საქართველოში ახალი არაბული ავიაკომპანია "Air Arabia" შემოვიდა

საქართველოში ახალი არაბული ავიაკომპანია "Air Arabia" შემოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ახალი არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Air Arabia" მოემსახურება. არაბთა გაერთიანებული საამიროების კუთვნილი ავიაკომპანია "Air Arabia", რეგულარულ ფრენებს შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს. არაბული ავიაკომპანიისთვის საქართველოს დედაქალაქი რიგით მე-100 მიმართულებაა. პირველი რეისი ავიაკომპანიამ საქართველოში 28 ოქტომბერს შეასრულა. პირველივე რეისით საქართველოში "ეარ-არაბია გრუპ"-ის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური მენეჯერი და აეროპორტების გაერთიანების დირექტორი დახვდნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"ჩვენ ვმუშაობთ 100 აეროპორტში და თბილისის აეროპორტი არის ჩვენი მეასე. ჩვენთვის თბილისი არის ახალი ადგილი, ახალი მარშრუტი. ჩვენ ვხედავთ თბილისში პოტენციალს, ბიზნესმენები და ტურისტები მოძრაობენ, ასევე ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ გვჯერა რომ ჩამოვიყვანთ ბევრ ბიზნესმენს და ტურისტს ახლო აღმოსავლეთიდან. ჩვენ დავიწყეთ რეისები კვირაში ორჯერ, თანდათან უფრო გავზრდით აქ ბიზნესს ბაზრის გაზრდასთან ერთად. ვფიქრობთ, რომ ამ ბაზარს გააჩნია დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. წელიწადში 6 თვე აქ არის კარგი ამინდი, კარგი კერძები და კარგი ლანდშაფტი. ეს არის ის, რაც ტურისტებს უნდათ. მე მგონია რომ ბაზრის განვითარება იქნება მომგებიანი ორივე მხარისთვის, ეარ არაბიასთვისაც და ქვეყნისთვისაც", - აცხადებს "ეარ-არაბია გრუპ"-ის დირექტორი ადელ ალი. მისივე თქმით ფასები ხელმისაწვდომი იქნება.

"ჩვენი მიზანია ბაზრის განვითარება და ამისათვის საჭიროა კლიენტების მოზიდვა, რაც შესაძლებელია კარგი ფასების შეთავაზებით", - აცხადებს ადელ ალი.

ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერის მეთე ერქალის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მოხარულები ვართ რომ ზამთრის სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალი, უცხოური ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლონ. დღეს ჩვენ ახალი დაბალბიუჯეტიანი არაბული ავიაკომპანიის "ეარ არაბიას" პირველ რეისს ვუმასპინძლეთ, რომელიც რეგულარულ რეისებს თბილისი-შარჯას მოიმართულებით შეასრულებს. თითოეული ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ტურისტული და საავიაციო სექტორი", - განაცხადა "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

"ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს რომ მგზავრებს უკვე შეუძლიათ თავად აირჩიონ დღე-ღამის რომელ მონაკვეთშია მათთვის სასურველი გამგზავრება შარჯას მიმართულებით.

"ძალიან წარმატებულად დავიწყეთ ზამთრის სეზონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დუბაი შარჯას მიმართულებით მეორე ავიაკომპანია იწყებს ფრენას და მგზავრებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის დღის რომელ მონაკვეთში იქნება სასურველი მგზავრობა დუბაიში და ეს დიდ კომფორტს შეუქმნის მათ",-აცხადებს ზაქარაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის თქმით კი ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

"ძალიან საინტერესოა ზოგადად დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოსვლა ბაზარზე, ვინაიდან ეს კომპანიები ქმნიან ახალ სეგმენტს და ამავე დროს ძალიან კარგ ფასებს სთავაზობენ მომხმარებელს. ეს ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და ასევე ტურიზმის განვითარებას", - აცხადებს ალექსიძე.

"ეარ არაბია" თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს კვირაში ორჯერ - შარჯას საერთაშორისო აეროპორტიდან სამშაბათს და პარასკევს 13:00 საათზე, თბილისში ჩამოფრენის დრო იქნება 16:30. შარჯას მიმართულებით ფრენები განხორციელდება იმავე დღეს 17:10-ზე და შარჯაში ჩაფრენის დრო იქნება 20:20. ავიაკომპანია ასევე განახორციელებს ფრენას შრი ლანკადან და ინდოეთის ცამეტი ქალაქიდან.

"ეარ არაბია" 2003 წელს დაფუძნდა. ამჟამად კომპანია 26 ავიახომალდით 76 მიმართულებით დაფრინავს. 2013 წელს "ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად" დასახელდა.

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი