თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტით ბრუნდება

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტით ბრუნდება

20 აპრილს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება პიანისტ თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტი. თათია უბრუნდება სცენას 2-წლიანი პაუზის შემდეგ და თქვენ გელით კლასიკური მუსიკის დაუვიწყარი საღამო, ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ერთად.

კონცერტის პროგრამა მოიცავს შემდეგ ნაწარმოებებს:

პირველი ნაწილი:

  • - ბეთჰოვენი - 32 ვარიაცია
  • - ბეთჰოვენი - სონატა N21 (ვალდსტეინი)

მეორე ნაწილი:

  • - შოპენი - სკერცო N2
  • - შოპენი - ფანტაზია ექსპრომტი
  • - შოპენი - ეტიუდი N12 (რევოლუციური)
  • - შოპენი - ანდანტე სპიანატო და დიდი პოლონეზი

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და მათი შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე და რუსთაველის თეატრის სალაროებში. სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ მათ მიერ შეძენილ ბილეთებს, ამავე საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის ნიშნად.

თათიას განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი 5 წლის ასაკში გამოვლინდა. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა დაიწყო პედაგოგ ირმა რუხაძის კლასში. მისი ხელმძღვანელობით მართავდა სოლო კონცერტებს, უკრავდა ორკესტრთან ერთად და მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ამ პერიოდიდან იწყება თათიას შემოქმედებითი წინსვლა. ის ხდება საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი.

14 წლის თათიამ სწავლა განაგრძო პარიზის რეგიონულ კონსერვატორიაში, პროფესორ ივ ანრის კლასში (CNR). 16 წლისა კი გახდა პარიზის ნაციონალური კონსერვატორიის სტუდენტი, პროფესორ ჟაკ რუვიეს კლასში (CNSM). თათია არის პირველი ქართველი, რომელიც წარმატებით ამთავრებს ამ კონსერვატორიას და აგრძელებს საშემსრულებლო მოღვაწეობას მსოფლიოს მასშტაბით.

თათიას შესრულებული აქვს ბახის, მოცარტის, შუმანის, შოპენის, რაველის, პროკოფიევის და სხვათა ნაწარმოებები. მოსმენილი აქვთ და მაღალ შეფასებას აძლევენ ისეთი ცნობილი პიანისტები, როგორებიც არიან: თენგიზ ამირეჯიბი, ელისო ვირსალაძე, ბრიჯიტ ანჟერერი, ანდრეი დიევი.

თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტები თბილისის შემდეგ გაიმართება ვაშინგტონში, ლონდონსა და პარიზში. კონცერტის ორგანიზატორია თათიასა და მისი მეუღლის სანდრო შელიას მიერ ახლადდაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი "ნათელი საქართველო". საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება ფონდს "პირველი ნაბიჯი საქართველო", რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

R

როგორ შეიძლება ვალენტინობას საყვარელი ადამიანი გავახაროთ?

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია