"მასწავლებლები ანაზღაურებას სტატუსების შესაბამისად მიიღებენ, მათი შემფასებელი კი სკოლა იქნება"

"მასწავლებლები ანაზღაურებას სტატუსების შესაბამისად მიიღებენ, მათი შემფასებელი კი სკოლა იქნება"

დიდი ხანია განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების გატარება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. მაგალითად, პრობლემად რჩება პედაგოგთა დაბალი ანაზღაურება და პროფესიული ხარისხიც... ვინ უნდა გადაამზადოს პედაგოგები და რა ცვლილებები იგეგმება სისტემაში, `კვირის პალიტრა~ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ გიორგი მაჩაბელს ესაუბრა:

- ნებისმიერ პროფესიასა და პროფესიონალს განვითარება, ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვა სჭირდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მასწავლებელს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიის წარმომადგენელს, პროფესიულ განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლაში დავეხმაროთ. ბუნებრივია, ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება, რადგან მასწავლებლის პროფესიული განვითარება ერთჯერადი ღონისძიება არ გახლავთ, ეს უწყვეტი, თანაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, თუმცა გვაქვს გეგმა, რომელსაც განუხრელად უნდა მივყვეთ. შემუშავებული გეგმის განხორციელების შედეგი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიის პრესტიჟის ზრდა და მასწავლებლის ანაზღაურების ეტაპობრივად გაუმჯობესება უნდა იყოს. მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიზანი არაა ჩასაფრება და მასწავლებლების შეცდომების თვლა. პირიქით, ჩვენი სურვილია დახმარების გაწევა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების გაჩენა. ქვეყანაში 60 000-ზე მეტი მასწავლებელი გვყავს და ბუნებრივია, მათგან ყველა მაღალკვალიფიციური ვერ იქნება. სწავლა-სწავლების პროცესში ნამდვილად არის ხარვეზები და პირველ რიგში, ამის მიმანიშნებელია რეპეტიტორების ინსტიტუტის გაზრდილი მასშტაბები, ამავდროულად, მშობლების უნდობლობა საკუთარი შვილების შესაძლებლობებისა და სკოლის მიმართ. სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისუფალი, ლიბერალური ღირებულებების, განათლებული პიროვნება, რომელსაც ექნება კრიტიკული აზროვნება და უხვი საინფორმაციო ნაკადიდან ღირებული ინფორმაციის მიღებისა და სწორად დამუშავების უნარი, ამისათვის კი თვითონ მასწავლებელი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური.

- თქვენ მიერ შემუშავებულ სქემაში მითითებული გაქვთ, რომ სისტემის დანერგვა პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვასა და არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას უზრუნველყოფს, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად რეალურია მაშინ, როდესაც პედაგოგები პრაქტიკულად მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ?

- დიახ, ისინი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ და ეს ისეთივე რეალობაა, როგორც ის ფაქტი, რომ მათი მოსწავლეები საგამოცდოდ რეპეტიტორებთან ემზადებიან. სწორედ ამ ორი საკითხის მოგვარებაა აუცილებელი და ჩვენც ეს გვინდა - მოსწავლემ სკოლაში მიიღოს ხარისხიანი განათლება, მასწავლებელმა კი შესაბამისი ანაზღაურება. ამის წინაპირობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. ამ მიმართულებით იგივე დღის წესრიგია ევროპაში. ევროპული ქვეყნები მუდმივად განიხილავენ და ნერგავენ სხვადასხვა მეცნიერულ მიდგომებსა და მოდელებს იმისათვის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უწყვეტი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ არის აცდენილი რეალობას. ჩვენ პირდაპირ არ გადმოგვიტანია რომელიმე ევროპული მოდელი. პირველ რიგში შევისწავლეთ არსებული სიტუაცია და მასწავლებელთა საჭიროებები პროფესიული განვითარების მიმართულებებით, ამის შემდეგ შევისწავლეთ განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და შევიმუშავეთ ოპტიმალური მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სკოლებისა და ზოგადი განათლების განვითარების პირველ ეტაპზე მივიღოთ უფრო მეტად განვითარებული, გამოცდილი მასწავლებელი და ვიყოთ ორიენტირებული ახალი, კვალიფიციური კადრების პროფესიაში შემოსვლაზე. ამისათვის ამოქმედდება განახლებული საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მასწავლებელთა ახალი თაობის ჩამოყალიბებას. ამ თაობების უნივერსიტეტიდან გამოსვლამდე სახელმწიფო კიდევ უფრო დახვეწს პროფესიული განვითარების სქემას და მკვეთრად გააუმჯობესებს მასწავლებელთა ანაზღაურებას.

- მასწავლებელთა შეფასების სისტემა ყოველთვის იწვევდა უკმაყოფილებას პედაგოგებში. ამ მხრივ თქვენ რა სიახლეს სთავაზობთ?

- ვერ დაგეთანხმებით. მასწავლებელთა შეფასების სისტემა წარსულში ნებაყოფლობითი იყო და ვინც არ იყო ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე, ისინი არც ჩართულან ამ სქემაში. ამჯერად ეს ყველაფერი აუცილებელი და სავალდებულო გახდა. იმ ადამიანებს, ვინც ნაყოფიერად იმუშავა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ვუფასებთ შრომას. უკვე დასრულდა ძველ სქემაში ჩართულ მასწავლებელთა რეგისტრაცია და იწყება მათ მიერ აქამდე განხორციელებული აქტივობების შეფასება. აღნიშნული აქტივობების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოხდება მათი ასახვა ახალ სქემაში კრედიტქულების სახით. ასე გაგრძელდება მომავალშიც. არც ერთ პროფესიონალ მასწავლებელს არ დაეკარგება გაწეული შრომა. რაც შეეხება ახალ სქემას, სიახლეა ის, რომ მასწავლებლები სტატუსების შესაბამისად მიიღებენ ანაზღაურებას, მათი შემფასებელი იქნება სკოლა, რომლის გაძლიერება და ავტონომიის გაზრდა სქემის ერთ-ერთი მიზანია. ასევე, შეიქმნება ლიდერთა სკოლა, რომლის ფარგლებში ჩვენ ვიზრუნებთ დირექტორების პროფესიულ განვითარებაზე. დირექტორის გაძლიერება ნიშნავს ძლიერ სკოლას, ძლიერ შეფასების ჯგუფს და შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შედეგებს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პროცესში.

- რა პრინციპით მოხდება სქემაში მასწავლებელთა განაწილება და ვინ შეაფასებს მასწავლებელს?

- ოქტომბრის დასაწყისისთვის მასწავლებლები უკვე განაწილებული იქნებიან სქემაში. განაწილებისას ვხელმძღვანელობთ რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორისაა მასწავლებლის კვალიფიკაცია და აკადემიური ხარისხი იმ საგნობრივ ჯგუფში, რომელსაც ასწავლის, ასევე 2015 წლის ჩათვლით ჩაბარებული საგნობრივი გამოცდა და 2014 წლამდე მოპოვებული სერტიფიკატი. აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად სქემაში ნაწილდებიან საჯარო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებელი და იმ კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც სქემას შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც სქემაში განაწილება დასრულდება, ყველა მასწავლებელი მიიღებს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს და შეუდგება მომდევნო სტატუსის მოპოვებისთვის ან არსებული სტატუსის შენარჩუნებისთვის განსაზღვრულ საქმიანობას. საყურადღებოა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მილევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოსმა 4 წლის განმავლობაში უნდა იზრუნოს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდება. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4-5 წელიწადში ჩვენი მასწავლებლების უმრავლესობა იქნება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე და ასევე შემოგვემატებიან მენტორები, რომლებიც ამჟამად არ გვყავს. მასწავლებლის პროფესიის სამომავლოდ განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კვალიფიციური კადრების შემოსვლა პროფესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად გვწერენ სოციალურ ქსელში ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ მასწავლებლობა. მივესალმები მათ არჩევანს და ვისურვებ ბევრი მოტივირებული ახალგაზრდა მასწავლებელი შეემატოს სკოლას.

- რა ფორმით დაეხმარება ცენტრი მასწავლებლებს?

- უკვე შექმნილია ცენტრის ახალი სტრატეგია, რომელშიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სერვისპროვაიდერებთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, რომ მასწავლებელთა გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთონ სხვა პროვაიდერებიც და ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების ერთადერთი მიმწოდებელი არ იყოს ცენტრი. მოგეხსენებათ, იგეგმება მასწავლებლის სახლების მშენებლობა სხვადასხვა რეგიონებში, შექმნილია მასწავლებლის სახლის კონცეფცია, რომლის თანახმად, მასწავლებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გაიაროს სხვადასხვა პროფესიული განვითარების კურსები და ტრენინგები. ეს იქნება პედაგოგის პროფესიასთან დაკავშირებული ერთგვარი ინოვაციების ცენტრი. სერვისპროვაიდერებს ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ცენტრებშიც ჩაატარონ ტრენინგები. მომავალი წლიდან ვგეგმავთ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას სამეგრელოში, გურიაში, ახალციხესა და თელავში. მოგეხსენებათ, ბათუმსა და ქუთაისში უკვე ფუნქციონირებს ასეთი სახლები და იმედი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებით მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტად გაეზრდებათ პროფესიული განვითარების მოტივაცია.

რუსუდან შელია

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი