ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ქვეყანაში ოქროს მოპოვების დარგის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეკონომიკის ექსპერთა კლუბის შეხვედრაზე სპეციალისტებმა საქართველოში ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ექსპერტებმა კომპანია "არემჯის" არსებული მდგომარეობა, წარმოების და ექსპორტის მოცულობის შემცირების ტენდენცია და მისი გამომწვევი მიზეზები განიხილეს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, "არემჯი" ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სამრეწველო ობიექტია, რომლის წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2011 წლიდან, რაც ნეგატიურად აისახა ასევე რეალიზებულ და ექსპორტზე გატანილი ოქროს შენადნობების მოცულობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ წარმოების მოცულობის შემცირება ერთის მხრივ გამოწვეულია მადანში ოქროს შემცველობის საგრძნობი კლებით და მეორეს მხრივ წარმოების მასშტაბის გაფართოების ხელოვნური ხელშემშლელი ფაქტორებით.

ლევან კალანდაძე, "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას" წარმომადგენელი: "ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო. გადაჭარბებული არ იქნება ალბათ იმის თქმა, რომ გარკვეული სტრატეგიული დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი საწარმოა თავისი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე და იმ ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რაც ამ საწარმოს აქვს. უპირველეს ყოვლისა, ექსპორტის ჯამურ მოცულობაში ერთი საწარმოს ხვედრითი წილი ფაქტობრივად 10%-ია. გამომდინარე აქედან ამ საწარმოს მასშტაბი და პოტენციალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა იმისთვის, რომ ამა თუ იმ საწარმოს, საინვესტიციო თუ ბიზნესქეისის დარგობრივი განვითარება მოხდეს, შესაბამისი ბიზნესგარემო უნდა არსებობდეს. რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

კომპანია წარმოადგენს ბიუჯეტში ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს. 2009-2013 წლებში მის მიერ გადახდილი ჯამური გადასახადების მოცულობამ 361 მლნ. ლარი შეადგინა. თუმცა, 2011 წლიდან ოქროს შენადნობების წარმოების და რეალიზაციის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება ნეგატიურად აისახა 2013 წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადების მოცულობაზე და მხოლოდ 21 მლნ. ლარი შეადგინა.

კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი - მისი ფუნქციონირება უზრუნველყოფს პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 3000 სამუშაო ადგილის არსებობას. ამასთან, დასაქმებულთა 80% რეგიონის მოსახლეობაა და მოიცავს კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებულ პირებსაც.

შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემული შრომის ყოველწლიური ანაზღაურების მოცულობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება - მხოლოდ 2009-2013 წლებში კომპანიის მიერ საკუთარ თანამშრომლებზე გაცემულმა ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ 141 მლნ. ლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2011-2013 წლებში წარმოებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამურად 470 მლნ. ლარი შეადგინა, კომპანიის დღეს არსებული მდგომარეობა და შემდგომი განვითარებისთვის დღეს არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები, არ იძლევა გრძელვადიან პერიოდში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას.

თვალნათლივ ჩანს, რომ ბიუჯეტი კარგავს ძალიან დიდი ოდენობის გადასახადებს, მაგრამ ყველაზე მეტი საფრთხის და რისკის შემცველია ტენდენცია. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში ოქროს მომპოვებელ დარგთან დაკავშირებით წარმოიშცა. ეს მე მაძლევს შეშფოთების საფუძველს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საწარმოს და დარგს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც განპირობებულია რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით. ამ პრობლემების არ ან ვერაღმოფხვრა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლებს, ისე დასაქმების მაჩვენებელს.

საწარმოს სჭირდება ახალი მადნების ათვისება იმისთვის რომ საწარმოო პროცესი ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტური იყოს. ამავე დროს არის მეორე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობასთან. მზაობა ამ თვალსაზრისით არსებობს მაგრამ, არსებობს პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ლიცენზიით განსაზღვრული არეალის ათვისებასთან და ამ პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს კომპეტენციაა. თუ სახელმწიფო კომპანიას და ზოგადად დარგს ამ პრობლემებს ვერ მოუგვარებს, გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღებთ სურათს, როცა ლოკალურ დონეზე პრობლემები შეექმნება ერთ კომპანიას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემები დაკავშირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებთან".

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრები და ის ეფექტები, რომელიც კომპანიას პირველ რიგში რეგიონისთვის მოაქვს. 3000 ადამიანი და 360 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში - ეს ის მონაცემებია, რაზეც ალბათ ყველა რეგიონი ოცნებობს. შესაბამისად, ადვილი წარმოასდგენია რა იქნება ეს რეგიონი ამ წარმოების გარეშე. რატომღაც საქართველოში ასეთი პროექტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ისტერიული ფონი ჩნდება. რაც მთავარია, მათი საქმიანობის ინტერპრეტირება ხდება დამახინჯებულად, გაზვიადებულად. მაგალითისთვის ხუდონიც კმარა. ხდება სპეკულაცია თემებით და ყოველთვის იგრძნობა ამაში დაინტერესებული ჯგუფების ხელწერა. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია აქ არის ის, რომ შეიტანოს სიცხადე ამ საკითხში. სახელმწიფოს როლი ასეთი მასშტაბური კომპანიების მოქმდებაში მნიშვნელოვანია, მას შეუძლია შეუქმნას კომფორტული პირობები ბიზნესისთვის ან პირიქით. ის პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო და საზოგადოების მეტ ჩართულობას გულისხმობს, ვფიქრობ შედეგს მოიტანს. საზოგადოების წევრებმა თავისი სათქმელი უნდა თქვან ამ საკითხთთან დაკავშირებით, მათ შორის გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებაც. ვფიქრობ რაციონალური გადაწყვეტილება ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება რაციონალურად მიუდგება ამ საკითხს, დაინახავს სოციალურ პრობლემას, დაინახავს ეკონომიკურ პრობლემას და სწორად შეაფასებს როგორც ეკოლოგიურ ისე კულტურულ რისკებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა არა ისტერიული, არამედ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება".

ემა ტუხიაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი