"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა

"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა

"თიბისი ბანკის" დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის "თამარ მეფე" და "რუსთაველი" რესტავრაცია დასრულდა და აღდგენილი ნამუშევრები საქართველოში პირველად, მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთად, თიბისი გალერეაში არის გამოფენილი.

ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტების ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ. პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: საფუძვლიანი კვლევის შემდეგ დაზიანებული ადგილები რესტავრირდა, დეფორმაცია გასწორდა, დამუშავდა და გაიწმინდა ზედაპირი.

"ნამუშევრები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ძლიერი დეფორმაცია ჰქონდა. დაკრული იყო ფირფიტაზე. კუთხეები მოხეული და დაკარგული იყო. როდესაც ნამუშევრებზე მუშაობა დავიწყეთ, ისინი უკვე იყო რესტავრირებული, თუმცა როგორც ჩანს, არაპროფესიონალის მიერ და ეს კიდევ უფრო ართულებდა საქმეს. ნახატები ზედაპირული ჭუჭყითაც იყო დაფარული. "თამარ მეფესა" და "შოთა რუსთაველს" საექსპოზიციო სახე დაკარგული ჰქონდათ. ურთულესი პროცესი იყო ფირფიტიდან ნამუშევრის მოხსნა. შემდგომ ისევ ტილოზე მოხდა გადატანა. მუყაოს ჩარჩოები მომზადდა. ორივე ნამუშევარი სრულადაა აღდგენილი," – ამბები.გე-სთან საუბარში განმარტავს ხელოვნების მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე.

"თიბისი ბანკის" ინიციატივით და დაფინანსებით ფიროსმანის შემოქმედების შესახებ ანიმაცია შეიქმნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესმამუკა ხაზარაძეს მადლობის სიგელი გადასცა და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდა, რომ მიბაძონ "თიბისი ბანკს" და მონაწილეობა მიიღონ კულტურული საგანძურის დაცვაში.

"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ნამუშევრების რესტავრაცია შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების მოტივით დააფინანსა და მოხარულები ვართ, რომ ქართულ საზოგადოებას პირველად მიეცემა საშუალება, უკვე აღდგენილი სახით იხილოს ფიროსმანის უნიკალური ნახატები. ეს ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობაა და გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ეს ღირებულება,"- განაცხადა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ფიროსმანის შესახებ ისტორიებს მოუყვება.

"მიხარია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და "თიბისი ბანკის" დაფინანსებით გრძელდება ფიროსმანის აღდგენის მასშტაბური პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას საგანმანათლებლო ხასიათიც აქვს. სკოლის მოსაწავლეებისთვის მოეწყობა სპეციალური ტურები, სადაც ისინი ფიროსმანის შესახებ უფრო მეტ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რესტავრატორებს. სასიხარული და საამაყოა, რომ ჩვენ არ გვჭირდება უცხოეული რესტავრატორების ჩამოყვანა ასეთი სამუშაოებისთვის. მაღალი დონის რესურსი თავად გაგვაჩნია ქვეყანაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის "თამარი" და "რუსთაველი" საჩუქრად მირზაანის ფიროსმანის მუზეუმს გადასცა.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის სრული კოლექცია, რომელიც მხატვრის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე, ასევე მასალაზე (მუყაო, თუნუქი, მუშამბა) შესრულებული ნამუშვრები. აღნიშნული კოლექცია ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა კერძო კოლექციებიდან და მუზეუმებიდან.

"კალოობა" ფიროსმანის მუზეუმის პირველი ექსპონატია. იგი პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა საჩუქრად გადასცა მუზეუმს. მირზაანში დაცული ფიროსმანის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევრებია "ნატურმორტი შაქრის თავით" (1895-1903 წწ.), რომელიც თავდაპირველად დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი დუქნის აბრის ნაწილი იყო და 1905 წელს შესრულებული "მალაკნების ქეიფი", რომელიც დიდუბის ბორანთან მდებარე ერთ-ერთ დუქანში ეკიდა.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისის ღვინის სარდაფებსა და დუქნებიდან ფიროსმანის სურათები გასული საუკუნის 20-იან წლებში კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში ინაცვლებს. ასე მოხვდა "მწოლიარე ქართველი ქალი" და "მუშა სოსო" ივ. კეკვაძის ღვინის სარდაფიდან ჯერ სხვადასხვა კოლექციაში, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 1980-90-იან წლებში კი სოფ. მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში;

"ხილის დუქანი", "დათვი თავისი ბელებით" და "სონა უკრავს გარმონს" ფიროსმანის ახლადდაარსებულ სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, მიხეილ ოქრუაშვილის დაკვეთით თბილისის ერთ-ერთი ღვინის სარდაფისთვის შესრულებული "წარაფი" კი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა. ფიროსმანის მუზეუმში მოხვედრამდე კერძო კოლექციაში იყო დაცული, ასევე, სურათი "ქალი სააღდგომო კვერცხებით".

გამოფენა თიბისი გალერეაში 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი