შეზღუდული შესაძლებლობა და დასაქმების შეუზღუდავი შანსი

შეზღუდული შესაძლებლობა და დასაქმების შეუზღუდავი შანსი

დღეს დედამიწაზე თითქმის ყოველი მე-10 ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მათი რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონს აღწევს. ეს უდიდესი უმცირესობაა, რომელთა უფლებებიც სამწუხაროდ ხშირად ირღვევა. ამის მიზეზი კი თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების არარსებობა, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება და არასაკმარისი ინფორმირებულობაა.

საზოგადოება მკაცრია შშმ პირების მიმართ და ნაკლებად აღიქვამს მათ შრომისუნარიან ადამიანებად. ამ სტატუსის გამო დამსაქმებლები თავს არიდებენ მათ სამსახურში აყვანას,რაც თავად შშმ პირთა თვითშეფასებასდაბლა სწევს და საბოლოოდ მათ დისკრიმინაციას განაპირობებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი სოციალური მიმართულებაა. საზოგადოების ვალდებულებაა, ამ ადამიანებს შეხედოს ჩვეულებრივ, როგორც სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობენ. შშმ პირების დასაქმება მათი სოციალური რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სწორედ შრომითი საქმიანობა აძლევს მათ შესაძლებლობას - თავი საზოგადოების სრულფასოვან და სრულუფლებიან წევრად იგრძნონ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და განვითარება, შრომის საფუძველზე საკუთარი წვლილი შეიტანონ ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობაში.

რასაკვირველია, შშმ პირების დასაქმების საკითხების განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის ეს კატეგორია მუშაობის უნარიანობისა და შრომის სფეროში, შესაძლებლობების თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების, ისე თავად შშმ პირების მხრიდან. მაგრამ მათდამი დამოკიდებულება არ უნდა ეფუძნებოდეს არასწორ შეხედულებებს, თითქოს შესაძლებლობების გარკვეული შეზღუდვა პირს მთლიანად ქმედუუნაროს ხდის, რომ იგი სხვაზე უარესი მომუშავეა და ა.შ. პირველ რიგში, საჭიროა იმის გააზრება, რომ შშმ პირები საკმაოდ მრავალფეროვანი კატეგორიაა.მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ დიდი პოტენციალის მატარებელია. მათი დასაქმება საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვისაც მომგებიანია, რამდენადაც იგი ხელს უწყობს შშმ პირების შრომითი პოტენციალის გამოყენებას, ამცირებს მათ შენახვაზე სახელმწიფო ხარჯებს, ზრდის მათი ოჯახების შემოსავალს და ამცირებს სიღარიბის რისკს. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირების შრომით საქმიანობაში ჩართვა არ აღიქმებოდეს როგორც ქველმოქმედება ან წყალობა დამსაქმებლის მხრიდან.

შშმ პირების დასაქმების პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ერთის მხრივ, საჭიროა ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და მეორეს მხრივ,საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. ამისთვის კი, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. კერძოდ:

1. აუცილებელია, შშმ პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რასაც სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა შეუწყობს ხელს ;საჭიროა შშმ პირების მეტი ჩართულობა უმაღლეს, პროფესიულ და მოკლევადიან განათლების პროგრამებში;

2. შშმ პირების პრობლემების და მათი უფლებების შესახებ საზოგადოების (მათ შორის დამსაქმებლების) ინფორმირებისთვის უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს სპეციალური პროგრამები და საგანმანათლებლო კამპანიები. დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ შშმ პირების სამუშაოზე მიღებისას ყურადღება მიაქციოს არა ”დიაგნოზს”, არამედ კონკრეტულ შრომით უნარებსა და ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც ამ ადამიანებისთვის არ არის რთული.

3. სახელმწიფომ კი უნდა შექმნას შესაბამისი სააკანონმდებლო ბაზა და წაახალისოს დამსაქმებლები, მაგალითად, დაუწესოს საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათები იმ მეწარმეებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში და ამით მხარს დაუჭერენ სახელმწიფო პოლიტიკას საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის სფეროში.

ვიმედოვნებთ, რომ ამ თემაზე დაწერილ არაერთ სტატიას თუ წერილს გამოხმაურება აუცილებლად მოჰყვება და შშმ პირების ბედით ის ადამიანები დაინტერესდებით, რომელთაც რეალურად შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ მათ დასაქმებაში. გახსოვდეთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში დიდი პოტენციალია და სწორედ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ნიჭისა და უნარების გამოვლენაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი