრებით. ხილიდან - ციტრუსი, ბოსტნეულიდან - პომიდორი და ა.შ. ამიტომ აქაც გასარკვევია კანის პრობლემები. რაც შეეხება ასთმას, აქ უბრალოდ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა რამდენად სწორად ღებულობს პაციენტი ანტიასთმურ მკურნალობას, ღებულობს თუ არა ის იმ საშუალებას, რომელიც ასე ვთქვათ ეფექტური არის, როგორი ტექნიკით ღებულობს. როგორც წესი, ყველაზე ხშირი შეცდომა გახლავთ ამ ანტიასთმური პრეპარატების ტექნიკურად არასწორი მიღება და პაციენტები არ არიან კმაყოფილი ხოლმე ამ პრეპარატების მიღებით. ანტიალერგიული ე.წ ანტიჰისტამინური მედიკამენტების მუდმივი გაუთავებელი მიღება არ არის მაინცდამაინც გამართლებული, განსაკუთრებით ასთმის დროს. ასთმის დროს მაინც პრიორიტეტი ენიჭება ე.წ. საინჰალაციო პრეპარატებს. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ პაციენტმაც უნდა ჩაიტაროს, თუ შესაძლებლობაა რაღაც მინიმალური გამოკვლევები, თუ არადა ერთხელ მაინც მიმართოს სპეციალისტს, რომელიც ასე ვთქვათ, მას ზუსტ მკურნალობის გზამკვლევს მისცემს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას