წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო

წარმატებული ბიზნესი, რომელიც 31 წლის ქართველმა ვებდიზაინერმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო

"ველოსიპედით მოგზაურობა ბედნიერებაა", - ამბობს 31 წლის პროფესიით ვებდიზაინერი ბექა ირემაშვილი, რომელიც საქართველოში სამოგზაურო, სათავგადასავლო და ექსტრემალურ ველოტურებს აწყობს.

"2007 წელს, როცა სამსახურიდან გამათავისუფლეს, გადავწვიტე აღარ ვყოფილიყავი ვინმეზე დამოკიდებული და საკუთარი თავისთვის თავად შემექმნა სამუშაო ადგილი. ბიზნესის იდეაზე დავიწყე ფიქრი. ყოველთვის მომწონდა ტურიზმის სფერო, ასევე, მომწონდა ველოსიპედი, თავგადასავლები და ექსტრიმი. ამ ყველაფერმა განაპირობა იდეის დაბადება საქართველოში ველოტურიზმის განვითარების და ბიზნესად ჩამოყალიბების შესახებ, რისი განხორციელებაც ფინანსების არქონის გამო 5 წლის შემდეგ შევძელი," - ამბობს ბექა ირემაშვილი.

რა სახის ველოტურებს სთავაზობთ მსურველებს?

Georgian Extreme Ways მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამოგზაურო, სათავგადასავლო და ექსტრემალურ ველოტურებს. გვაქვს როგორც რთული, ასევე, საშუალო და მარტივი სირთულის ტურები. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს, არჩევანი მისთვის სასურველ ტურზე გააკეთოს.

რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადამიანისთვის და როგორია მასში ველოსიპედის როლი?

ჯანსაღი ცხოვრების წესი გეხმარება, იყო მხნედ, ჯანმრთელი და ამავდროულად უფრო ორგანიზებული. ამ ყველაფერთან ერთად ველოსიპედით მოგზაურობა ბედნიერებაა. ველოსიპედი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, გარემოსა და ადამიანებზე მავნედ არ ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობაა.

რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

ჩვენთვის მთავარ სირთულეს ბაზრის სიმცირე წარმოადგენს. ამ ეტაპზე ქართველ მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული, რაც დროებითია. ძალიან მალე ჩვენს მომსახურებას უცხოელ ტურისტებსაც შევთავაზებთ, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ასევე, სირთულეს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის არარსებობა. მთაში საშუალო და დიდი დისტანციის ველობილიკები არაა, ამიტომ არსებულ პირობებში ბუნებრივად შექმნილი ბილიკების მოძიება გვიწევს.

რამდენად მარტივად მოიპოვეთ პოპულარობა და წარმატება? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

პოპულარობის და წარმატების მოპოვება ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა. დღევანდელი შედეგი შრომის, ენთუზიაზმის, საქმისადმი სიყვარულის დამსახურებაა, მაგრამ ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული ფინანსებზეც. საქართველოში ეს სფერო ახლა იკიდებს ფეხს, ამიტომ აუცილებელი იყო, სერვისის შესახებ ყველაფერი დეტალურად აგვეხსნა მომხმარებლისთვის. ამისთვის ბევრი მარკეტინგული სვლის განხორციელება მოგვიწია. დღესაც ბევრისთვის გვიწევს ახსნა, რომ ეს შეჯიბრი კი არა, არამედ - ველოტურიზმია.

"თიბისი" ბანკისა და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ ბიზნეს დაჯილდოებაში "წლის ტურისტული ბიზნესის" კატეგორიაში მონაწილეობთ. როგორია თქვენი მოლოდინი? რას შეცვლის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება კომპანიის საქმიანობაში?

ბიზნესდაჯილდოების შესახებ ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია და დავრეგისტრირდი. დიდი წარმატების მოლოდინი მაქვს. გამარჯვების შემთხვევაში მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი გამიორმაგდება. ეს კი საბოლოოდ როგორც ჩემს ბიზნესს, ისე საქართველოში ველოტურიზმის განვითარებას წაადგება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ყოველთვის განვითარების და გაფართოვებისკენ ვისწრაფი. შესაბამისად, გეგმები დიდია. ვცდილობთ, რომ სულ ცოტა, ახალი და უფრო საინტერესო მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე, გვაქვს სურვილი, რომ ასორტიმენტი გავაფართოვოთ.

ნანიკო მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი