ახალი ავეჯი VS მეორადი ავეჯი

ახალი ავეჯი VS მეორადი ავეჯი

გახსოვთ, ალბათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული ბაზარი ევროპულმა ე.წ. მეორადმა ტანსაცმელმა დაიპყრო. ადგილობრივ ბაზარზე თანდათან მოიკიდა ფეხი ევროპიდან შემოტანილმა მეორადმა ავტონაწილებმა და ევროპულმა ავეჯმაც. თუმცა, თუ დღეს მეორადი ტანსაცმელი ისეთივე ”პოპულარული” აღარ არის, როგორიც 90-იან წლებში იყო, სამაგიეროდ, ბაზარზე ისევ დიდი მოთხოვნით სარგებლობს საკმაოდ ძვირი მეორადი ავეჯი. ზოგიერთი მომხმარებელი არჩევანს მეორად ავეჯზე მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ის ევროპულია და მასში საკმაოდ ძვირს იხდის, მაგრამ ასეთი ავეჯის შეძენისას მომხმარებელი ყურადღების მიღმა ტოვებს ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც აუცილებელად უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის ყიდვისას.

საქართველოში მეორადი ავეჯის ბაზარზე, ძირითადად, ბელგიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოტანილი ის სამეულები, საძინებლები და რბილი ავეჯი იყიდება, რომელზეც ევროპელი მომხმარებელი რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ უარს ამბობს. ევროპელები, რომლებიც ავეჯს ყოველ 3-5 წელიწადში აახლებენ, ძველ და მოდიდან გასულ ავეჯს, ასე ვთქვათ, "კაპიკებად" - 50-100 ევროდ იშორებენ. ქართველი გადამყიდველები კი ამ ფასად შეძენილ მეორად საძინებელსა და ტყავის სავარძლებს რესტავრაციას უტარებენ და შემდეგ ძვირად ყიდიან.

ქართველი მომხმარებელი, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძინოს მდიდრული ტყავის სავარძლები და თანაც, მაინცდამაინც ევროპული, ასობით, ხშირად კი ათასობით ლარს იხდის. ფიქრობს, რომ უმჯობესია შეიძინოს მეორადი ევროპული საქონელი, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ახალი, თანამედროვე და ხარისხიანი.

არადა, თანამედროვე ევროპამ უკვე კარგა ხანია უარი თქვა ტყავის ავეჯზე, ვინაიდან თუნდაც ნატურალური ტყავისგან დამზადებული ავეჯი არ არის ისე კომფორტული, როგორიც ტექსტილისგან დამზადებული.

სამწუხაროდ, ქართველები ბევრ საკითხში ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით საბჭოური კლიშეებისგან და საბჭოური პერიოდის მსგავსად, ბევრი კვლავაც ფიქრობს, რომ რბილი ავეჯი აუცილებლად მდიდრული და ტყავის უნდა იყო.

"ტყავს ჰაერგამტარობა იმდენი არა აქვს, რამდენიც ქსოვილს. ასევე დამტკიცებულია, რომ ხარისხიანი ქსოვილის ავეჯი ბევრად უკეთესია ჯანმრთელობისთვის და გაცილებით კომფორტულია. მაგრამ თუ არჩევანს მაინც ტყავის სასარგებლოდ გააკეთებთ, გირჩევთ ტყავი აქსესუარად გამოიყენოთ და ქსოვილის ავეჯი ტყავით გააფორმოთ. ავეჯის ის ნაწილი კი, რომელსაც ადამიანი ეყრდნობა და რომელზეც ჯდება, აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური ქსოვილის, რომელსაც ჩვენ ფართოდ ვიყენებთ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კომპანია ”ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში გიორგი დაბრუნდაშვილმა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია ავეჯის შეძენისას, არის გარანტია, რომელიც მეორადი და რესტავრირებული ავეჯის ყიდვისას არ არსებობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ძვირად ღირებული, ევროპული მეორადი ავეჯი ყიდვიდან ცოტა ხანში ზიანდება, მომხმარებელი კი ასეთ შემთხვევაში დაუცველია, რადგან არა აქვს გარანტია და ვერ მიმართავს მწარმოებელს.

საქართველოში წარმოებული ავეჯის შეძენისას ასეთი რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან ქართული ავეჯის კომპანიები - რამდენიმეთვიან, ზოგიერთი კი რამდენიმეწლიან გარანტიას გასცემენ.

"სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სააგენტო, რომელიც უხარისხო ავეჯის ყიდვით დაზარალებულ მომხმარებელს დაიცავს, ევროპაში კი მომხმარებლის მოტყუებისთვის ბევრი ცნობილი კომპანია დაუხურავთ. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ფიქრობს, რომ ფულს ევროპულ მეორად ავეჯში იხდის, არადა, ავეჯი შეიძლება იყოს ჩინური, მალაიზიური და დაბალი ხარისხის. მომხმარებელი მოტყუებული რჩება. ამას ისიც ემატება, რომ მეორად ავეჯს გარანტიაც არ აქვს. მომხმარებელს ჰგონია, რომ ყიდულობს 5-ათასიან ავეჯს, მისი რეალური ღირებულება 200 დოლარია და რაც ყველაზე ცუდია, გასული აქვს მოხმარების ვადა, რადგან 5 წლის შემდეგ ყველა ავეჯი ზიანდება", - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

ასე რომ, თუ საზოგადოება გააცნობიერებს იმ რისკებს, რაც ევროპული, მაგრამ მეორადი ავეჯის შეძენას ახლავს და გაიაზრებს იმასაც, რომ იმავე ფასად შეუძლია ხარისხიანი, საქართველოში წარმოებული ავეჯის შეძენა, ზემოხსენებული "მოდა" წარმავალი გახდება.

მარი ჯავახიშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი