როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე

როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე

სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. საპროექტო ფართი თითქმის 13 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერიტორიაზე აშენდა სამი 4-სართულიანი საერთო საცხოვრებელი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სპორტული მოედანი, მოეწყო გზები, გამწვანდა 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

ტერიტორიაზე არსებული პროექტის ღირებულება 5 250 000 ლარია და იგი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

"საცხოვრებელი გათვლილია 320 სტუდენტზე, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პირველ სართულებზე მათ შეუძლიათ დახმარების გარეშე ეტლებით შევიდნენ. მათთვის ადაპტირეულია ოთახები და სველი წერტილები. ყველა სართულზეა სასადილო ოთახები, ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობები. ინვენტარს განათლების სამინისტრო შემოიტანს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, იქ განთავსდება 150 ადამიანზე გათვლილი კაფეტერია, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, შშმ პირების ლიფტი. ეზოში მოწყობილია ტრენაჟორების სივრცე, ფრენბურთის და კალათბურთის სტადიონი. ტერიტორია გამწვანებულია, დარგულია დაახლოებით 180 ძირი ხე, ბუჩქები და გაზონები", - აღნიშნა კომპანია "საბა კონსტრაქშენის" დირექტორმა ლევან თარგამაძემ.

დაათვალიერეთ სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოგალერეა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ობიექტი დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურად გადასცა. ცერემონიალს ესწრებოდნენ ფონდის ხელმძღვანელები, რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენის" დირექტორი ლევან თარგამაძე.

საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სათანადო წესებსა და პროცედურებს შეიმუშავებს.

როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება სტუდენტის სოციალური სტატუსი.

"ასევე ძალიან გვინდა, რომ ეს საკითხი აკადემიურ მოსწრებასთანაც კავშირში იყოს. მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა ამ პროცესში. ერთად გადავწყვიტოთ როგორი კრიტერიუმები იქნება სამართლიანი და სწორი ამ კამპუსის დასაკომპლექტებლად. ერთად განვიხილავთ, ჩავრთავთ სხვებსაც. ერთ-ერთი მშვენიერი იდეა, რომელიც დღეს ითქვა არის ის, რომ ჩვენი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც ძალიან კარგ ავეჯს ამზადებენ, შესაძლოა ჩავრთოთ, რომ ეს ორგანიზაცია მათი ძალისხმევით მოეწყოს. IT სპეციალისტებიც გვყავს, რათა მათ უკაბელო ქსელი გავაკეთებინოთ, ვფიქრობ, კარგად ჩავრთავთ სტუდენტობას გადაწყვეტილების მიღებაშიც და მოწყობაშიც", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ეცდებიან, რომ საცხოვრებელში სტუდენტების განთავსება სექტემბერში მოხერხდეს. ამასთან, მინისტრმა დღეს საცხოვრებელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ ისაუბრა: "ეს საოცარი ადგილია და აქაურობას რაღაც უნდა ერქვას. მე შევეცდები "ფეისბუქზე" საერთო სტუდენტური დიალოგი გავმართოთ, რომ აქაურობას რაიმე ლამაზი და კარგი სახელი მოვუფიქროთ, რათა საამაყო იყოს როცა იტყვის ადამიანი "აქ ვცხოვრობ", ყველამ თქვას - "ყოჩაყ შენ, რა მაგარი ყოფილხარ"!

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ადგილზევეა გაფართოების რეზერვები და არსებობს ტექნიკური საშუალება, რათა ტერიტორიაზე დამატებით კიდევ ერთი კორპუსი აშენდეს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის