„შერვუდი” - საგანმანათლებლო ბანაკი, სადაც სწავლა და გართობა იდეალურადაა კომბინირებული

„შერვუდი” - საგანმანათლებლო ბანაკი, სადაც სწავლა და გართობა იდეალურადაა კომბინირებული

იყო შერვუდელი, ნიშნავს: ჩაება ისეთ განსხვავებულ აქტივობებში, როგორიცაა მშვილდოსნობა და იგრძნო თავი რობინ ჰუდად ან კომიქსების გმირად, იცეკვო Break dance-ი საუკეთესო ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელობით, ითამაშო საინტერესო თამაშები, გახდე ქველმოქმედი, იყო ბუნებისდამცველი, გქონდეს კრეატიული და ინტელექტუალური საღამოები, გამოავლინო შენი ნიჭი, შეიძინო ახალი მეგობრები, ისწავლო ან გაიუმჯობესო ინგლისური და მიიღო ამ ყველაფრის დამადასტურებელი სერტიფიკატები - ასეთია საგანამანათლებლო ბანაკი „შერვუდი”, რომელიც საერთაშორისო დონის ბანაკებს აწყობს საქართველოში და ახლო მომავალში საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურად აპირებს თავის დამკვიდრებას.

კომპანიას 2 დამფუძნებელი ჰყავს. იდეაც საერთოა. მარი მდივანი ბევრს მოგზაურობს და ევროპისა და ამერიკის საზაფხულო სკოლებში უკვე 6 წელზე მეტია, მოზარდები დაჰყავს. იანა საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს განათლების მენეჯმენტის კუთხით. ამ ორი გამოცდილების - საერთაშორისო ბანაკებისა და სწორი მენეჯმენტის გაერთიანებით, მეგობრებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ბრიტანული სტანდარტის, თუმცა ქართველ მოზარდებზე მორგებული ინგლისურენოვანი ბანაკი, სადაც ბავშვებს ინგლისურის სწავლის გარდა, განსხვავებულ და საინტერესო ამბებს შესთავაზებდნენ. ბანაკის შესახებ დეტალურად მის ერთ-ერთ დამფუძნებელს მარი მდივანს ვესაუბრეთ.

მომიყევით „შერვუდის” ბანაკების შესახებ, ვის შეუძლია მონაწილეობა და რას სწავლობენ ბავშვები ბანაკებში?

„შერვუდი“ საგანმანათლებლო ბანაკია. უფრო ზუსტად კი საუკეთესო საგანმანათლებლო ბანაკი საქართველოში. ეს არის გართობა, დასვენება და სწავლება ერთ სივრცეში და აქ მოხვედრა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 8 წელი და ჯერ არ არის 18 წლის. ჩვენი მოსწავლეების განთავსებისთვის შერჩეული გვაქვს კომფორტული და უსაფრთხო სასტუმრო, სადაც ისინი იკვებებიან ჯანსაღად და ნოყიერად დღეში სამჯერ. აქვთ ნათელი და კომფორტული ოთახები, სარგებლობენ დახურული საცურაო აუზით და გასართობი ოთახებით: თამაშობენ ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს. რაც მთავარია, სასტუმროში დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები.

ბანაკის სტრუქტურა ასეთია: მოსწავლეებს უტარდებათ ინტენსიური ინგლისური ენის გაკვეთილები, რომლებსაც ატარებენ კემბრიჯის კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები. გაკვეთილების შემდეგ კი აქვთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები: მშვილდოსნობა, ცურვა, Break dance-ის გაკვეთილები, მხიარული სტარტები და სხვა. ყოველ ნაკადში გვყავს განსხვავებული სტუმრები საინტერესო და აქტუალური თემებით, მოსწავლეები მათთან ერთად გამოიმუშავებენ ლიდერის უნარ-ჩვევებს და გუნდური მუშაობის პრინციპებს.

ყოველ ნაკადზე ბავშვებს სიახლეებს ვთავაზობთ, გამუდმებით ვაახლებთ პროგრამას და ვეძებთ ახალ და საინტერესო აქტივობებსა თუ სტუმრებს.

სწორედ ეს აქტივობები და გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კემბრიჯის კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებით და გამოცდილი ჯგუფის ლიდერებით, არის საფუძველი იმისა, რომ „შერვუდი” დღეს ლიდერია ბანაკებს შორის საგანმანათლებლო ბაზარზე.

ზოგადად, საგანმანათლებო ბანაკი რამდენად არის ცოდნის მიღების რეალური შესაძლებლობა?

საგანმანათლებლო ბანაკი საუკეთესო არჩევანია როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, რადგან გართობასთან ერთად ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლობას, სწავლობს გუნდურობას, გამოიმუშავებს ლიდერის უნარჩვევებს და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად სწავლობს ინგლისურს. სასწავლო პროგრამა განსხვავდება სასკოლო პროგრამისგან და აქცენტი კეთდება აქტუალურ და ასაკისთვის შესაბამის თემებზე. სასწავლო პროცესი არის ძალიან სახალისო, საინტერესო და არადამღლელი. შესაბამისად, ბანაკები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და ყოველწლიურად უფრო მეტი მშობელი აკეთებს არჩევანს საგანმანათლებლო ბანაკზე.

საქართველოში დაინტერესება რამდენად დიდია? რამდენად მარტივად მოიპოვეთ პოპულარობა და წარმატება?

„შერვუდში” მონაწილეების რიცხვი ყოველ ნაკადზე უფრო და უფრო იზრდება. არამარტო საქართველოდან, მეზობელი ქვეყნებიდანაც გვყავს შერვუდელები და სამომავლოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე ამჯერად „შერვუდი” ბაკურიანში იმართება. მოთხოვნიდან გამომდინარე ბანაკების დამატება ზღვისპირეთშიც იგეგმება.

სიმართლე გითხრათ, „შერვუდი” პირველივე ნაკადიდან გახდა პოპულარული. ბანაკის შექმნისას პირველი ნაკადისთვის გათვლა გვქონდა 35-40 ბავშვზე, თუმცა რაოდენობამ მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ეს კი ჩვენთვის საკმაოდ დიდი მოტივატორი იყო, რომ კიდევ რამდენიმე ნაკადი დაგვემატებინა და უფრო მეტი გვეშრომა. ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რომ ბავშვებისთვის ძალიან ხარისხიანი და განსხვავებული პროგრამა გაგვეკეთებინა. ხარისხზე ორიენტირებული ვიყავით თავიდანვე და ალბათ ერთ-ერთი, რამაც ხელი შეუწყო „შერვუდის” განვითარებას, სწორედ ეს იყო.

„შერვუდი” „ბიზნესდაჯილდოება 2017-ში” წლის ქართული პროდუქტისა და წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაშია წარდგენილი. რას შეცვლის თქვენთვის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკი” და „ჯეოსელი”მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მოტივაციის შექმნაზე ზრუნავენ.„ბიზნესდაჯილდოება” გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგვიცნოს საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, მთავარი მონაწილეობაა. გამარჯვება კი იქნება ძალიან კარგი მოტივატორი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომოთ და საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკების მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გავხადოთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი სურვილია „შერვუდი” ლიდერი გახდეს საერთაშორისო ბაზარზეც, რაზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე „შერვუდს” მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო ბანაკებს შორის ვიხილავთ. ასევე, იგეგმება საქართველოში კიდევ ერთი ლოკაციის დამატება, რომელიც, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში იქნება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი