ცვლილებები საბავშვო ბაღებში

ცვლილებები საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღებში გადასახადი გაუქმდა. კიდევ რა ცვლილებები შევიდა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით კანონში და გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა გადასახადის გაუქმების შემდეგ, კითხვებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რამაზ სულამანიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

მარიშა :

რა შეზღუდვა იქნება გაცდენებზე და რა შემთხვევაში მოხდება ბავშვის გარიცხვა ბაღიდან? - აქამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბავშვი ავტომატურად ირიცხებოდა.

-სექტემბრიდან, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება, გაცდენებზე მიბმული იქნება ბავშვის გარიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არასაპატიო მიზეზით, მიყოლებით ერთ კვირას გააცდენს და მისი მშობელი არ წარმოადგენს რაიმე ცნობას, ბავშვის ავადმყოფობის ან ოჯახური პირობების შესახებ, ამ საკითხს ბაღში განიხილავს სათათბირო ორგანო, რომელშიც შედიან როგორც პედაგოგები, ასევე აქტიური მშობლები. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაითვლება თუ არა რომელიმე ბავშვის გაცდენა საპატიოდ. რა თქმა უნდა, არსებობს საპატიო, გონივრული გაცდენები და ამ შემთხვევაში ბავშვი ბაღიდან არ გაირიცხება. იმ შემთხვევაში, თუ გაცდენები არასაპატიოა, ბავშვი ამოირიცხება და შესაბამისად გაჩნდება ახალი ვაკანსია. ეს ყველაფერი მიბმულია ბიუჯეტზე და თუ ჩვენ დავტოვებდით პირველჯერზე დარეგისტრირებულ ყველა ბავშვს, შესაბამისად ხარჯებს რომლებსაც გავწევდით ბავშვზე, რომელიც არ ივლიდა ბაღში, იქნებოდა არამიზნობრივად დახარჯული. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვების გაცდენებზე მიგვება გარიცხვა და ჩარიცხვა.

თეონა:

მაინტერესებს გადასახადის გაუქმება ხომ არ აისახება კვებაზე? ანუ ნორმალური და რაციონალური კვება დარჩება ძველებურად?

-გადასახადის გაუქმება არანაირად არ აისახება კვებაზე. ამ გადასახადის კომპენსირება მოხდება ბიუჯეტიდან, შესაბამისად კვება დარჩება იგივე. ამის უფლებაც არ გვაქვს, რადგან არსებობს კალორაჟი, რომელიც დადგენილია წესით და კანონით და ამ ყველაფრის შესაბამისად უნდა მოხდეს ამ კალორაჟის მიწოდება ბავშვებისათვის. ამაზე ნაკლების მიწოდება დარღვევაა და არ შეიძლება. ამიტომ არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით არ იქნება.

ანა:

მაინტერესებს, გადასახადები მხოლოდ თბილისში გაუქმდა, თუ საქართველოს მაშტაბით?

-კანონით, არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია რაიმე სახის გადასახადის გადახდა ბაღებში. ველოდებით ამ კანონის გამოქვეყნებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო პარლამენტმა.

2) შევიდა თუ არა ცვლილებები ბაგა -ბარებში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში?

-სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში ცვლილებები არ შესულა. ეს პროგრამა დამტკიცებულია თბილისის მთავრობის მიერ და შემუშავებულია UNICEF- თან ერთად. ეს პროგრამა თბილისში მოქმედებს და მას უახლოეს ხანებში საკრებულოზეც გავიტანთ დასამტკიცებლად. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ასეთი მოწესრიგებული და დამტკიცებული და სასურველი იქნება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთივე სტანდარტები გავრცელდეს, როგორიც აქ თბილისში გვაქვს.

3) სახელმწიფო ბაგა -ბაღებში ბავშვების რა რაოდენობაა დასაშვები ერთ ჯგუფში?

-სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებით და სტრატეგიით, რომელიც შემუშავებულია UNICEF- თან ერთად, რეკომენდებულია მოზრდილთა ჯგუფში იყოს 35 ბავშვი, ხოლო ბაგის ჯგუფში - 25. თუმცა დიდი მოთხოვნისა და ადგილების სიმცირის გამო, ჩვენ ბაღებსა და სათათბირო ორგანოებს ვაძლევთ საშუალებას, რომ დაამატონ 5 ბავშვის ადგილი, იმ შემთხვევაში თუ ფართი და სივრცე აძლევთ ამის საშუალებას; რა თქმა უნდა, ისე რომ არ დაირღვეს სტანდარტი.

მაია:

მას შემდეგ რაც სახელმწიფო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, ძალიან გაიზარდა რეგისტარციის მსურველთა რიცხვი. ბევრ მშობლეს უკვე პრობლემაც შეექმნა ბავშვების დარეგისტრირებაზე. მოხდება თუ არა ჯგუფების დამატება?

-ჯგუფების დამატება მიმდინარეობს. იქ სადაც ბაღებში არის ადგილები და ფართები გვაძლევს საშუალებას ემატება ახალი ჯგუფები, რომელიც პერიოდულად ჩვენს საიტზე ჩნდება, სადაც მშობლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ თავიანთი ბავშვები. თითქმის ყოველდღე შემოდის განცხადებები, რომ მოხდეს ამა თუ იმ ბაღში ადგილების დამატება, რაზეც მაშინვე ხდება რეაგირება. 3-4 წლის წინ ბაღებში სულ იყო 24 000 ბავშვი. იმის გამო რომ ამ ბაღებში სტანდარტებმა აიწია და საკმაოდ კარგი გახდა, როგორც კვება, ასევე აღზრდა და სწავლა, შესაბამისად გაიზარდა მსურველთა რაოდენობა. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი აჟიოტაჟია შექმნილი ბაღებთან დაკავშირებით. ამასთან არა მარტო ჯგუფების დამატება ხდება, არამედ იმ ბაღების დამატებაც, რომლებიც აქამდე იყო უფუნქციოდ, არ იყო გაყიდული და მცირე თანხების დახარჯვით შესაძლებელია ისინი მოწესრიგდეს, მოვიდეს მწყობრში და იქ ახალი ბაღები გაიხსნას. ასეთი ბაღი რამდენიმეა თბილისის მასშტაბით, რომელიც ალბათ ახალი სასწავლო წლის პერიოდში დაგვემატება.

ბელა პაპავა:

რეგისტრაციისას ბავშვი შეცდომით სხვა ბაღში დავარეგისტრირე, სადაც ფაქტიურად ვერ შევძლებ ტარებას. იმ ბაღში კი, სადაც ვაპირებდი შეყვანას, ადგილები შევსებულია. ვერც მიმდებარე ბაღებში შევძლებთ სიარულს ტერიტორიული სიშორის გამო. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გავაკეთო, ბავშვი ახლა მოვხსნა უკვე რეგისტრირებული ბაღიდან და დაველოდო ვაკანსიას თუ, შანსი იმისა, რომ ადგილები გამოჩნდეს, ნაკლებია?

-შანსი იმისა რომ ადგილები გამოჩნდეს არის დიდი. მშობლები უნდა იყვნენ აქტიურები, პერიოდულად ჩვენს საიტზე ემატება ჯგუფები და სასურველი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაარეგისტრირონ თავიანთი შვილები. ხშირად იმის გამო, რომ მშობლებს უნდათ ბავშვის დარეგისტრირება სასურველ ბაღში და იქ ადგილი არ არის, ცდილობენ ნებისმიერ ადგილზე დარეგისტრირდნენ. ამის შემდეგ უნდათ შვილის სასურველ ბაღში გადაყვანა, თუმცა თუ ადგილი არ არის მშობელი ამას ვერ მოახერხებს. ადგილი რომ ყოფილიყო, ისედაც იქნებოდა ვაკანსია გამოცხადებული და მშობელი თავიდანვე შეძლებდა ბავშვის დარეგისტრირებას. ბაღებში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით ჩნდება ჩვენს საიტზე ეს ვაკანსიები. შესაბამისად მშობელი უნდა დაელოდოს მისთვის სასურველ ბაღში ახალ ადგილს და იქ დაარეგისტრიროს შვილი.

ბელა პაპავა:

შეიძლება თუ არა ბაღის ადმინისტრაციამ ჯგუფები დაამატოს და რა არის ამისთვის საჭირო?

-იმ შემთხვევაში, თუ ბაღში არსებობს ფართი, რომელიც აქამდე აუთვისებელია, ის რემონტდება და ემატება ახალი ჯგუფი. ამიტომ არაფერი არ არის ამისთვის საჭირო. ყველა ფართი იქნება მაქსიმალურად ათვისებული, რამაც შეიძლება ახალი ჯგუფების დამატების შესაძლებლობა მოქვცეს.

მარი მამალაძე:

საქართველოს მასშტაბით გაუქმდა გადასახადი თუ მხოლოდ თბილისში?

-მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა გადასახადი.

2) სექტემბრის რა რიცხვიდან იწყება საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი?

-თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბრიდან დაიწყება.

3)  როცა ვუყურებ რა მოწესრიგებულია თბილისის ბაღები, ძალიან მწყინს რომ ქუთაისში აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაა, ძველი, ჩაჟამებული შენობები, კომუნისტების დროინდელი სათამაშოები და გაქუცული პლუშის თოჯინები, ბავშვებს არც უხარიათ ბაღში სიარული, არც მომვლელები იკლავენ თავს ბავშვების მოვლა-პატრონობით, იქნებ მიაქციონ ყურადღება ამ საკითხსაც.  ბევრი მშობლის სახელით გთხოვთ, თორემ ყველას ხომ არ აქვს კერძო ბაღში გადასახდელი 100-150ლარი.

-სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ თბილისის ბაგა-ბაღებს ვემსახურებით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ბაღებში სტანდარტები საკმაოდ მაღლია ძალიან დიდი მოთხოვნაა მათზე. თბილისის ბაღებში ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა პირობების გაუმჯობესების პროცესი დღესაც მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ჩვენ ალბათ ყველა საბავშვო ბაღში გვექნება ცენტრალური გათბობა, რაც 3-4 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამასთან რამდენიმე ბაღი, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებდა წლის ბოლომდე დაიწყება ეს პროცესი. წლის ბოლომდე თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, თბილისის ყველა ბაღში იქნება მოგვარებული. სამწუხაროდ ჩვენ ქუთაისს ვერ ვწვდებით, ჩვენს დაქვემდებარებაში მხოლოდ თბილისის ბავშვთა ბაღები და ბაგა-ბაღებია და მხოლოდ მათზე ვართ პასუხისმგებლები. ამიტომ ქუთაისზე უნდა მიმართონ ქუთაისის მერიას და ადგილობრივ თვითმმართველობას.

ეკა:

სავალდებულოა თუ არა თბილიში ჰქონდეს რეგისტრაცია ბავშვს?

-არ არის სავალდებულო. თბილისში, ყველას ვისაც აქვს სურვილი შეუძლია დარეგისტრირდეს, თუ არსებობს ვაკანსია საბავშვო ბაღში. არსებობს ამის სტატისტიკაც, რომ დაახლოებით 10-15% ბავშვებისა არ არიან თბილისში რეგისტრირებულნი. თუმცა ეს არის კანონით უზრუნველყოფილი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შევუზღუდოთ ბავშვებს თბილისის ბაღებში შესვლა.

ანა ბერიძე:

ვერ მოვასწარით რეგისტრაცია-უკვე ვაკანსიები აღარაა და ბევრი დარჩა გარეთ.....გვეშველება რამე?

-ახლა თბილისის ბაღებში მიმდინარეობს ადგილების დამატების პროცესი. სადაც არის ფართი იქ იხსნება ახალი ჯგუფები. ჯგუფში 35-40 კაცია. როცა ბაღში მოწესრიგდება გარემო და და იქნება შესაბამისი მზაობა, რომ ახალი ადგილები გაჩნდეს, სწორედ მაშინ იხსნება ვაკანსიები. შესაბამისად ეს არის პერმანენტული პროცესი. ისე არ ხდება რომ ბავშვი დარეგისტრირდეს და პროცესი გაჩერდეს. პლუს ამას, ის ბავშვები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით გააცდენენ ბაღს ამოირიცხებიან და მათ ადგილზე ახალი ბავშვების მიღება მოხდება. მე რეკომენდაციას მივცემ ყველა მშობელს დაელოდონ, იყვნენ აქტიურები ჩვენს საიტზე, პერიოდულად დაათვალიერონ მათ სასურველ ბაღში არის თუ არა ვაკანსია და შემდეგ დარეგისტრირდნენ. ეს პროცესი გრძელდება და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არ შენელდება; ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვიქნებით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას