Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს

Hand4help - სტარტაპი, რომელიც მრავალფუნქციურ ხელის პროთეზებს აწარმოებს

პირველად ამიერკავკასიაში, ქართველმა სტუდენტებმა ხელის ფუნქციური პროთეზის წარმოება დაიწყეს. დაბალდანახარჯიანი, ფუნქციური ხელის პროთეზი, განკუთვნილია შშმ პირებისთვის, კერძოდ მათთვის, ვისაც ხელი ან არ აქვს განვითარებული ან ამპუტირებული აქვს.

კომპანია Hand4Help-მა, რომელიც ექვსმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დააფუძნა, 2016 წელს "სტარტაპ საქართველოში" მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. ინოვაციური სტარტაპის შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი დიღმელაშვილს ვესაუბრეთ.

"Hand4help-ის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ პატარა მარიამის შესახებ, რომელიც საჭიროებდა ხელის პროთეზს. სწორედ მარიამის შემთხვევამ გადაგვაწყვეტინა პირველი პროთეზის დამზადება. რაც უფრო დეტალურად გავეცანით დღეს ბაზარზე არსებულ ხელის პროთეზებს მით მეტი პრობლემა აღმოვაჩინეთ. აღმოჩნდა, რომ ხელის პროთეზების ფასი 5 000 -100 000 $-მდე მერყეობს, ასევე ბავშვებისთვის პროთეზები ფაქტობრივად არ მზადდება ან ის სატარებლად საკმაოდ მძიმეა. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ხანია ამ სფეროში სიახლე არავის შეუტანია. გადავწყვიტეთ, გადაგვეჭრა ეს პრობლემები და 3დ პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებით შევქმენით ხელის მრავალფუქნციური, რობოტული და რაც მთავარია, დაბალდანახარჯიანი პროთეზი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ბავშვების ჩათვლით" – ამბობს გიორგი.

Hand4help-ის პროდუქცია კონკურენტებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მაღალტექნოლოგიურია - პროთეზი მის მფლობელს სხვადასხვა ფუნქციებთან ერთად სმარტფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების აკრეფისა და გაგზავნის შესაძლებლობასაც აძლევს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ ხელის პროთეზი გაგვეხადა უფრო მაღალტექნოლოგიური. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რა ფუნქციის განხორციელება უნდა შეეძლოს მის პროთეზს, როგორი დიზაინის უნდა იყოს ის და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა სურვილს, მომხმარებლებს შეუძლიათ პროთეზით პიანინოზე დაკვრა, სმართფონზე მესიჯის აკრეფა, პრეზენტაციის ჩატარება და ა.შ.

Hand4help სოციალური მისიაც აქვს - ხელის პროთეზი გახადეს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

"ჩვენ დავაარსეთ Hand4help Community საქართველოში. ეს არის საზოგადოება, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება და მათ, ვისაც სხვისი დახმარების სუვრვილი აქვს .ეს იქნება იდეები, დიზაინი თუ უშუალოდ ხელის პროთეზის აწყობაში მონაწილეობის მიღება. Hand4help Community-ის ფარგლებში სრულიად უანგაროდ ვამზადებთ ხელის პროთეზებს, რომლებიც აღჭურვილია იმ მინიმალური ფუნქციებით, რაც საჭიროა ყოველდღიური მოხმარებისთვის", - ამბობს გიორგი დიღმელაშვილი.

სტარტაპის დამფუძნებლები პროდუქტის განვითარებაზე მუდმივად მუშაობენ და უახლოეს მომავალში ხელის პროთეზისთვის სხვა ფუნქციების დამატებასაც აანონსებენ. #სტარტაპერი #გვეამაყები ეკა გადახაბაძე AMBEBI.GE

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის