საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ

საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ

"მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით ჯინს. ჯინი გასული არ არის. აქვეა, ალბათ ვინმეს კეთილ სურვილს ასრულებს და თქვენთვისაც მოიცლის ძალიან მალე," - ასე გიპასუხებთ საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი", თუკი ფეისბუქზე შეტყობინებას გაუგზავნით. საჩუქრები კი, რომელსაც "ჯინი" გთავაზობთ, ნამდვილად განსაკუთრებულია. 4 ახალგაზრდა მეგობრის მიერ დაწყებული სტარტაპი 30-ზე მეტ სხვადასხვა მწარმოებელს აერთიანებს.

"ჯინის" ონლაინმაღაზია 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაეშვა, პროექტზე მუშაობა კი ოქტომბერში დავიწყეთ. ოთხივეს გვიყვარს ინდივიდუალური ხელნაკეთი საჩუქრები. ბევრი ადამიანის შესახებ ვიცოდით, ვინც ასეთ ნივთებს ქმნიდა და გვინდოდა, ერთ სივრცეში მოგვეყარა მათთვის თავი. საკუთარი ბიზნესის ქონაც ყოველთვის გვინდოდა.

დამფუძნებლები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვართ. "ჯინი" ექიმის, ფინანსისტის, მარკეტერის და "24 საათიანი დედის" მიერ შექმნილი პროექტია, რომლებიც მთელ სამუშაო და არასამუშაო დღეს ახლა მომხმარებლებისთვის საინტერესო პროდუქტის მოძიებას უთმობენ," - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა გოგუაძე.

მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს როგორც საქართველოში შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს, ისე სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ პროდუქტებს. ხშირია ნივთები, რომლის მხოლოდ 1 ეგზემპლარი შეიქმნა დამკვეთის მოთხოვნით ან პროდუქტის თვისობრიობიდან გამომდინარე.

"ჯინის" იდეა არის ის, რომ შეძლოს ყველაფერი და ყოველთვის. ძალიან ხშირად ვაბარებთ ნივთს შეკვეთიდან რამდენიმე საათში, შეიძლება გვიან ღამეც, იმიტომ, რომ დამკვეთს ამ დროს აქვს საჩუქარი გასაკეთებელი," - აღნიშნავს ნათია გოგუაძე.

სტარტაპერებისთვის ბიზნესის მენეჯმენტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ის ძალიან განსხვავდება დაქირავებულ სამსახურში დავალებების მიღება შესრულებისგან.

"საკუთარ ბიზნესში ყველა საკითხი, ყველა დეტალი, რომელშიც გამოცდილება არ გაქვს, მოითხოვს შენს ყურადღებას და არავინაა ისეთი, ვისაც ამ კონკრეტულ საქმეში შენზე უკეთ ეცოდინება, რა გააკეთოს. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რომ შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მთავარია დანაპირები შეასრულო და არც მარცხის გეშინოდეს.

ჩვენი სტარტაპის პოპულარიზაციაში ძალიან დაგვეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობა," - განმარტავს მარიკა წიკლაური. "ჯინის" გუნდი ფიქრობს, რომ მთავარია გულით გჯეროდეს წარმატების, შესაბამისად იმუშავებ ბევრს და ისიც აუცილებლად მოვა.

"ყოველთვის ბოლომდე მიყევით თქვენს იდეას, არ შეუშინდეთ იმას, რომ შეიძლება თავიდან არ გაიყიდოს თქვენი პროდუქტი. წარმატებაც ჯინს გავს და ის აუცილებლად მოვა. როგორც ჯინი ყოველთვის ამოდის თავისი ლამპარიდან და გისრულებს სურვილს, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი გეგონა, ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც ის, რომ ჯინი რეალურ სამყაროში არსებობდეს - არადა, აი, აქ ვართ და გვერწმუნეთ, ჯინი არ მოგცემთ ბანალურ რჩევას. რაც გითხარით, ყველაფერი საკუთარ ლამპარზე გამოგვიცდია," - ამბობს ნინო ბულალაური.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი