"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა

"ნაღმის" დახურული პრემიერის პირველი ნეგატიური კრიტიკა

რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ ამირანში სტუდია "სარკეს" ახალი ქართულ-ამერიკული ფილმის "ნაღმი" დახურული ჩვენება შედგა.

კინოთეატრ "ამირანში" ქართველი რეჟისორის, ლევან ბახიას მძაფრსიუჟეტიანი დრამის პრემიერაზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა ცნობილი სახე შეიკრიბა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანმა დარბაზი ფილმის დასრულებამდე დატოვა, მათ შორის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და მსახიობმა და წამყვანმა ია ფარულავამ.

”ამბები.გე” შეეცადა გაერკვია, სტუმრებს ფილმი არ მოეწონათ, თუ უბრალოდ, ფილმში დრამატულად განვითარებულ მოვლენებს "ვეღარ გაუძლეს".

თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ კომენტარზე უარი გვითხრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მის მიერ დარბაზის დატოვება შუა სეანსის დროს, უკვე ნიშნავს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

რაც შეეხება ია ფარულავას, ფილმით გამოწვეული შთაბეჭდილებები მსახიობმა იმავე საღამოს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოხატა.

ია ფარულავა: "რა იყო ეს ფილმი Landmine goes cklick თუ რაღაც ჯანდაბა - feeling shocked", - დაწერა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში.

მაგრამ რამ ჩააგდო ია ფარულავა შოკში, ამის განმარტებაზე მსახიობმა კატეგორიული უარი გვითხრა.

"ნაღმის" დახურულ ჩვენებას ესწრებოდა ქართველი მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი მანანა მენაბდე, რომელიც მისმა დისშვილმა განო მელითაურმა და მისმა მეუღლემ, "ნაღმის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა კოტე თოლორდავამ მიიწვიეს პრემიერაზე.

მანანა მენაბდის თქმით, ნებისმიერ ფილმს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, ბოლომდე ესწრება, ვინაიდან იმ ცუდშიც აინტერესებს, რით დამთავრდება ფილმი და რა არის საინტერესო.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საოცრად მომეწონა კოტეს თამაში. საერთოდ მინდა აღვნიშნო, აბსოლუტურად ყველა მსახიობი ძალიან საინტერესოდ თამაშობდა. საოცრად მომეწონა, როგორი სახე შექმნა კოტე თოლორდავამ და არა იმიტომ, რომ ის ჩემი დისშვილის მეუღლეა. ეს სრული სიმართლეა. რაც შეეხება თავად ფილმს, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ ფილმის კონცეფცია გამომეტანა და გამეგო, რა სურდა რეჟისორს. მაგრამ სამწუხაროდ, იდეური კონცეფცია, რისი თქმა უნდა რეჟისორს ამ ფილმით, ვერ გავიგე", - აღნიშნავს ქართველი მუსიკოსი.

მანანა მენაბდის აზრით, მისთვის უფრო მეტად მისაღები და გასაგები იქნებოდა ტურისტები თავად ქართველები რომ ყოფილიყვნენ და უსიამოვნება, რაც ფილმშია მოთხრობილი, ქართველებს შორის მომხდარიყო, რადგან ეს ისტორია ასე უფრო განზოგადდებოდა.

"ფილმში კი ისე გამოვიდა, რომ ამერიკელი ტურისტები ტერორისტ ქართველებთნ ჩამოვიდნენ. დავუშვათ, ეს ხდება იაპონიაში, სადაც მაგალითად, ქართველი ტურისტები ჩავიდნენ, ორმა იაპონელმა კი ისეთივე ამბავი გაუკეთა, როგორც "ნაღმში" კოტეს გმირმა ამერიკელ ტურისტს. რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რას იფიქრებდით - იმას, რომ მე არ მინდა ამ ქვეყანაში წასვლა", - ამბობს მანანა მენაბდე.

ქართველი მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ცუდი ხალხი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია და ეს ყველამ იცის. თუმცა, შესაძლოა, "ნაღმის" ნახვის შემდეგ ჩვეულებრივმა, საშუალო დონის მაყურებელმა, ვინც არ იცის მხარე საქართველო, არასწორი დასკვნები გამოიტანოს.

"ჩემი აზრით, სცენარი იყო გაუმართავი. ვფიქრობ, ფილმში ბევრი საინტერესო მომენტი იყო, რომელმაც არ გაამართლა გაუმართავი სცენარის გამო და ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ყველა მსახიობი უზადოდ თამაშობს, მათ შორის პატარა გოგონა ელენე ბეზერაშვილი. გარდა ამისა, ძალიან მომეწონა მხატვრის ხედვა", - ამბობს მანანა მენაბდე.

ქართველი მუსიკოსი ასევე ხაზს უსვამს, რომ მისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო სცენა, რომელიც ძალიან დამაჯერებელი იყო.

რაც შეეხება კინომოყვარულებს, ლევან ბახიას ქართულ-ამერიკული ფილმის "ნაღმი" ნახვა მათ საქართველოს კინოთეატრებში დღეიდან შეეძლებათ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი