გიორგი ღოღობერიძე: გიორგი კოდუას ფული მე მივუტანე!

გიორგი ღოღობერიძე: გიორგი კოდუას ფული მე მივუტანე!

2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის კადრებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ დეპორტირებულები სატვირთო თვითმფრინავით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაგზავნა. სააქციო საზოგადოება"ავტოგაზის" ერთ-ერთი დირექტორი კი ამტკიცებს, რომ სატვირთო თვითმფრინავი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააგზავნა - "გიორგი კოდუამ დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთიდან რომ ქართველები გამოყარეს, ისინი არიან ჩამოსაყვანები და თვითმფრინავია გასაგზავნიო...", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

სააქციო საზოგადოების მიერ გაწეული ეს ხარჯი აღნიშნულია კრების ოქმში, რომელიც სააქციო საზოგადოების იძულებით გასხვისებასთან დაკავშირებით ჩატარდა და სადაც კომპანიის ყოფილი მფლობელები დავით ბეჟუაშვილის მოთხოვნების მიხედვით საზოგადოების წესდებას ცვლიან, ნიშნავენ ბეჟუაშვილის მიერ შეთავაზებულ პირებს და ა.შ.

კომპანიის აქციონერებმა 50 პროცენტიანი წილი მას შემდეგ გაასხვისეს, როდესაც დავით ბეჟუაშვილმა ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დახმარებით, სააქციო საზოგადოების მაშინდელი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე დააჭერინა, ფინანსურმა პოლიციამ კი კომპანიას 6 მილიონი ლარის ჯარიმა დააწერა.

2006 წლის ბოლოს, ავტოგაზის მაშინდელ გენარალურ დირექტორს, გიორგი ღოღობერიძეს, ბრალი კომერციულ მოსყიდვაში დასდეს, მეორე დაკავებულს, მერაბ კალანდაძეს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შენახვა დააბრალეს. "ავტოგაზის" პატრონებს ბაჩო ახალაიას ციხის ჯოჯოხეთი დიდი ხნით ემუქრებოდათ.

მერაბ კალანდაძესთვის ბრალის წარდგენისას სამართალდამცავებს მაშინ თავი დიდად არ შეუწუხებიათ - მერაბ კალანდაძეს მისივე კუთვნილი ორი პისტოლეტის უკანონოდ შეძენა - შენახვა დააბრალეს. არა და, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან დღესაც შეგიძლიათ მოიძიოთ ცნობა ორ პისტოლეტზე, რომელიც მაშინაც ანუ 2006 წელს მერაბ კალანდაძეს ეკუთვნოდა: "STECHKIN APS" სისტემის პისტოლეტი კალიბრი 9x18 N ЯТ 859 და "GLOCK 17" სისტემის პისტოლეტი კალიბრი 9x18 NETR 841.

მეორე ბრალდებულის, სს "ავტოგაზის" მაშინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი ღოღობერიძის საქმეში კი მრავლად შეხვდებით ფრაზას "...გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში..."

სწორედ 2006 წლიდან იმატებს მკვეთრად, პატიმრებისა და საპროცესო გარიგებების რაოდენობა - 2006 წელს, 2005 წელთან შედარებით, პატიმრების რაოდენობა გაორმაგდა, საპროცესო შეთანხმებებმა კი 400 პროცენტით იმატა. ამ შეთანხმებების უმრავლესობის უკან ღიად და გაურკვეველ ფონდებში გადარიცხული, ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირების აბსურდულ კაპრიზებში გადახდილი და მაშინდელი მმართველი ელიტის კომფორტისთვის დახარჯული მილიონობით ლარი და გადამხდელების განადგურებული ჯანმრთელობა, დამცირება, წამება და ციხეში გატარებული თვეები იმალება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი