"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...

"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...

ციფრულ ეპოქაში ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ რეალურ ურთიერთობებს. ბავშვებიც ასეთ გარემოში იზრდებიან. მათთვის უცხოა გრძნობა, როცა ერთი სული გაქვს, ისადილო, ეზოში გაიქცე და მეგობრებთან ერთად რეზინობანა ან ქალაქობანა ითამაშო. ახალგაზრდა სტარტაპერების, ნინი ჩიქოვანისა და ნონა სონღულაშვილის "თამაშობანამ" ამ მივიწყებული გრძნობების გაცოცხლება შეძლო.

სტარტაპი "თამაშობანა", რომელიც ქართული, ხელნაკეთი თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, 2015 წელს ორმა მეგობარმა შექმნა. ამჟამად მომხმარებელს 11-ზე მეტ საგანმანათლებლო და გასართობ თამაშს სთავაზობენ, როგორც ბავშებისთვის, ასევე უფროსებისთვის. აფორიზმობანამ, რეზინობანამ, პორტაბელურმა ნარდმა, ქალაქობანამ, ლოტომ და კიდევ რამდენიმე თამაშმა შეძლო და დააბრუნა ის ხალისი, რომელიც წლების წინ ყველა სახლის ეზოდან ისმოდა.

"თამაშობანას" მისიაა, ასწავლოს ბავშვებს ის თამაშები, რომელსაც წინა თაობები თამაშობდნენ საქართველოში; დიდებს კი გაახსენოს თავისი საყვარელი თამაშები. მივხვდით, რომ ახალი თაობა თითქმის არ ინტერესდება იმ თამაშებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა ბავშვობაში. ეკრანმა ჩაანაცვლა ჟრიამული ეზოსა და სახლში. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრეთ "თამაშობანა". მეც და ნონასაც გვყავს შვილები და გვინდა, რომ ისინი მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშს მიეჩვიონ", - ამბობს ნინი ჩიქოვანი.

ახალგაზრდა პარტნიორებს სტარტაპის მართვის პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს დროის ნაკლებობა უქმნის, რადგან ნინიც და ნონაც საკუთარი პროფესიით მუშაობენ.

ამჟამად "თამაშობანა" "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა. "სტარტაპერის" დახმარებით, ვიძენთ ცოდნას, გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ სხვა სტარტაპერები და დავესწროთ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს," - ამბობს ნონა სონღულაშვილი.

გამოწვევების მიუხედავად, რომელსაც ყველა სტარტაპი აწყდება ბიზნესის წამოწყებისას, "თამაშობანას" შემქმნელები ფიქრობენ, რომ მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული ყველა დამწყები ბიზნესისთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საკუთარ გამოცდილებას გოგონები სხვა სტარტაპერებსაც უზიარებენ.

"დაიწყეთ ბიზნესი პარტნიორთან ერთად, რადგან ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და ეხმარებიან. დაიწყეთ მცირე ინვესტიციით, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაში არ დაგენანებათ. არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის და გჯეროდეთ თქვენი წარმატების", - ამბობს ნინი. ახალგაზრდა სტარტაპერები ფიქრობენ, რომ ქვეყანის განვითარებისთვის დამწყები ბიზნესების არსებობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილებს, გადაიხდის გადასახადებს და უკეთესად წარმოაჩენს ქვეყანას.

აპრილში "თამაშობანას" კატალოგს 4 ახალი თამაში დაემატება.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვანი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი