მაორის ცეკვა ქუთაისის რაგბის მოედანზე

მაორის ცეკვა ქუთაისის რაგბის მოედანზე

ესეც ჰაკა ქუთაისში! ამასაც მოვესწარ!

პირველი ჰაკა ქართულ მიწა წყალზე ქუთაისში შესრულდა. არა ბიჭოს! კი არ ვაცეკვეთ ჰაკა ქუთაისურ კოინდარზე?!

ქუთაისური მარგალიტები მოედნიდან, სადაც მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის თამაშით გაიხსნა. ქუთაისში სტადიონზე ყოფნა მაინც სულ სხვაა! ცალკე სპექტაკლია!

ძალიან შთამბეჭდავი პირველი თამაში იყო. ზელანდიელებმა, თამაშის დაწყებამდე, ტრადიციული ჰაკა შეასრულეს, ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგეს 41:20-ით მოიგეს.

ახალი ზელანდია ჩემპიონატის უპირობო ლიდერია და ამას მსოფლიოში რომ აღიარებენ, ცხადია, ქუთაისშიც კარგად იციან ეს ამბავი, ამიტომაც გადამეტებული ინტერესია მათ მიმართ.

ახალგაზრდა ზელანდიელ მორაგბესთან ფოტოს გადაღება ნიშნავს, რომ სამახსოვრო გაქვს მომავალ ვარსკვლავთან. ბუნებრივია, ამ შანს ხელიდან ქუთაისში არავინ უშვებს.

ზელანდიელ მორაგბეებს სად არ შეხვდებით. თეთრ ხიდზე, მობილურით ხელში "პიკასოს ბიჭის" მონუმენტთან თუ წყალტუბოს რესტორნებში. ისეთი უშუალოები არაინ, რომ სუპერმარკეტების გამყიდველები და ტაქსის მძღოლები უკვე სახელებით იცნობენ. ინტერესით ათვალიერებენ ქუთაისის ისტორიულ ქუჩებს, იღებენ უამრავ ფოტოს და ასე ჯგუფ-ჯგუფად მიემგზავრებიან წყალტუბოში. იტალიელებისგან, ირლანდიელებისგან და შოტლანდიელებისგან განსხვავებით მათ არ უწევთ ქუთაისში დარჩენა. ისინი უკვე ერთ კვირაზე მეტია წყალტუბოს ერთერთ სასტუმროში ცხოვრობენ. როგორც გავიგე, თაყვანისმცემლები და რაგბის გულშემატკივრები არც წყალტუბოში აკლიათ. სოციალური ქსელი მათი ფოტოებით აჭრელდა, "სელფის" გადაღებაზე უარს არავის ეუბნებიან.

2017 წელს რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში იმართება. ტურნირის ოფიციალური პარტნიორი თიბისი ბანკია. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია. საქართველოში თამაშებენ: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა.

"ბ" ჯგუფში ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია არიან. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ქუთაისში "აია არენაზე" იმართება.

ცოტა რამ ჩემპიონატის ისტორიიდან:

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ იმართება.

ტურნირი 2008 წელს დაარსდა და მასში თექვსმეტი გუნდი მონაწილეობდა. მოგვიანებით მათი რიცხვი 12-მდე შემცირდა, რამაც ჩემოიონატის დონე აამაღლა.

პირველ ტურნირს უელსმა უმასპინძლა და გამარჯვებული "ჯუნიორ ოლ ბლექსი" გახდა. მან ფინალში ინგლისი დაამარცხა. 2009 წელს, იაპონიაში პირველობა კვლავ ახალ ზელანდიელებს დარჩათ და ფინალში, ამჯერადაც ინგლისი დაამარცხეს. 2010 წელს ტურნირს არგენტინამ უმასპინძლა, ჩემპიონი კი, ისევ ახალი ზელანდია გახდა. 2011 წელს იტალიაში, ინგლისელები დაბრუნდნენ ფინალში, თუმცა იქ კვლავ "ჯუნიორ ოლ ბლექსი" ელოდათ და გამარჯვება ისევ ახალ ზელანდიას დარჩა. 2012 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა. ფინალში ერთმანეთს მასპინძლები და მოქმედი ჩემპიონები შეხვდნენ და გამარჯვება აფრიკელებს დარჩათ. 2013 წელს ტურნირს საფრანგეთმა უმასპინძლა და 20-წლამდელთა ჩემპიონატი პირველად მოიგო ევროპულმა გუნდმა - ინგლისმა. მომდევნო წელს ინგლისმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ეს ახალ ზელანდიაში მოახერხა. 2015 წელს "ჯუნიორ ოლ ბლექსმა" ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. იტალიაში ჩატარებული ჩემპიონატის ფინალში მან ინგლისი დაამარცხა.

2016 წლის მანჩესტერში 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სადებიუტო მატჩი ახალ ზელანდიასთან დათმეს, თუმცა მაინც მოიპოვეს წელს საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.

ამრიგად, აქამდე გამართულ 20-წლამდელთა 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 ინგლისმა და ერთი სამხრეთ აფრიკამ. ფინალში 4-ჯერ დამარცხდა ინგლისი (ოთხივეჯერ ახალ ზელანდიასთან).

ახალი ზელანდია ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება მსოფლიო რაგბიში. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ბრიტანელებმა ახალი ზელანდიელები საბოლოოდ შერაცხეს "დაუმარცხებლებად" - რადგან ისინი იგებენ ყველა თამაშს. აი, ასეთი ბიოგრაფიის და წარსულის მემკვიდრეები არიან დღეს ქუთაისში.

20 წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე მორაგბეები სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებშიც ჩაერთნენ.

მსგავსი პროექტები რაგბის სამყაროში ყველა მსოფლიოს ჩემპიონატის თანმდევი ნაწილია, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში მოთამაშეები, მწვრთნელები და გუნდის მენეჯერები აქტიურად ერთვებიან. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთი დიდი სიკეთეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით იღებს.

ქუთაისში ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასები გამართეს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები ბავშვები ქუთაისში სპეციალურად ჩამოვიდნენ ზელანდიელ სპორტსმენებთან შესახვედრად. მანამდე პატარა მორაგბეებს საშუალება ჰქონდათ ახალი ზელანდიელებისგან მასტერკლასები მიეღოთ. პატარები დაესწრნენ მათ ვარჯიშსაც.

შეხვედრა ქუთაისში ტორპედოს სტადიონზე გაიმართა. გუნდმა ბავშვებისთვის სიმღერაც შეასრულა. ბოლოს კი ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

რაგბის დღესასწაული კი გრძელდება, ქუთაისელები კიდევ ერთხელ "აია არენაზე" 18 ივნისს შევიკრიბებით, 20 წლამდელთა მსოფლიო თასის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი.

დათო ლიკლიკაძე სპეციალურად ქუთაისიდან

ფოტო: დათო შავგულიძე, თეონა ჭეიშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი