მოითხოვეთ საგარანტიო ტალონი ავეჯის შეძენისას

მოითხოვეთ საგარანტიო ტალონი ავეჯის შეძენისას

სპეციალისტები ავეჯის შეძენის მსურველებს ურჩევენ, აუცილებლად მოითხოვონ საგარანტიო ბარათი. მისი არქონის შემთხვევაში, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოტყუებული დარჩეთ.

რაოდენ პრესტიჟულ მაღაზიაშიც არ უნდა შეიძინოთ ავეჯი და რაოდენ ხარისხიანიც არ უნდა იყოს ის, შესაძლოა ავეჯი ტრანსპორტირებისას ან არასწორი აწყობისას დაზიანდეს, საგარანტიო ბარათის არქონის შემთხვევაში ამ ხარვეზს კომპანია ან კერძო მწარმოებელი ვერ, ან სულაც არ აღმოფხვრის. საგარანტიო ტალონი კი გაძლევთ შესაძლებლობას, მწარმოებელ ფირმას პასუხი და გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვოთ.

მნიშვნელოვანია, ავეჯის შეძენისას, აუცილებლად გამახვილდეს ყურადღება გარანტიის ვადასა და გამოყენების წესებზე. ავეჯის შეძენის მსურველებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება გარანტიაში მოცემულ, ავეჯის ოთახიდან ოთახში გადატანის წესებს.

"თუ ავეჯი გზაში ან გადაზიდვისას დაზიანდა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს აქვს საგარანტიო სერვისი, ის უფრო დაცულია თუნდაც ამწყობის დაუდევარი ქმედებებისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ გაცემული გარანტია ითვალისწინებს ამწყობის მიერ დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასაც", - აცხადებს "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, გიორგი დაბრუნდაშვილი.

გარანტია ასევე ითვალისწინებს ავეჯის აწყობისას ამწყობის მიერ დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასაც. ავეჯზე გაცემული გარანტია ვრცელდება კონსტრუქციულ ნაწილზე და ითვალისწინებს იმ ქარხნული დეფექტის შეკეთებას, რომლის აღმოჩენაც ვიზუალური დათვალიერებისას შეუძლებელი იყო. გარანტიის ნაწილი ასევე მოიცავს მექანიზმის მოშლას, რბილი ავეჯის ღრუბლის დაპრესვას, უჯრის მექანიზმის მოშლას, სახელურის და კარის შეკეთებას. გარანტია არ ითვალისწინებს მხოლოდ იმ დეფეტებს, რომელიც ავეჯის ექსპლუატაციის პირობებში მექანიკური დაზიანების შედეგად მოხდა.

"ემბავუდში" ნებისმიერი ავეჯის გარანტია 2-წლიანია. ეს არის ჩვენი გზავნილი მომხმარებლის დასარწმუნებლად, რომ ვაწარმოებთ ხარისხიან ავეჯს. საგარანტიო ბარათის გადაცემა მომხმარებლისთვის, ნიშნავს, რომ კომპანია პასუხისმგებელია საკუთარი პროდუქციის ხარისხზე, რაც მომხმარებლის მხრიდან ნდობას უფრო მეტად ზრდის", - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

თუმცა, ზოგიერთი კომპანია, მომხმარებლის მეტი ნდობის მოპოვების მიზნით, მის მიერ წარმოებულ ნებისმიერ ავეჯზე გასცემს გარანტიას და მათ შორის, რამდენიმეწლიანს. საქართველოსგან განსხვავებით, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთსა და უკრაინაშიც, ავეჯზე გარანტიის პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს. კანონმდებლობის შესაბამისად, მწარმოებელმა აუცილებლად უნდა გასცეს არანაკლებ 2-წლიანი გარანტია. საქართველოში კი მწარმოებლებსა და რეალიზატორებს სრულებით არ ევალებათ საგარანტიო ტალონის გაცემა. შესაბამისად, ავეჯის შეძენისას მხოლოდ მწარმოებლის, ან რეალიზატორის კეთილსინდისიერების იმედად ვრჩებით. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მომხმარებელს ურჩევენ, ნებისმიერი ტიპის ავეჯის შეძენისას აუცილებლად მოითხოვონ საგარანტიო ტალონი.

ავეჯის შეძენის მსურველებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უფლებები უფრო მეტად დაცულია ისეთი ავეჯის შეძენის შემთხვევაში, რომელსაც გარანტია მოჰყვება, რადგან პროდუქციის შეძენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ავეჯს შესაძლოა, აღმოაჩნდეს ხარვეზი, რომელიც მანამდე შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევაში პაუხისმგებელი არავინაა. შესაბამისად, პირველი, ვინც ასეთ დროს დაზარალებული რჩება, ეს მოტყუებული მომხმარებელია. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ავეჯისა და ტექნიკის შეძენისას მხოლოდ სიტყვიერ გარანტიას სჯერდება და არ ითხოვს საგარანტიო ტალონს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი