ლეონიდ ჩერნოვეცკი - მე საქართველო მთელი გულით მიყვარს

ლეონიდ ჩერნოვეცკი - მე საქართველო მთელი გულით მიყვარს

ქობულეთში მცხოვრებმა კიევის ყოფილმა მერმა ქართულ მედია საშუალებას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა…

ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ძალიან გიყვართ საქართველო. აქ თქვენ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობთ. თქვენ საქართველოში სხვადასხვა ადგილები გაქვთ შემოვლილი. რამ განაპირობა თქვენს მიერ საცხოვრებლად აჭარის, კერძოდ კი ქ. ქობულეთის არჩევა? რომელ ადგილებს დაასახელებდით კიდევ, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ?

ლეონიდ ჩერნოვეცკი: მე საქართველო მთელი გულით მიყვარს. თქვენს ქვეყანასთან მაკავშირებს ბევრი თბილი მოგონება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, როდესაც მე ქართველი მეუღლე მყავდა შორეულ 1977 წელს, ჩამოვდიოდი მასთან სტუმრად საქართველოში ჯერ კიდევ 1974 წლიდან.

ყოველთვის მიყვარდა საქართველოში მოგზაურობა. ჩემი სიმამრი მაძლევდა მანქანას და მე მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოს ბევრი ლამაზი ადგილი მოვიარე.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ბუნება. ჩემთვის ბუნება პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერია! ამ საკითხში საქართველოს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოს ქვეყნებს შორის: მთები, ზღვა, სუფთა მდინარეები, ველური ადგილები... უკრაინაც ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო დამამახსოვრდა განსაკუთრებით თბილი და კეთილი ადამიანებით. ამიტომ, როდესაც 2010 წელს გადავდექი ქ. კიევის მერობიდან, მტკიცედ გადავწყვიტე დავბრუნდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებში და ნამდვილად არ მინანია!

უკვე 4 წელია საქართველოში ვცხოვრობ და მუდმივად ვმოგზაურობ. შემოვიარე ქვეყნის 90 პროცენტი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ტაბაწყურის ტბა. აქ ნამდვილი სამოთხეა. ის ღრმა და სუფთაა, გარშემორტყმულია მაღალი მთებით. კიდევ მომეწონა ომალო... მაგრამ მე ის ადგილიც მომწონს, სადაც დავსახლდი - ეს ქობულეთია. ჩემი სახლი ზღვის ნაპირზეა... ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე ელენა და მცირეწლოვანი ვაჟი გაბრიელი. რატომ მაინცდამანც ქობულეთი? იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში ხშირად ჩამოვდიოდი ამ ადგილებში და ისინი განსაკუთრებით შემიყვარდა.

როგორც „თბილისი თაიმს“-ისთვისაა ცნობილი თქვენ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევით და აფინანსებთ მსხვილ საქველმოქმედო პროექტს - ფონდს „სოციალური პარტნიორობა“. პირველ რიგში, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. რატომ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ჩვენთან საქველმოქმედო საქმიანობით ამ სფეროში და რა სახის ღონისძიებები ტარდება თქვენი ინიციატივით ამ ფონდის ფარგლებში? თვეში რამდენი ლარი იხარჯება თითოეულ ბავშვზე?

ლეონიდ ჩერნოვეცკი: თავის დროზე უკრაინაში მსხვილი ბიზნესმენი ვიყავი. ვიყავი ბანკის, ქარხნების, ელექტროსადგურის მფლობელი. ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ამ წლის ყველაზე მდიდარი უკრაინელების სიაში მე-13 ადგილზე ვარ. ბიზნესმენებს ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს: ჯერ ფულს ვშოულობთ რაიმე გარკვეული მიზნის გარეშე, ანუ ფულს ფულისთვის, მაგრამ შემდეგ ბიზნესმენი, თუ ის ნამდვილად ბიზნესმენია, საზოგადოებას უბრუნებს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე თავის დროზე მისგან მიუღია. ჩემთვის გაცემის ეს პერიოდი 1996 წელს დაიწყო. მაშინ კიევში გავხსენი სასადილო უქონელთათვის, სადაც დღესდღეობით ყოველდღიურად 2000 ადამიანზე მეტი იკვებება, ეს თითქმის მილიონია წელიწადში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას იმის შესახებ თუ რა თანხა იხარჯება ერთ ბავშვზე საქართველოში, გიპასუხებთ, რომ საკმარისი თანხა იხარჯება..., თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ჩემს ბავშვთა სახლებში შექმნილია საუკეთესო სტანდარტები ბავშვების ცხოვრებისათვის და მათთვის არაფერი მენანება. ისინი ცხოვრობენ არანაკლებ პირობებში, ვიდრე ეს ევროპის მსგავს სახლებშია.

რამდენი ოჯახის ტიპის მცირე სახლი ფუნქციონირებს ამჟამად? რა აქტიურობებია გათვალისწინებული ბავშვებისთვის, რა პრიორიტეტები გააჩნია ამ ტიპის სახლებს და ხომ არ იგეგმება ახალი პროექტები?

დღეს გვაქვს ორი სახლი. ერთში ცხოვრობს 10 ბავშვი და ჩვენ გვაქვს ამ სახლზე ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. მეორე სახლში, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი და ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულ უარს აცხადებს ამ სახლზე ლიცენზიის გაცემაზე და ჩემს ფონდს სასამართლოშიც უჩივის რათა დახუროს ეს სახლი.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია სამინისტროს ლოგიკა საქართველოში ბავშვთა სახლების გახსნის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და თბილისის ქუჩებში ბევრი მათხოვარი დადის. ბავშვი არ უნდა მოხვდეს ქუჩაში და უნდა გაიგზავნოს კარგ ბავშვთა სახლში, სადაც ის იცხოვრებს უფროსების, ჯანდაცვის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ და ისწავლის სკოლაში. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი არინ ბავშვთა სახლების გახსნის და მიესალმებიან მხოლოდ ბავშვების ოჯახებისთვის გადაცემას. მაგრამ სადაა ისეთი ოჯახები, სადაც ბავშვებს სწორად აღზრდიან, მისცემენ კარგ განათლებას, აჭმევენ, ჩააცმევენ და დაახურავენ.

რამდენი ბავშვის გაზრდას გეგმავთ „ოჯახური ტიპის პატარა სახლებში“ და საჭიროა თუ არა ასეთი ტიპის სახლების გამრავლება?

ჩემი აზრით, საქართველოში, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, აუცილებელია ოჯახური ტიპის სახლების გახსნა. პირადად მე რამდენიმეს კიდევ გავხსნიდი, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებთან კონფრონტაციაში შესვლა და მათთან ბრძოლა ჩემი სტიქია არ არის. მე აქ ერთი ჩვეულებრივი სტუმარი გახლავართ და პოლიტიკით დაკავებას ნამდვილად არ ვაპირებ. არც არავისთან დავა და არავისი გაკრიტიკება მსურს.

რა პრინციპით ხორციელდება ბენეფიციარების არჩევა ბავშვთა სახლისთვის და როგორია ასაკობრივი ზღვარი ბავშვებში?

ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ეკლესიებს, ვეძებთ იმ ოჯახებს, რომლებშიც ბავშვებს პურის გარდა არასოდეს არაფერი უჭამიათ, არ დადიან სკოლებში ტანსაცმელის უქონლობის გამო და ა.შ. ყველაფერს ამას აკეთებს ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი კომისიასთან ერთად, რომელსაც ის აყალიბებს. გიორგი ამ საქმეს სერიოზულად უდგება. ნაცნობობით არავინ აგვყავს - არც აღმზრდელები და არც ბავშვები.

თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ფონდის მუშაობაში, რა კრიტერიუმებით შეარჩევთ აღმზრდელებს და პედაგოგებს? გყავთ ფსიქოლოგები და სპეციალისტები სპეციალური განათლებით?

მე პირადად არ ვერევი ფონდის მუშაობაში. არსებობს გიორგი და მისი კეთილი და საქმიანი თანამშრომლების გუნდი. რა თქმა უნდა გვყავს ფსიქოლოგები და ბევრი სხვა თანამშრომელი. კონკრეტულად კი ფონდის ყველა პრობლემის გადაწყვეტა ფონდის მმართველს - ქვრივიშვილს აკისრია. ყველაფერი ეს მისი დამსახურებაა. მე მას ყველაფერში ვენდობი. ის ყოველთვიურ ანგარიშს მაბარებს ჩატარებული სამუშაოს და ფინანსური ნაწილის შესახებ, მთავაზობს ახალ იდეებსა და წინადადებებს ფონდის საქმიანობის განსავითარებლად, ურთიერთობა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან და გეგმავს ჩემს ბიუჯეტს. გაესაუბრეთ მას, ბევრს საინტერესოს შეიტყობთ ფონდის ცხოვრებიდან. გიორგი ძალიან კეთილშობილი ადამიანი და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია.

იჩენს თუ არა თქვენი ფონდის მიმართ დაინტერესებას ჩვენი სახელმწიფო? რამდენად აქტიურად ერთვებიან ჩვენი მოქალაქეები თქვენი ფონდის მუშაობაში? გამოუჩენიათ თუ არა თანამშრომლობის ინიციატივა?

ფონდის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეებიც, მეწარმეებიც, სახელმწიფოც და ყველას ამისთვის მადლობას ვუხდი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში სახელმწიფო მეტ ყურადღებას უთმობს მიუსაფარ და უპატრონო ადამიანებს ვიდრე უკრაინაში, რაც ძალიან პოზიტიური ამბავია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი